ავტორი:

"პოლიციელებმა თქვეს, ელგუჯა ცომაიასთან იარაღს ველოდებოდით, შევედით და აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილიო" - ადვოკატი

"პოლიციელებმა თქვეს, ელგუჯა ცომაიასთან იარაღს ველოდებოდით, შევედით და აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილიო" - ადვოკატი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ხელისუფლებას არ ჰქონდა ინფორმაცია ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის შესახებ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ვიდეოების შემდეგ გაიგო „ქართულმა ოცნებამ,“ რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა.

როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, იმ პირის სახლში, სადაც სააკაშვილი აიყვანეს, სამართალდამცავები იარაღს ეძებდნენ.

ბექა ბასილაიას ინფორმაციითვე, ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ გამოძიება იარაღის უკანონო ფლობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დღის 15:00 საათზე დაიწყო, თუმცა ცომაიას იარაღი უკანონოდ არ ჰქონია.

"ამ წუთისთვის არსებობს ორი საქმე: ერთი საქმე არის დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, როდესაც ადამიანები მისცეს პასუხისგებაში და მეორე - საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ის რომ, ღარიბაშვილი და მთელი „ქართული ოცნება“ იტყუებოდა, თითქოს ჩვენ რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, ეს არის „ბლეფი“ და საქმის მასალებითაც დასტურდება, კერძოდ ცომაიას საქმის მასალებით: პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე დააკავეს ბატონი ცომაიაა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება პირველ ოქტომბერს შუადღის სამ საათზე დაიწყო. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ვიდეოები გავრცელდა, გამოძიება აქვთ დაწყებული. მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაიგეს, რომ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდა. ცომაიას წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია არა დანაშაულის დაფარვით ან საზღვრის უკანონო კვეთით, იარაღის უკანონო ფლობის გამო დაიწყეს გამოძიება - არავითარი იარაღი უკანონოდ, ცომაიას არ ჰქონია.

პოლიციელების ჩვენებაში ერთადერთი რაც დევს, გვაქვს ოპერატიული ინფორმაცია, ელგუჯა ცომაიას თან უნდა ჰქონდეს იარაღიო. შემდეგ, ჩვენ ვინც შეგვატყობინა, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, გვითხრა, რომ ელგუჯა ცომაიასთან შევედით ჩხრეკით, იარაღს ველოდებოდით და აღმოჩდა მიხეილ სააკაშვილიო. რა წინასწარ იცოდნენ?! - ეს არის ტყუილი“, - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა.