ჩააბაროს სააკაშვილმა ნარკოტესტი, ძალიან კარგი იქნება, ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს, ნებისმიერ ჩვენგანს არანაირი ტესტის ჩაბარება არ გვიჭირს, ჩავაბარეთ და კიდევ ჩავაბარებთ თუ საჭიროა, მათ შორის, ღარიბაშვილიც, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, რომ ნარკოტესტს ჩააბარებს თუ ამას ირაკლი ღარიბაშვილიც გააკეთებს.
ვოლსკის თქმით, სააკაშვილი ან ნარკოდამოკიდებულია, ან ფსიქოტროპულ მედიკამენტზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი.
„მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს თვითონ გაუკეთა დისკრედიტაცია, ის არის ნარკოდამოკიდებული, ფსიქოტროპულზე დამოკიდებული ან არაადეკვატური ფსიქოტიპი, რომელმაც თავი გაუტოლა ჯორჯ ვაშინგტონს, ეს მე არ მომიგონია, თვითონ თქვა, რომ მას მეტი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ვიდრე დავით აღმაშენებელს, ესეც თვითონ თქვა, რომ რეგიონალური ლიდერია, რომ აქვს დამსახურება იმაში, რომ საქართველოს სახელმწიფო დააფუძნა და უფრო მეტიც, საქართველოში კულტურა შემოიტანა, სადაც ულვაშიანი ხალხი დადიოდა და დღეს საქართველო ასე განვითარებულია მის ხელში, ეს მას აქვს ნათქვამი და არა პრემიერ-მინისტრს,"- განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება სააკაშვილის რევოლუციურ გეგმებს, „ნაციონალური მოძრაობის“ და თავად სააკაშვილის ქმედებები სწორედ ამაზე მეტყველებს და დესტაბილიზაციის ნიშნები დიდი ხნით ადრე შეინიშნებოდა.
"განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, თუნდაც სააკაშვილის მხრიდან, დამოკიდებულება არჩევნების მიმართ და დესტაბილიზაციის სტრატეგია, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა არც ერთ შეკითხვას არ აჩენს, რომ ეს იყო მთავარი ამოცანა. გახსოვთ ეკლესიაზე შეტევა, შარლ მიშელის დოკუმენტის მიმართ დამოკიდებულება და ბევრი სხვა დეტალი, რომელიც შეიძლება გავაერთიანოთ სათაურში - სტრატეგია თუ როგორ მოახდინონ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ამის დამაგვირგვინებელი აქტი უნდა ყოფილიყო სააკაშვილის გამოჩენა საქართველოში, მას მერე რაც არჩევნების მერე ეგზიტპოლები გამოაცხადებდნენ "ნაცმოძრაობის" გამარჯვებას. "ნაცმოძრაობის" გამარჯვება გამოცხადდა, მაგრამ სააკაშვილი ვეღარ ჩაუდგა რევოლუციურ პროცესს, რომელსაც გეგმავდა,"- განაცხადა ვოლსკიმ.