ავტორი:

სამხედრო ოპერაცია "ცუნამი", ძროხა და ბრინჯი აცრის სანაცვლოდ - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს

სამხედრო ოპერაცია "ცუნამი", ძროხა და ბრინჯი აცრის სანაცვლოდ - ვაქცინაციის თვალსაზრისით წარმატებული ქვეყნების გამოცდილება: შეზღუდვები არავაქცინირებულებს და პრიზები აცრილებს

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. მას შემდეგ არაერთი ტალღა გამოვიარეთ - ზოგი ნაკლებად ძლიერი, ზოგიც ძალიან მძლავრი, ისეთი, ასობით ადამიანის სიცოცხლე რომ წაგვართვა, ხან ციცაბოებზე ვიარეთ, ხანაც დამრეცებზე, პლატოსკენ დავეშვით, გავივაკეთ...

ვირუსის ტალღებს, ერთ წრეზე სიარულს ბოლო არ უჩანს. კარანტინი, PCR ტესტი, სწრაფი ტესტი, იზოლაცია, სოციალური დისტანცია ყოველდღიურობად იქცა.

პანდემიის დასრულება, ძველებური ცხოვრების დაბრუნება ისაა, რაზეც მსოფლიოს მილიონობით ადამიანი ოცნებობს. მისი დასრულების ერთადერთი გზა, როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, ვაქცინაციაა, რადგანაც ამ დროისთვის არ არსებობს ვაქცინაზე უკეთესი საშუალება ვირუსის საწინააღმდეგოდ. ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში არცთუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს. 23 სექტემბრის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25,9%.

  • ვნახოთ 10 ქვეყანა, სადაც ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია (შენიშვნა: სრული მოსახლეობის)
  1. პორტუგალია - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 84%
  2. გაერთიანებული არაბთა საემიროები - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 83%
  3. მალტა - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 83%
  4. სინგაპური - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 80%
  5. ყატარი - ვაქცინირებულია მოსახლეობის 78%
  6. ესპანეთი - ვაქცინირებულია მოსახლეობის 77%
  7. ისლანდია - ვაქცინირებულია მოსახლეობის 76%
  8. დანია - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 75%
  9. ჩილე - სრულად ვაქცინირებულია 74%
  10. ჩინეთი - სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 73%

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ვაქცინაციის პროცესი ყველაზე მასშტაბურად ისრაელში დაიწყო და სხვებისთვის სამაგალითო იყო, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 62%.

აშშ-ში მოსახლეობის 54%-ს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა მიღებული, კანადაში - 70%-ს, რუსეთში მხოლოდ - 28%-ს, დიდ ბრიტანეთში 65%-ს, საფრანგეთში - 64%-ს, იტალიაში აცრილია მოსახლეობის 66%%.

  • პორტუგალიის წარმატების გასაღები - გამართულ ლოჯისტიკას + მოსახლეობის მაღალი თვითშეგნება

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე რთულ პერიოდში, პორტუგალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებინა არა რომელიმე პოლიტიკოსისთვის ან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლისთვის, არამედ იმ სამხედრო პირისთვის, რომელიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდა და პოლიტიკურად ნეიტრალური იყო. პასუხისმგებლობა თებერვლიდან შეიარაღებული ძალების სამი დანაყოფის გუნდთან ერთად, საზღვაო ოფიცერმა, ენრიკე ჟუვენია მელომ აიღო და რა თქმა უნდა, ის მედიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობით იღებდა გადაწყვეტილებებს.

60 წლის ენრიკე მელო დღეს პორტუგალიელთა გმირია. მისი ცნობა პირბადეშიც მარტივია - ცისფერთვალებიანი, ჭაღარა თმით, 193 სმ სიმაღლის მამაკაცი ხშირად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მას ქუჩაში გამვლელები აჩერებენ და წარმატებული ვაქცინაციისთვის მადლობას უხდიან.

"ადამიანები საოცრად კეთილგანწყობილნი არიან, მაგრამ მე მხოლოდ პატარა ნაწილი ვარ ამ საქმის. სამხედროები მიჩვეულნი არიან სტრესულ გარემოში მუშაობას, ისინი ორგანიზებულნი არიან და აქვთ ლოჯისტიკის კარგად განვითარებული უნარი. როგორც წესი, ორიენტირებულნი არიან მისიაზე“, - განაცხადა მელომ და განმარტა, რომ ვაქცინაციის პროგრამას ისინი უყურებდნენ, როგორც საბრძოლო მისიას.

