ავტორი:

როგორ გავუმკლავდეთ პოსტკოვიდურ გართულებებს - შესაძლებელია თუ არა ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის რეაბილიტაცია საქართველოში

როგორ გავუმკლავდეთ პოსტკოვიდურ გართულებებს - შესაძლებელია თუ არა ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის რეაბილიტაცია საქართველოში

დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, შრომისუნარიანობის, გუნება-განწყობის, მეხსიერების, კონცენტრაციის დაქვეითება, ძილის, ყნოსვის, გემოს დაკარგვა, გულის აჩქარება, სუნთვის უკმარისობა, კუნთების და სახსრების ტკივილი, დეპრესია, ოფლიანობა - ამ და კიდევ არაერთ მძიმე თუ მსუბუქ სიმპტომს კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილი თვითიზოლაციის დასრულების მერეც კარგა ხანს უჩივის.

ეს ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომის ნიშნების მცირე ჩამონათვალია. "გახანგრძლივებული კოვიდი“ შესაძლებელია მასაც განუვითარდეს, ვისაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა. აღნიშნული სიმპტომები ზოგჯერ რამდენიმე თვეც გრძელდება, შემდეგ ნელ-ნელა ქრება, მაგრამ, შეიძლება, სერიოზული გართულებაც გამოიწვიოს.

როგორც ექიმები ამბობენ, "გახანგრძლივებული კოვიდი“ რაიმე უცნაურობას არ ნიშნავს - ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ვირუსთან ბრძოლის გამო არეულია და ცდილობს, ბალანსი აღიდგინოს.

უბრალოდ, ასეთი პაციენტები შემდგომ მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებენ. საქართველოში სარეაბილიტაციო კლინიკები ძალიან მცირეა, რაც არის, მათი უმრავლესობა ძირითადად კოვიდპაციენტების მკურნალობითაა დატვირთული.

საერთოდ რა მდგომარეობაა საქართველოში სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს კოვიდგადატანილი პაციენტების შემდგომი რეაბილიტაცია და როგორ გადიან ასეთი პაციენტები ამ კურსს.

ვახტანგ კალოიანი, ექიმი:

"პოსტკოვიდური პაციენტების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ. ერთი, როცა პოსტკოვიდურ რეაბილიტაციას (არც თუ იშვიათად) ჰოსპიტალში საჭიროებენ, მერე - ჰოსპიტლის გარეთ, საკურორტო რეაბილიტაცია და ასევე პერსონალური, ფსიქოლოგიური...

საქართველოში, ძირითადად, თბილისში მცირე რაოდენობითაა რეაბილიტაციის ცენტრები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ისინი კოვიდზეა ორიენტირებული. კოვიდის შემდგომი რეაბილიტაცია მცირე რაოდენობით საკურორტო კომპონენტში ხდება...

ძალიან მნიშვნელოვანია, პოსტკოვიდური რეაბილიტაცია იყოს ორგანიზებული და ჰქონდეს სისტემური ხასიათი, ერთეული, თუნდაც ძალიან კარგი კლინიკები ამინდს ვერ შექმნიან. როცა ჯერ კიდევ ჰოსპიტალში პრობლემა გვაქვს, სამწუხაროდ, კვლავ მაღალია სიკვდილობა, გასაგებია, რომ რეაბილიტაცია ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა, თუმცა ამ თემაზე უკვე უნდა იფიქრონ. ეს დიდი სოციალური პრობლემა შეიძლება გახდეს. გროვდება პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ბოლომდე ვერ უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, ამიტომ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ დაწყებული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციიდან, ფიზიკური რეაბილიტაციით დამთავრებული.

- ვინაიდან ეს ყველაფერი სისტემურად არ გვაქვს, ამიტომ ადამიანები უმეტესად ოჯახის ექიმის იმედად არინ დარჩენილი...

