ავტორი:

"ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი... მძიმე სიტუაციაა ნამდვილად" - შს მინისტრის პირველი კომენტარი ბათუმიდან

"ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი... მძიმე სიტუაციაა ნამდვილად" - შს მინისტრის პირველი კომენტარი ბათუმიდან

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

"რაც მოხდა ყველამ ვნახეთ, მძიმე სიტუაციაა ნამდვილად. რამდენიმესადარბაზოიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. გამოძიება დავიწყეთ. დავადგენთ, ნგრევა რამ გამოიწვია. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული. ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოქცეული. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, რომელიც ცოცხალია და ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ვერ გვიხსნიან ჯერ სად არიან“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, თუ დადგინდება, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

"იყო რამდენიმე ვერსია. მათ შორის განიხილებოდა გაზის აფეთქების ვერსია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კორპუსის ქვემოთ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები. მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება იყოს საყრდენი კედლის გამოცლა მიზეზი, თუმცა ამას წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიება მიმდინარეობს. თუ დადგინდება, რომ მიზეზი ესაა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში მიეცემიან ეს ადამიანები. 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის საქმე აღძრული“, - განაცხადა გომელაურმა.