ერთხანს, პოლიტიკიდან დიპლომატიურ სამსახურში წასვლა მოუწია და 4 წელი ყაზახეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო. არ მალავს, რომ გაუჭირდა სამშობლოსგან მოშორებით ყოფნა, თუმცა, როგორც ამბობს, გამოწვევის დაძლევა და რთული მისიის თავის გართმევა ოჯახის მხარში დგომამ და პასუხისმგებლობის გრძნობამ დააძლევინა.
"მქონდა საშუალება, კიდევ გამეგრძელებინა დიპლომატიური საქმიანობა სხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ჩემი შინაგანი მდგომარეობის ნაწილი. ჩემი შინაგანი მდგომარეობა გამოიხატება ქვეყნის შიგნით საქართველოს სამსახურში ყოფნით“, - ასე განმარტავს მის დაბრუნებას პოლიტიკაში. ისიც კარგად იცის, რომ ამომრჩეველი პოლიტიკოსში, პირველ რიგში, გულწრფელობას აფასებს. გვეუბნება მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე და მის პოლიტიკაში მობრუნებამდელ ცხოვრებაზე გვიამბობს.
1973 წელს დავიბადე თბილისში. შემიყვანეს და დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა (ახლანდელი კლასიკური გიმნაზია). თავდაპირველად, ვორონცოვიდან დავდიოდი სკოლაში, ბოლო წლებში მთაწმინდაზე გადავედით საცხოვრებლად. ეს სკოლა, შეიძლება ითქვას, ოჯახითვის ტრადიციული იყო - მამამაც, შემდგომში - მე და ჩემმა დამაც იქ ვისწავლეთ, ბებია კი ლოგოპედად მუშაობდა პირველ სკოლაში. იქ შევიძინე ბევრი მეგობარი, იყო დიდი ერთობა... ნორმალურად ვსწავლობდი, ზოგ საგანს უკეთ, ზოგს - ნაკლებად... 90-ებისკენ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრში აღმოჩნდა პირველი სკოლა, ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა, საქართველოს ისტორია იქ იწერებოდა და ერთგვარად, მემატიანეები გამოვდივართ. მთაწმინდელებს განსაკუთრებული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. დღესაც, როცა ამ ქუჩებში დავდივარ, ჩემი ბავშვობა და ის წლები მახსენდება, მთაწმინდა და ჩემი ყოველდღიურობა ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. დღეს იქ უფრო მეტ ტურისტს შეხვდებით, ვიდრე - თბილისელს, სადღაც ეს კარგიცაა, მაგრამ ჩვენს პერიოდში ყველა ერთმანეთს იცნობდა.
პროფესიისა და ჩემი მომავლის განსაზღვრაში, ვფიქრობ, ოჯახმა შეასრულა დიდი როლი. ჩემი დიდი ბაბუა ცნობილი იურისტი გახლდათ - კონსტანტინე (კოკი) აბაშიძე. მამა დღეს პენსიაზეა, მაგრამ ისიც იურისტია, ოღონდ, პრაქტიკოსი (იყო გამომძიებელი, პროკურორი). მე ამ მიმართულებით არ წავსულვარ, არ მაინტერესებდა. როცა ჩავაბარე, იმ წელს უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი შეიქმნა, რაც ძალიან დიდი სიახლე იყო. მეც ამ ფაკულტეტზე შევედი, სადაც ჩემთან ერთად ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი სწავლობდა. მათ საზოგადოება კარგად იცნობს როგორც პოლიტიკიდან, ისე იურისპრუდენციიდან, მათ შორის ბევრი ღირსეულია. ზოგიერთები მოწინააღმდეგე ბანაკშიც არიან, თუმცა ეს ჩვენს ურთიერთობაზე გავლენას არ ახდენს, რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. პოლარიზაცია თავისთავად ხდება, თუმცა ჩემი შინაგანი განწყობა იმ ადამიანების მიმართ ხშირ შემთხვევაში არ იცვლება, მათ მაინც სითბოთი მოვიხსენიებ.
პოლიტიკური შეხედულებები დღეს ისე მკვეთრად არის გამოხატული, სოციალურ ქსელში ისეთებს ვკითხულობ, საიდან ამხელა სიძულვილი, აგრესია, დაუნდობლობა?ოთხი წელი ჩამოვშორდი ქართულ პოლიტიკას, დიპლომატიაში ვიყავი და ალბათ ამიტომ მეუცხოვება ეს ყველაფერი. შეიძლება ვიღაცას ჩემი პოლიტიკა და შეხედულებები არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ აძლევს ვინმეს იმის უფლებას, შეურაცხყოფა მომაყენოს. დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები და არ მომწონს "ნაციონალური მოძრაობა“, მისი ლიდერი და მომხრე-მიმდევრები, ცხოვრებაში არ მიკადრია, ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს, თან - საჯაროდ. ეს რა ფორმებია, გაოცებული ვარ და არ ვიცი, ამას რა ეშველება...
