ავტორი:

ონკოლოგიური დაავადების მქონე 8 წლის ბიჭმა კოვიდ 19 დაამარცხა

ონკოლოგიური დაავადების მქონე 8 წლის ბიჭმა კოვიდ 19 დაამარცხა

ოთარი 8 წლისაა და მეორე წელია, მისი ცხოვრება არასტანდარტულად მიდის. გასულ წელს ბავშვს ქვედა ყბის კარცინომა აღმოაჩნდა და მას შემდეგ პერიოდულად ქიმიოთერაპიის კურსს იტარებს. თბილისის ერთ–ერთ კლინიკაში 3 აგვისტოს დაწყებული ქიმიოთერაპიის კურსი მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. 2 დღეში ოთარის კლინიკური და ლაბორატორიული მდგომარეობა გაუარესდა და მალევე კოვიდ 19-იც დაუდასტურდა. ბავშვი დედასთან ერთად ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 20 დღის გატარება მოუხდა.

„მთელი ეს პერიოდი ბავშვთან ერთად მეც ციციშვილის კლინიკაში ვიყავი. შესვლიდან მესამე დღეს უკვე მეც დამიდასტურდა ინფექცია. თავად ვირუსი ოთარმა საკმაოდ მარტივად გადაიტანა. პირველი სიმპტომი მაღალი ტემპერატურა და უმნიშვნელო ხველება იყო, თუმცა მისი ონკოლოგიური დაავადებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებოდა. ეს იყო აპლაზიის პერიოდი, როდესაც ლეიკოპენია და ანალიზების ვარდნა ხდება. ვირუსი გართულების დიდ რისკს ქმნიდა”. – იხსენებს ბავშვის დედა.

ოთარის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა, რაც მისთვის ემოციურად რთული გადასატანი აღმოჩნდა. ციციშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, მეგი გეორბელიძე აღნიშნავს, რომ მათი მთავარი გამოწვევა ოთართან დამეგობრება და მისი განწყობის გაუმჯობესება იყო. განწყობას კი კოვიდ 19–თან ბრძოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„ოთარს ქიმიოთერაპიის კურსის შეჩერება მოუხდა. ჩვენს კლინიკაში გადმოსვლისას მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. კლინიკურადაც და ემოციურადაც მძიმე მდგომარეობა გვქონდა. ლაბორატორიული სურათი ცუდი იყო. ქიმიოთერაპიის შემდგომ ჩვეულ სირთულეებს ვირუსი ამძიმებდა. ფილტვებზე დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა ჟანგბადი სჭირდებოდა. ჩავუტარეთ ანტიბაქტერიული თერაპია, სისხლის გადასხმაც დაგვჭირდა. ოთარის ემოციური ფონის გაუმჯობესება ყველაზე რთული იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ და მასთან დავმეგობრდით. ეს ვირუსის დამარცხებაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარა,“ – განმარტავს მეგი გეორბელიძე.

ოთარი თითქმის სამი კვირაა, კოვიდ 19–სგან გამოჯანმრთელდა და ი. ციციშვილის კლინიკიდან სახლში გაეწერა, თუმცა მას ამჟამადაც კლინიკაში უწევს ყოფნა ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად. ექიმების დახმარებით ოთარი ონკოლოგიურ დაავადებასაც დაამარცხებს და ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებს.