5 თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში თითქმის ყველა უბნის მონაცემებია დათვლილი. მონაცემების დათვლის შედეგად, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
წინასწარი მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 2-ში - ქუთაისსა და ბათუმში პირველ ადგილზე ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები გავიდნენ. აღნიშნულ ხუთივე ქალაქში, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
კერძოდ, თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 767 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 44,97 %-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 33,98 %-ით. ხმების 9,35 % აქვს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას.
რუსთავში 88 უბნიდან 87უბანშია მონაცემები დათვლილი. 87 უბნის მონაცემებით, აღნიშნულ თვითმმართველ ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ 44,83 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით კირკიტაძემ კი 43,53 % მიიღო.
ქუთაისში 124 უბნიდან დათვლილია 123 უბნის მონაცემები. ამ ქალაქში ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,35 %-ით. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,49 %-ით.
ფოთში 33 უბნიდან დათვლილია ყველა უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 46,86 %-ით, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა 38,09 %-ით.
ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია ყველა უბნის მონაცემები. აღნიშნულ ქალაქში პირველ ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე 41, 97%-ით, მეორე ადგილზე კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 41,08 %-ით.
ვინაიდან, მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა პირველ ტურში ხმების 50 %-ზე მეტი ვერ მიიღო, 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.