ავტორი:

"ნანგრევებში აჭარის ჯანდაცვის ექსმინისტრის შვილიშვილიც არის მოყოლილი, დარეკა იქიდან" - რა ახალ დეტალებს ჰყვება ბათუმის ტრაგედიაზე ადგილობრივი?

"ნანგრევებში აჭარის ჯანდაცვის ექსმინისტრის შვილიშვილიც არის მოყოლილი, დარეკა იქიდან" - რა ახალ დეტალებს ჰყვება ბათუმის ტრაგედიაზე ადგილობრივი?

დღეს მთელი ქვეყნის ყურადღება ბათუმისკენ არის მიმართული, სადაც კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორის ორი ბავშვი, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კორპუსის ჩამონგრევის გამო, შემთხვევის ადგილზე, აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება მოხდა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც რამდენიმე ასეული მაშველი მონაწილეობს, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრიც. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ქალი ამოიყვანეს. ქალი ცოცხალია და მან ნანგრევების ქვეშ 9 საათი გაატარა. აღნიშნული ქალბატონი ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა, რომლის შესახებაც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნანგრევებიდან მისი ხმა ისმოდა. ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

ტრაგედიის დეტალებზე დიანა კახიძე გვიყვება, რომელიც იმავე კორპუსის მკვიდრია:

- პირველ სადარბაზოში ვცხოვრობ, ოღონდ, მემედ აბაშიძის ქუჩის მხრიდან. აღნიშნული კორპუსი კუთხური ბინაა და სამ ქუჩას აერთიანებს - 26 მაისის, აბაშიძისა და კლდიაშვილის. კორპუსის ჩამონგრევის დროს, შინ არ ვიყავი, დამირეკეს. მთელი სადარბაზო არ ჩამონგრეულა, სადარბაზოს ნახევარი მხოლოდ. სამოთახიანების მხარე გადარჩა. მიზეზი ზუსტად არავინ იცის. სავარაუდოდ, 10-დან 15 კაცია მოყოლილი ნანგრევებში.

საშინელი ტრაგედია დატრიალდა, ვარაუდობენ, რომ ნგრევა ძირითადი კედლის მონგრევამ, ან საძირკვლის გამოღებამ გამოიწვია. გაზის აფეთქება დილითვე გამოირიცხა, ვინაიდან ამავე ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობდა და ბუნებრივი აირი დილიდან გამორთული იყო. ჩამონგრეული სადარბაზოს სარდაფში რაღაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ხმებიც ისმოდა და როგორც ვიცით, მუშებიც მოჰყვნენ ნანგრევებში.

რას აკეთებდნენ, ზუსტად არ ვიცით. როგორც მეზობლები ამბობენ, დღეს სარდაფში მასალები ჩაუტანიათ და რაღაცას სამუშაოებს ასრულებდნენ. თვითმხილველი ვინც იყო, ტაქსის მძღოლი (ვიდეოში რომ ჩანს), მან თქვა, დავინახე, რაღაც მასალები შეჰქონდათ, მაგრამ რას აშენებდნენ, არ ვიციო. ბათუმში ეს დიდი პრობლემაა, ყველა სარდაფი გამოთხრილია და ათვისებული. ჯერჯერობით ერთი ადამიანია გამოყვანილი - ახალგაზრდა ქალბატონი, მის შვილებზე ამბობენ, რომ მათი ხმა ისიმის და გადარჩენილები არიან.

ჯერ არ იციან, ქალს რა დაზიანებები აქვს. ერთი ჩემი მეგობრის მამაა მოყოლილი, ასევე, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის აკაკი ბერიძის შვილიშვილი ზვიად თავდგირიძეც. მისი ცოლ-შვილი ბეწვზე გადარჩა, სასეირნოდ გავიდნენ დილით და ეს ტრაგედიაც დატრიალდა. ტელევიზიით აცხადებენ, რომ შენობა ხუთსართულიანი იყო და 2 სართული დააშენესო.

ასე არაა, 6 სართულიანი იყო და ერთი სართული დააშენეს. ვფიქრობთ, პროვოცირება კორპუსის საძირკვლის გამოთხრამ მოახდინა, ვიდრე დაშენებამ. რამდენიმე წლის წინ საძირკვლის გამოღების უფლებას საერთოდ არ აძლევდნენ, ახლა კი ყველა მის ნებაზეა და რასაც უნდა, იმას აკეთებს. შენიშნავდით, რომ სარდაფებში ჩვეულებრივი ოთახებია გაკეთებული. საშინელება მოხდა, მაგრამ იმედია, ყველა გადარჩება. ერთი ადამიანი, ზვიად თავდგირიძე საერთოდ, კონტაქტზე გამოვიდა და დარეკა კიდეც, ფეხი მაქვს ნანგრევებში მოყოლილიო.