შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, მინისტრი ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ომალოდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ომალოდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან თელავში გადაყვანის მსურველი მოქალაქეების სიმრავლის გამო, თუშეთში ოპერაცია ორი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„ორი დღის წინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, გუშინ დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთვნენ.
ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებული ფრენების შედეგად, თუშეთიდან საერთო ჯამში 200-ზე მეტი პირის, მათ შორის ტურისტების და არასრულწლოვნების თელავში უსაფრთხოდ გადმოყვანა განხორციელდა”, - ნათქვამია ინფორამაციაში.