ავტორი:

"5 ობიექტზეა მიღებული გადაწყვეტილება" - დაუსრულებელ შენობებს, მათ შორის მერიასთან მდებარე "ცენტრ პოინტის" რამდენიმე კორპუსს დაანგრევენ

"5 ობიექტზეა მიღებული გადაწყვეტილება" - დაუსრულებელ შენობებს, მათ შორის მერიასთან მდებარე "ცენტრ პოინტის" რამდენიმე კორპუსს დაანგრევენ

დედაქალაქში დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს კუთვნილი ფართები 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში გადაეცემათ.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განუცხადა.

როგორც ელოშვილი ამბობს, მომავალ წელს ბინებს 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს, ხოლო დანარჩენი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი გაგრძელდება.

„დედაქალაქის მერიის მოკვლევით, თბილისში ჯამში იყო 187 დაუსრულებელი მშენებლობა, სადაც ბინა 13 ათასამდე ოჯახს უნდა მიეღო. ჩვენ მოვახდინეთ ამ მშენებლობების კატეგორიზაცია. მათ შორის, ყველაზე დიდი მშენებლობები ჰქონდათ „ცენტრ პოინტს“, „სვეტს“, „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ და „აქსისს“. დაუსრულებელი მშენებლობების დაახლოებით 90% ამ კომპანიებზე მოდიოდა და ბინებით დასაკმაყოფილებელი ჰყავდათ 10 ათასამდე ოჯახი. შევქმენით სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, რომ გარკვეული შეღავათები მიეცა კომპანიებისთვის, რომლებიც ამ მშენებლობებს გააგრძელებდნენ. დაახლოებით, 30-მდე დადებითი დასკვნა გაიცა სხვადასხვა მშენებლობებზე და 8 ათასამდე ოჯახის პრობლემა მოგვარდა, ნაწილის მშენებლობები მიმდინარეობს, ნაწილზე ნებართვების გაცემის სტადიაში ვართ. ობიექტების ნაწილზე დაწყებულია დემონტაჟი, მშენებლობა ან ნებართვის გაცემის პროცედურა.

თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის, დაახლოებით, 5 ობიექტზეა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ ექვემდებარება მშენებლობის გაგრძელებას და დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის, მერიის გვერდით მდებარე „ცენტრ პოინტის“ ყოფილ შენობაზე, გარდა ამისა, ამავე კომპანიის კიდევ ორი შენობა უნდა დაინგრეს.

როგორც აღვნიშნე, ჯამში, მერიას იდენტიფიცირებული ჰყავდა დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული 13 ათასი ოჯახი; აქედან 8 ათასისთვის 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში ბინების მშენებლობა დასრულდება და ასევე დაიწყება დანარჩენების მშენებლობაც. გაუფორმდებათ კონტრაქტები, ექნებათ გაფორმებული ფართები და მოგვარდება ეს პრობლემა. 2022 წლის პირველ-მეორე კვარტალში ყველა ის სარემონტო სამუშაოები, რაც დაწყებულია, დასრულდება და 8 ათასამდე ოჯახი მიიღებს ბინას. ასევე, 6 ათას ოჯახამდე, ვინც ბინებს ასევე ელოდება, მათ პროექტებზეც დაიწყებენ კომპანიები მუშაობას. ამით მოგვარდება დაზარალებულების დაახლოებით, 90%-ის პრობლემა“, - განაცხადა ელოშვილმა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ილია ელოშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ნაწილს, მათი სურვილის შესაბამისად, შეეძლებათ ბინებზე უარის თქმის სანაცვლოდ გადახდილი თანხები დაუბრუნონ, ან კვადრატულობის მიხედვით, თანხების გადახდა გააგრძელონ; იმ ოჯახებს კი, ვისაც ფართების საფასური სრულად აქვთ გადახდილი, დამატებით რაიმე თანხის გადახდა არ მოუწევთ.

„დაზარალებულების ნაწილს, რომლებსაც არ აქვთ სრულად გადახდილი თანხები, დასჭირდებათ თანხის დამატება. ნაწილს კი, ვისაც აღარ აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ ადგილზე ფართი ჰქონდეს, თანხა მშენებელი კომპანიისგან დაუბრუნდება. ამ საკითხზე ინვესტორი დაზარალებულებთან ინდივიდუალურად იმუშავებს“, - განაცხადა ელოშვილმა.

თბილისის მერის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ საინვესტიციო კომპანიებისთვის, რომლებიც მშენებლობების დასრულების ვალდებულებას იღებენ, დედაქალაქის მერიას ერთიანი მიდგომა აქვს შემუშავებული, აძლევთ გარკვეულ გამონაკლისებს იმისთვის, რომ მათთვის ეს წინადადება კომერციულადაც მიმზიდველი იყოს.

„მათთვის არის ფინანსური, არქიტექტურული გამონაკლისები დაშვებული. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამონაკლისია K2-ის მატება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ პროექტებს ვერ აიღებდნენ“, - ამბობს ელოშვილი.