ავტორი:

„ონკოლოგიური დაავადება განაჩენი აღარ არის“ – უიშვიათესი ტიპის სიმსივნისგან განკურნებული  20 წლის ბიჭის ისტორია

„ონკოლოგიური დაავადება განაჩენი აღარ არის“ – უიშვიათესი ტიპის სიმსივნისგან განკურნებული  20 წლის ბიჭის ისტორია

„ყველაფერი 1 წლის წინ დაიწყო. ანალიზები ჩაიტარა და თავში 2 სიმსივნური კვანძი აღმოაჩნდა. გახსენებაც არ მინდა, რა ფიქრები და აზრები მომდიოდა თავში...“ – იხსენებს 20 წლის ბიჭის დედა, რომლის შვილსაც უიშვიათესი ტიპის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საზღვარგარეთ მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. საქართველოში დაბრუნებულმა ოჯახმა შვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში მიიყვანა და მკურნალობა განაგრძო.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ახალგაზრდა პაციენტის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. მისი და გარშემომყოფების ერთადერთი მიზანი ონკოლოგიურ დაავადებაზე გამარჯვება გახდა. ბრძოლის ამ პროცესში მათ უამრავი იმედგაცრუება გამოსცადეს, თუმცა მიზნის მიღწევა ონკოლოგიის ცენტრის ექიმების ერთობლივი ძალისხმევით შეძლეს.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ საქმე რთულ შემთხვევასთან გვქონდა. დასაკარგი დრო არ იყო, ამიტომ პაციენტის შემოსვლიდან მალევე შევიკრიბეთ ყველა ექიმი, რომელსაც მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება შეეძლო და ერთობლივი ბრძოლა დავიწყეთ. პასუხისმგებლობა ძალიან დიდი გახლდათ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. საბედნიეროდ, მკურნალობის შერჩეულმა მეთოდმა საუკეთესო შედეგამდე მიგვიყვანა და დღეს ბიჭი სრულად გამოჯანმრთელებულია,“ – განმარტავს კავკასიის მედიცინის ცენტრის კლინიკური ონკოლოგი, ლიკა კაცელაშვილი.

საქართველოში გამოჯანმრთელების დასკვნის გაკეთების შემდეგ, განმეორებითი კვლევები თურქეთში ჩატარდა. დამატებითი პროცედურების ჩატარება საზღვარგარეთ აღარ იყო საჭირო.

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ივანე კილაძე განმარტავს, ამ შემთხვევის მსგავსად, თითოეული ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის პროცესში სამედიცინო ექსპერტთა საბჭო, იგივე კლინიკური ბორდია ჩართული. ბორდი სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებითაა დაკომლექტებული და მასში ერთიანდებიან როგორც ქართველი, ისე - უცხოელი ექიმები.

„დღეს საქართველოში არსებობს კლინიკები, სადაც ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა მაღალ დონეზე ხდება და ამისთვის საზღვარგარეთ წასვლა აღარ არის საჭირო. მოსაზრება, რომ საზღვარგარეთ მკურნალობა უფრო ეფექტიანია, 1990–იანი წლებიდან მოდის, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მართლაც არ არსებობდა შესაბამისი სერვისი. დღეს კი პაციენტებს ზუსტად ისეთი ხარისხით ვმკურნალობთ, როგორც – დასავლეთის წამყვან კლინიკებში. ზოგადად, დღეს ონკოლოგიური დაავადება განაჩენი აღარ არის. კავკასიის მედიცინის ცენტრში გვაქვს არა ერთი შემთხვევა, როდესაც მეოთხე სტადიის პაციენტსაც კი დაავადება სრულად აულაგდა. ამ წარმატებას რამდენიმე კომპონენტის ერთობლიობა განაპირობებს. ჩვენთან დიაგნოსტიკის დიდი შესაძლებლობაა როგორც ლაბორატორიებში მორფოლოგიური კვლევების კუთხით, ისე - რადიოლოგიის მიმართულებით. კლინიკა უმაღლესი დონის აპარატურითაა აღჭურვილი. თითოეული პაციენტის მიმართ მულტიდისციპლინარული მიდგომა გვაქვს. იმავე მედიკამენტებს ვიყენებთ, რასაც ევროპასა და ამერიკაში. სახელმწიფო პროგრამის პარალელურად, არაერთ უცხოურ პროგრამაში ვართ ჩართული. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური სერვისი – ონკოემერჯენსი,“ – განმარტავს ივანე კილაძე.

20 წლის ბიჭის გამოჯანმრთელება ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში რთულ ონკოლოგიურ პაციენტებს წარმატებით მკურნალობენ. კავკასიის მედიცინის ცენტრის ანგარიშზე კიდევ არაერთი გამარჯვებაა.