რამდენიმე თვის წინ, კოვიდინფექცია დამემართა ყაზახეთში და გავიდა ნიუსი, სადაც ამაზე წერდნენ. საოცარი მინაწერები იყო, მაგ. "ეს კიდევ ცოცხალია?“ "ამას რაღა უნდა“ და მისთანები... ზოგიერთებმა მლანძღეს და რისთვის? პოლიტიკური შეხედულებების გამო შეიძლება ადამიანი ასე გაიმეტო? რომელ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? ერთი პოლიტიკური ძალა გვიმეორებს, რევანშს არ ვაპირებთო, არა და, რევანშია სწორედ ეს სიძულვილი. ესენი მართლა რომ მობრუნდნენ, მერე ხომ წარმომიდგენია, რას იზამენ?
უნივერსიტეტის დამთავრებამდე 2 წელი დიდ ბრიტანეთში ვისწავლე. სურვილი მქონდა, საჯარო სამსახურში დამეწყო მუშაობა, ქვეყნის სამსახურში ვყოფილიყავი. 1996 წელს მოვხვდი პრეზიდენტ შევარდნაძის აპარატში, მერე იყო ბევრი სხვა თანამდებობა, სააკაშვილის პერიოდშიც მომიწია საჯარო სამსახურში ყოფნა. 2008 წლის ომის შემდეგ, მეგობრებმა ირაკლი ალასანიასთან ერთად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პოლიტიკური პარტია. აქედან დაიწყო ჩემი პოლიტიკური საქმიანობა. 2007 - წლიდან 2009 - ის ჩათვლით სააკაშვილთან ვიყავი დაპირისპირებული, ეს წლები მასთან ბრძოლაში გავატარე, პირდაპირი გაგებით, სასიკვდილოდაც გამიმეტეს (2009 წელს, პოლიციის სამმართველოსთან მშვიდობიანი აქციის დაშლისას, ზურაბ აბაშიძემ მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა - ნ.ფ.).
ამ სამ წელში ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეებს ჰქონდა ადგილი, ეს ბრძოლა ძალზე რთული იყო. მადლობა ღმერთს, 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური მმართველობა, რისი მონაწილე მეც ვიყავი. სიამაყის, სიხარულისა და ასეთი ერთიანობის განცდა არასდროს დამუფლებია. მერე ოპოზიციაში გასვლამ მოგვიწია, ვეცადეთ, დამოუკიდებლად გვეჩვენებინა ჩვენი ძალები, მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, მაგრამ ასე არ მოხდა და მერე უკვე შევუდექი დიპლომატიურ საქმიანობას. ისევ ქვეყნის სამსახურში ჩავდექი...
ახლა, მისიის ამოწურვასთან ერთად, ისევ პოლიტიკაში დავბრუნდი და ჩემი მთავარი მოტივაცია გახლავთ კახა კალაძის საქმიანობა და ის შედეგები, რომლებიც 2017 წლიდან იღებს სათავეს. სამშობლოში ჩამოსვლის ყოველ ჯერზე ჩემი თვალით ვხედავდი მის გაკეთებულ საქმეებს და წარმატებას, რაც დიდ ენთუზიაზმს მიჩენდა. ამ განვითარების პროცესმა გამიჩინა შინაგანი განწყობა, კიდევ ერთხელ დავბრუნდე მათთან ერთად პოლიტიკაში და ერთად ვიბრძოლოთ დედაქალაქისთვის. ერთი პერიოდი, საკრებულოს წევრიც ვიყავი, მაქვს მუშაობის გამოცდილება, რაც ძალზე საამაყოდ მიმაჩნია.
ხუთი შვილის მამა ვარ - 4 ვაჟის და 1 ქალიშვილის. უფროსები აბიტურიენტები არიან, ჯერ დისკუსია მიდის იმაზე, სად ჩააბარონ, რამდენიმე მიმართულება აქვთ გამოკვეთილი. ყველაზე პატარა 5 წლის გახდა 19 სექტემბერს. ენერგიას და დადებით განცდებს შვილებთან ერთად ვიღებ და ესაა ყველაზე დიდი სიამოვნება. მთავარი ღირებულება ჩემთვის მაინც ოჯახია და ალბათ ადამიანის წარმატების გასაღებიც ოჯახის სიძლიერეში დევს. როცა გრძნობ, რომ ოჯახი მყარი ციხე-სიმაგრეა, ყველა მიმართულებით წარმატებული ხარ. კიდევ, სამშობლოს სიყვარული და მეგობრობაა ჩემთვის მთავარი ღირებულებები, რითაც ვხელმძღვანელობ. მეღიმება, რომ მახსენდება - 19-ში, ჩემი უმცროსი ვაჟის დაბადების დღეს, მოსახლეობასთან მქონდა შეხვედრა. არ მიშვებდნენ, ვითხოვდი, გამიშვით სახლში, ბავშვის დაბადების დღე მაქვს, ტორტზე სანთელი უნდა ჩააქროს და რომ არ მივიდე, ინერვიულებს-მეთქი. საპატიო მიზეზს ხალხიც გაგებით შეხვდა და გამიშვეს...