- კი, ოჯახის ექიმის როლი დიდია ამ საქმეში, მაგრამ მიზნობრივ რეაბილიტაციას დადებითი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს კოვიდგადატანილ პაციენტებს ხელს უწყობს ფორმაში უსწრაფესად ჩადგნენ. მძიმედ გადატანილ კოვიდპაციენტებთან ინტენსიური რეაბილიტაციაა საჭირო. ფინანსური და ტექნიკური პრობლემების გამო, როგორც ვთქვი, ეს ჩვენთან ჯერჯერობით ჭირს. მაშინ, როცა კოვიდპაციენტებისთვის საწოლების პრობლემაა, რეაბილიტაციის მსურველთათვის ეს გამოწვევა დგას, ამიტომ ამ ეტაპზე არარეალურად მიმაჩნია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ამის სისტემური გადაწყვეტა შეძლოს, რადგან დიდ რესურსებთან და არაერთ ტექნიკურ საკითხთანაა დაკავშირებული.

- არც განუხილავთ ეს თემა?

- გარკვეული განხილვა იყო, საკურორტო რეაბილიტაციით რაღაც სეგმენტები დაფინანსდა, თუმცა საკითხის სისტემური გადაწყვეტა აღნიშნული მიზეზების გამო ვერ მოხდა. აქ ყველაზე ნაკლებად არის ჯანდაცვის სამინისტრო დღეს დამნაშავე. თუმცა ფსიქოლოგიური სამხახურების შექმნა ცენტრალიზებულად შესაძლებელია, რადგანაც ფიზიკურ რეაბილიტაციასთან ერთად, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც, როგორც აღვნიშნე, დიდი პრობლემაა.

ამ დაავადების შემდგომ მართვაში ოჯახის ექიმის როლი მართლაც მნიშვნელოვანია, რეალურად მთელი სიმძიმე მათზე გადადის და მათ საინფორმაციო თუ ტექნიკური მხარდაჭერა უნდა ჰქოდეთ. მაგრამ ეს საქართველოში არ ხდება, რადგანაც ღარიბი ქვეყანა ვართ და ამასთანავე, ეს ჩვევებიც ჯერ არ გვაქვს.

- წამყვან ქვეყნებში ამ კუთხით როგორაა საქმე?

- გერმანიაში, ამერიკაში და ბევრგან სისტემურად საკმაოდ კარგად არის გადაწყვეტილი, როგორც დაფინანსების კუთხით, ისე - ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით. როგორც სხვა დაავადებების შემდგომ რეაბილიტაცია, ისე კოვიდის შემდგომიც. ჩვენ, სამწუხაროდ, ამისგან, ჯერ ძალიან შორს ვართ".

კოვიდგადატანილი პაციენტები საქართველოს კურორტებზე, (ბორჯომი, საირმე, წყალტუბო) სამედიცინო დაწესებულებებში ახერხებენ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას.

ნანა გვიშიანი წყალტუბოს ცენტრალური პარკის ერთ-ერთი წყაროს კლინიკის მთავარი ექიმია.

მისი თქმით, კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის მათთან შემუშავებულია 7,14 და 21-დღიანი პროგრამები. გააჩნია, ვირუსი რა სიმძიმით გადაიტანეს. პაციენტები იქ კოვიდის დადასტურებიდან თვენახევარი-ორი თვის შემდეგ ხვდებიან, როცა შესაბამისი ანალიზები ნორმის ფარგლებშია. მათთან უმეტესად ის პაციენტები ხვდებიან, კოვიდის შემდგომ მდგომარეობა ძვალ-სახსროვანი სისტემების მხრივ რომ გაურთულდათ. მათი წყალი 34 გრადუსი ტემპერატურისაა და 6-კომპონენტიანია, რაც დადებით გავლენას ახდენს პაციენტებზე.

"იღებენ აბაზანებს, არის ვარჯიშები, სპეციალური ფიზკულტურა, აკვააერობიკის ტიპის ვარჯიშები. კეთდება მასაჟები, ფიზიოთერაპია, ტალახის პროცედურები. ეს ყველაფერი თითოეულს ჩვენების და ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით ენიშნებათ. აქ მკურნალობა საკუთარ თავზეც გამოვცადე. კოვიდგადატანილი პაციენტიც ვარ. საკმაოდ რთულად მქონდა და ხერხემლის პრობლემები წამოვიდა - ქრონიკული ოსტეოქონდროზი გამირთულდა, შემექმნა წელის სერიოზული პრობლემები.

