სოხუმის დაცემიდან დღეს 29 წელი შესრულდა. საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. დროშები დაშვებულია პრეზიდენტის სასახლის ეზოში, პარლამენტის, მთავრობის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.
გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან:
ოდესღაც, ბავშვობაში, საქართველოს წარსულს რომ ვეცნობოდით, თითქოს მითებად აღვიქვამდით ფაქტებსა და ადამიანებს, რომლებმაც დიდი კვალი დაამჩნიეს საქართველოს ისტორიას, და ალბათ უსაშინლეს სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა, რომ უმოკლეს პერიოდში თვალწინ ისეთი ქარბორბალა დაგვიტრიალდებოდა, ქვეყნის უახლეს ისტორიას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სულისკვეთებასა და მორალს რადიკალურად რომ შეცვლიდა...
XX-XXI საუკუნეების გასაყარზე საქართველოში მომხდარმა შიდა დაპირისპირებებმა თუ გარეშე მტერთან წაგებულმა ომებმა, ტერიტორიები და გარკვეული ადამიანური ღირსებები კი დაგვაკარგვინა, მაგრამ, პარალელურად, თითქოს მანამდე მიჩქმალული ღირსებები და გმირები შეგვძინა...
დღეს ერთ-ერთ გმირს გავიხსენებთ - კაცს, რომელიც ქართველების დიდი ტკივილის, დაკარგული სოხუმის ბოლო ქართველი მერი იყო; რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ დაუტოვებია თავისი ქალაქი; რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემისა და ჯვართამაღლების დღეს, 46 წლის ასაკში, მიუხედავად საშინელი წამებისა, ვერ გატეხეს...
სოციალურ ქსელში გავრცელდა, სავარაუდოდ, აქამდე უცნობი კადრები, რომელიც სოხუმის დაცემამდე 5 დღით ადრე, 22 სექტემბერსაა გადაღებული და სადაც გურამ გაბესკირია და რამდენიმე მებრძოლი მინისტრთა საბჭოს შენობის უკან, შტაბთან დგანან. გაბესკირია მებრძოლებს სიამაყით აცნობს ერთ-ერთ ქართველ მოჭიდავეს, "ტატამზე ბევრი მოწინააღმდეგის ბეჭებზე დამცემ" სპორტის ოსტატს - კიკაბიძეს და იმედიანად ამბობს, რომ სპორტსმენი ნამდვილ ბრძოლაშიც ისევე გაუსწორდება მტრებს, როგორც - ტატამზე. შემდეგ ღიმილით გადაეხვევიან ერთმანეთს - განწყობა აშკარად საბრძოლო და ოპტიმისტურია - და კარგად ისმის კაკაბაძის სიტყვები: ყველაზე მთავარი წინააო... ისინი კი ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ წინ მართლაც ყველაზე მთავარი იყო - ღალატი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავასთან, აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და რამდენიმე მებრძოლთან ერთად ტყვედ ჩავარდნა და გმირული სიკვდილი: ამბობდნენ, დატყვევებამდე გურამ გაბესკირიას ხელიდან ავტომატი არ გაუგდიაო. ყაბარდოელ ოპერატორს ვიდეოფირზე ის კადრი აღუბეჭდავს, როდესაც მტრების წინ ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რამდენიმე ქართველი მებრძოლი დგას და გურამ გაბესკირიას უბრძანებენ: დაიჩოქეო! - ეს უკანასკნელი კი პასუხობს: "Никогда в жизни!" - ვიდრე ცოცხალი ვარ, არასოდესო!
2017 წელს, 2 მარტს სოხუმში დაბადებულ ამ კაცს, სიკვდილის შემდეგ "ვახტანგ გორგასლის" პირველი ხარისხის ორდენი რომ მიენიჭა.
გმირი მამის გახსენება მის ვაჟს - ვლადიმერ გაბესკირიას ვთხოვეთ. სხვათა შორის, ერთ-ერთ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევართა შორის, ძირს დაგდებული დახვრეტილი ტყვეების ფოტოზე მამა სწორედ შვილმა ამოიცნო!
ვლადიმერ გაბესკირია:
- სოხუმიდან რომ წამოვედით, 14 წლის ვიყავი, ასე რომ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ბოლო შერიგება რომ გამოცხადდა, 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სხვებთან ერთად ჩვენც დავბრუნდით სოხუმში. მაგრამ 16 სექტემბერს აფხაზებმა ეს ხელშეკრულება დაარღვიეს და მამამ კვლავ თბილისში გამოგვიშვა. მას შემდეგ იგი აღარ მინახავს.
გაინტერესებთ, ვინ იყო მამა და როგორი იყო? მოკლედ გეტყვით: ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდა და, როგორც ვიცი, სოხუმის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო; შემდეგ სოხუმის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ისწავლა, მაგრამ მაინც სპორტის სიყვარულმა გადასძალა და მსაჯობას შეუდგა. საკავშირო (მაშინ საქართველო, ხომ, საბჭოთა რესბუბლიკა იყო!) მსაჯის კატეგორიაც მიანიჭეს და უმაღლესი ლიგის თამაშებს მსაჯობდა. წლების განმავლობაში სოხუმის თევზკომბინატის დირექტორად იმუშავა;
გახსოვთ, ალბათ, აფხაზებთან პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, 1989 წელს, სოხუმის "დინამო" დაიშალა და მამამ ახალი გუნდი - სოხუმის "ცხუმი" ჩამოაყალიბა. მისი პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა. 1990 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს; აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 1992 წელს, მამა ქალაქ სოხუმის მერად დანიშნეს. პარალელურად, იგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი იყო და სამხედრო წოდებაც მიიღო - პოლკოვნიკი გახდა... გააგრძელეთ კითხვა