ყველა ადამიანს აქვს თავისი მინუსებიც და პლუსებიც. ზოგადად, ალბათ ადამიანის შეფასება მისი ცხოვრების წესითა და საქმიანობითუნდა მოხდეს. რამეს რომ ვნანობდე, ასეთი არ მახსენდება, პირიქით, მადლიერი ვარ ღმერთის, ასეთი ცხოვრებით რომ ვცხოვრობ და ვცდილობ, უკეთესი ვიყო. გვერდზე მყავს მეუღლე, თეონა ბენაშვილი, რომელიც ზურგს მიმაგრებს. თეონა პედიატრია, მაგრამ თავისი პროფესიით არ მუშაობს. მარტივი არ არის, ერთ დღეს რომ ეუბნები, უნდა ჩავაბარგოთ და საცხოვრებლად ყაზახეთში გადავიდეთო, თან ასტანაში, სადაც ზამთარში მინუს 40 გრადუსია სიცივე. ელჩობა ძალზე საპასუხისმგებლოა და როცა ოჯახი გვერდზე გიდგას, უფრო გიადვილდება მისიის შესრულება.
ელჩობა რთული და გამოწვევებით აღსავსე საქმეა, გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის რთული იყო საქართველოსთან განშორება. ეს არ არის მარტო მუშაობა, უნდა შეიცვალო ცხოვრების წესი, იცხოვრო სხვა სახელმწიფოში და იქ გაატარო და დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები. ეს ურთულესი საქმეა... ყაზახეთის რესპუბლიკა არ არის ჩვენი მეათეხარისხოვანი ურთიერთობების ქვეყანა. ის რუსეთის მთავარი მოკავშირე და პარტნიორია და დასაფასებელია მათი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით. მქონდა საშუალება, კიდევ გამეგრძელებინა დიპლომატიური საქმიანობა სხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ჩემი შინაგანი მდგომარეობის ნაწილი. მიუხედავად ამდენი პრობლემისა, ადამიანების დამოკიდებულებისა, ჩვენს ქვეყანას მართლა არც ერთი ქვეყანა არ სჯობს. როცა მიდიხარ და სხვაგან იწყებ ცხოვრებას, ამას მაშინ უფრო აფასებ. მინდა, ჩემი შვილები საქართველოში იზრდებოდნენ, აქ ჰყავდეთ მეგობრები. როცა ყაზახეთში წასვლამ მოგვიწია, ძალაუნებურად, ბავშვებიც იქ შევიყვანეთ სკოლაში, ბაღშიც იქ იარეს. სადღაც ეს კარგია, ბავშვებს ურთიერთობები უყალიბდებათ, მეგობრებს იძენენ, მაგრამ ქართველმა, პირველ რიგში, ქართული და საქართველო უნდა იცოდეს და მერე უცხო ენა და სხვა ქვეყნის კულტურა ისწავლოს.
პოლიტიკოსში ამომრჩეველი, პირველ რიგში, გულწრფელობას და პასუხის გაცემას აფასებს. ხშირად არას თქმაც პასუხია. ხალხს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაჰპირდე იმას, რის გაკეთებასაც ახლო მომავალშივერ მოახერხებ. გულწრფელობა და ყურადღება არის მთავარი, პოლიტიკოსმა მოსახლეობის პრობლემა უნდა გაითავისო და მის გადასაჭრელად ყველაფერი იღონო. ის, რა დაპირებაც გასცა კალაძემ, ამ 4 წლის განმავლობაში თითქმის ყველაფერი შესრულდა.
რატომ მგონია იცით, წარმატება რომ გარდაუვალია? როცა ზურგს გაკეთებული საქმეები გიმაგრებს, ეს საქმეები უკვე არის იმის გარანტი, რომ გაცემული ახალი დაპირებები მომავალში განხორციელდება. ეს ყველაფერი შრომის შედეგია და ამიტომაა ის წარმატებული. ჩემი მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის არის ის, რომ კახას მერობის 4 წელი არ არის ამოწურული, დაწყებული საქმეები უნდა გაგრძელდეს და ბოლომდე მიიყვანოს...