წყალს სისხლის გამათხელებელი ეფექტიც აქვს. მოკლედ, ბუნებრივი წყალია საქმეში ჩართული და მისი ჯადოქრობა, რომელსაც ექიმები და სპეციალისტები მათვენ. ოღონდ, ვიმეორებ, თითოეულ ადამიანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ჩვენი პროგრამებიდან თითოეულს სპეციალურად უდგენენ მკურნალობის კურსს.

წყალს აქვს ასევე ჩვენება გულსისხლძარღვოვანი სისტემის, კანის, ნევროლოგიური, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდაც.

კოვიდი მოგეხსენებათ ფილტვებს აზიანებს. ამ მხრივ გართულებულ პაციენტებს ჩვენი რამდენიმე მღვიმე ემსახურება, 1-2 საათის განმავლობაში უნდა ისუნთქონ ამ კარსტული მღვიმეების ჰაერი.

ნინო სებისკვერაძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის ოჯახის ექიმი:

"კლინიკაში მოდიან კოვიდის შემდგომ სხვადასხვა გამწვავებული დაავადებით პაციენტები და არა კოვიდპაციენტები. ეს არის მხოლოდ კოვიდის შემდგომი რეაბლიტაციის და შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი. დახმარება კი ჩივილიდან გამომდინარე ეწევათ. თუმცა რეკომენდაციის მიხედვით, ჯანმრთელობის მონიტორინგი ვირუსის გადატანიდან, სამ თვეში ყველასთვის რეკომენდებულია. ეს არის ზოგადი რეკომენდაცია, თუმცა ზოგიერთ პაციენტს, გამოხატული ჩივილებიდან გამომდინარე, შეიძლება ექიმის დახმარება თვითიზოლაციის დამთავრებიდან რამდენიმე დღეშიც კი დასჭირდეს. ესეც დასაშვებია. იმ დაკვირვებების საფუძველზე, რაც ჯერჯერობით არსებობს, გამოხატული სიმპტომებია ძირითადად - საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ხშირად ძილის დარღვევა, უგუნებობა, მეხსიერების, კონცენტრაციის დაქვეითება, რაც მათ სამუშაო პროცესზე უარყოფითად აისახება. ყნოსვის და გემოს დაკარგვა - ეს უშუალოდ კოვიდის პროცესში იწყება და თვითიზოლაციის დასრულების მერე რამდენიმე თვეც შეიძლება გაგრძელდეს.

არის სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული ჩივილები, ჰაერის უკმარისობა, ხველა, გულის ფრიალი, ტკივილი გულმკერდის არეში. სისხლის შემადედებელი სისტემის ცვლილებები. ესეც კოვიდის მწვავე პერიოდში იწყება და მერეც გრძელდება. ამიტომ გარკვეული პერიოდულობით ანალიზების გადაკონტროლებაა საჭირო. არის საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული ჩივილები, დეარეა, ხდება საშარდე სისტემის დაზიანებებიც.

- ეს გართულებები ხდება უფრო ხშირად იმ პაციენტებში, რომლებიც რისკჯგუფებში შედიან?

- არა მხოლოდ. თუმცა ისინი ცხადია, მეტ ყურადღებას იმსახურებენ. რისკჯგუფებია - გულსისხლძარღვთა, რევმატოიდული, ენდოკრინული (შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა), ონკოლოგიური დაავადებები, თირკმლის უკმარისობა. ამ პაციენტებში გართულებები ხშირია. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მხოლოდ ესენი არ საჭიროებენ კოვიდის შემდგომ მონიტორინგს და ჯანმრთელობის კვლევას, რეკომენდებულია ისეთი პაციენტებისთვისაც, რომლებიც არ შედიან ამ ჯგუფში, არ აქვთ თანმდევი ქრონიკული დაავადებები. უნდა შეამოწმონ ჯანმრთელობის მდგომარეობა მათაც, ვისაც კოვიდის პერიოდში ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, მსუბუქად გადაიტანეს და შეიძლება, ამ ეტაპზე ჩივილებიც არ აქვთ. ამიტომ, ერთი, სამი, ექვსი თვის შემდეგ კვლევები აუცილებელია, თუმცა ექიმთან ვიზიტი ჩივილებიდან გამომდინარეც ხდება. თუ ადამიანი ცუდად არის, ერთი თვის გასვლას არ უნდა დაელოდოს".