არავინ იცის სააკაშვილის თვითმფრინავი თბილისის, ქუთაისის აეროპორტში თუ სხვა რომელიმე ადგილას დაეშვება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალა 43%-ს ვერ აიღებს, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო განსაზღვრული, ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიან, საპროტესტო გამოსვლებს.
"დემოკრატია ვერ იმუშავებს ასე, რომ ყველაზე რეიტინგულ ფიგურას უთხრა "შენ არ ჩამოხვიდე საქართველოში, მე მოვიგებ ყველა არჩევნებს." ყველასთვის ცხადია, რომ სააკაშვილი არის პერსონიფიცირებული სიმბოლო საქართველოს ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში შეიქმნა არა იმის გამო, რომ სააკაშვილი ჩამოდის. მაგალითად ერთი წლის წინ, როდესაც არჩევნები იყო, მაშინ არ ყოფილა საქართველოში, ამან ხელი შეუშალა "ქართულ ოცნებას" გაეყალბებინა, პირდაპირ გადაეწერა ოქმები, ფეხქვეშ გაეთელა ქართველი ხალხის ნება?! როდესაც იყო საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ აქ არ ყოფილა სააკაშვილი, მაგრამ შეუშალა ამან ხელი "ქართულ ოცნებას," რომ ზიზღით სავსე პლაკატები და ბანერები გამოეფინა და ყოფილიყო ტერორის კამპანია?! - ეს დაუსრულებელი ამბავია, ჩვენ ნამდვილად ვერ ავყვებით, ქვეყანა არის გადასარჩენი.
არავინ არ იცის ეს თვითმფრინავი დაეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტში თუ კიდევ სხვა რომელიმე ადგილას. ამდენი ხალხი ახლა ვერ დაიწყებს სიარულს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი, "ქართული ოცნება" დამარცხდა და ყველა ინდიკაცია დღეს სახეზეა, რომ "ქართული ოცნება" მარცხდება, ვერ აგროვებს არა თუ 43%, 35%-საც კი, ამის შემდეგ ყველგან დაიწყება მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.