ავტორი:

"კლინიკაში შემოსვლის დროს იყო კონტაქტური" - რას ამბობს ექიმი ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობაზე?

"კლინიკაში შემოსვლის დროს იყო კონტაქტური" - რას ამბობს ექიმი ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობაზე?

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 37 წლის ზვიად თავდგირიძე ბათუმის "მედცენტრში" დაახლოებით 1 საათის წინ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, მედეა ქაჯაიას განცხადებით, პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

"მამაკაცი შემოსვლის დროს იყო კონტაქტური, აღენიშნებოდა სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა, გულმ-მკერდის დახურული ტრავმა, ქვედა კიდურის მოტეხილობა. შემოსვლის მომენტში პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. მიმდინარეობს კვლევები და მოგვიანებით უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება", - განაცხადა მედეა ქაჯაიამ.

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი მამაკაცი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. შეგახსენებთ, რომ 37 წლის ზვიად თავდგირიძე სახლში მარტო იმყოფებოდა.

მამაკაცს რამდენიმე საათის განმავლობაში ეკონტაქტებოდნენ მაშველები და მასთან მიახლოებას რამდენიმე ადგილიდან ცდილობდნენ. თავდგირიძე მაშველებს ნანგრევებიდან ეუბნებოდა, რომ ის თავს შეუძლოდ არ გრძნობდა, თუმცა ფეხი ჰქონდა დაზიანებული.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. 10 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ.