ექიმის ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ არასრულწლოვანს სხეულზე ზედაპირული დაზიანებები და ქვედა კიდურის ტრავმა აქვს, თუმცა გონება არ დაუკარგავს და კონტაქტურია. ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს ამ ეტაპზე, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში კვლევები უტარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ კლინიკის დირექტორმა თამარ ბახტაძემ განუცხადა, არასრულწლოვანს ზედაპირული დაზიანებების გარდა, ქვედა კიდურის დაზიანებაც აქვს.
"არასრულწლოვანს, ამ ეტაპზე, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში კვლევები უტარდება. მას ქვედა კიდური აქვს დაზიანებული. ასევე, აქვს ზედაპირული დაზიანებები მთელს სხეულზე. მას გონება არ აქვს დაკარგული და კონტაქტურია. კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი,“- განაცხადა თამარ ბახტაძემ.
მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალში, ჯერჯერობით, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევისას დაშავებული მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი იმყოფება.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან ორი არასრულწლოვანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ახალშობილია.