ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს მუშაობის პროცესში, ამისთვის ბოდიში! - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურში და პატივი სცეს თბილისელების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან მიიღებენ.
„პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო თითოეულ თბილისელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანაგუნდელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან მუშაობდა და ჩართული იყო ამ საარჩევნო პროცესში. ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემს მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48%-იანი შედეგი.
ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატების მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთებთან მიიღებენ. შეიძლება მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას.
ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება დედაქალაქს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა კალაძემ.