მელოს მიდგომა დაფუძნებული იყო დისციპლინაზე. მისი პირდაპირობა კი საზოგადოებას კეთილგანწყობითა და ნდობით ავსებდა.

"ასოშიეითიდ პრესთან" ინტერვიუში ოფიცერმა აღიარა, რომ ამ პასუხისმგებლობის აღება აშინებდა. მით უფრო, რომ იმ დროისთვის პორტუგალია პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის იყო, არ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და საზოგადოებაში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით უნდობლობა სუფევდა.

"ვიგრძენი, რომ 10 მილიონი ადამიანის თვალი ჩემკენ იყო მოპყრობილი. ჩვენ ერთი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ არ ვიცი მოვიგებთ თუ არა ომს კორონავირუსის წინააღმდეგ, ეს მსოფლიო ომია“, - ამბობს მელო და განმარტავს, რომ 42-წლიანი სამხედრო კარიერა დაეხმარა წარმატებით გამკლავებოდა გამოწვევას, რომელსაც ისე უყურებდა, როგორც ბრძოლას და სურდა, რომ მისი მესიჯი ყველას სწორად გაეგო - რომ ვაქცინაცია იყო უმნიშვნელოვანესი ომის მოსაგებად.

მან გააუქმა ვაქცინაციის არსებული სტრატეგია და განაცხადა, რომ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლა თუ სურდათ, განსხვავებულად უნდა ემოქმედათ. დაიწყეს დიდი სპორტული ობიექტების გამოყენება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებად. მელომ გამოიყენა ჯარისკაცები, რათა დაერეგულირებინა ადამიანების უსწრაფესად აცრის პროცესი და რიგი სწრაფად გასულიყო.

  • ოპერაცია "ცუნამი" და პორტუგალიელების ნდობა მეცნიერებისადმი

ვაქცინაციის მთავარი ეტაპი ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო და ოფიცერმა ყოველივეს ოპერაცია "ცუნამი“ უწოდა. ქვეყანაში შეიტანეს ვაქცინების დიდი მარაგი, რამაც აცრების პროცესი დააჩქარა. პორტუგალიელ მედიკოსთა შეფასებით, მხოლოდ მელოს დამსახურებადაც ვერ ჩავთვლით ყოველივეს, რადგანაც იქ მცხოვრები ადამიანები გამოირჩევიან ვაქცინებისა და მეცნიერების მიმართ ნდობით.

ლისაბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტიაგო კორეა ამბობს, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ასეთი წარმატებისა, არის პორტუგალიელთა ტრადიციული მიმღებლობა ვაქცინაციის პროგრამების მიმართ. "მაგალითად, წითელას, წითურასა და ყბაყურაზე ვაქცინაციის მაჩვენებელი პორტუგალიაში 95%-ია, რაც ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და აქ უბრალოდ არ არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი ანტივაქსერული მოძრაობა, როგორიც სხვა ქვეყნებშია", - ამბობს პროფესორი. ამასთანავე, მიიჩნევს, რომ სამხედროების და კონკრეტულად მელოს ჩართულობა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგანაც ის არ არის პოლიტიკური ფიგურა, თავისუფალია პოლიტიკისგან, რამაც ამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო მეტად უზრუნველყო.

რა შეზღუდვები მოქმედებს არავაქცინირებულთათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

  • საფრანგეთში გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა. ასეთ ჯგუფში შედიან მედიკოსები. ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ 3000 მედიკოსი სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ მათ ვაქცინაციაზე უარი თქვეს. ასევე, კაფე-ბარებში, რესტორნებში "კოვიდ პასპორტის", ან ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე ვერავინ შევა. საფრანგეთი ვაქცინის მიმართ ერთ-ერთ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნად სახელდება (ამ დროისთვის საფრანგეთში სრულად აცრილია მოსახლეობის 64.2%).
  • იტალიაში "კოვიდ პასპორტი" 15 ოქტომბრიდან სავალდებულო ხდება ყველა დასაქმებულისთვის. ყველა დასაქმებულმა სამსახურში უნდა წარადგინოს ან ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა, ან "პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ ჯარიმის გადახდა და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, სანქცია სამსახურიდან გათავისუფლება იყოს. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეს წესი ეხება არა მხოლოდ სახელმწიფო სექტორში, არამედ, კერძო სექტორში დასაქმებულ პირებსაც. გარდა ამისა, მწვანე პასპორტი იტალიაში სავალდებულოა ყველასთვის, ვისაც სურს რესტორანში მიირთვას, ეწვიოს კინოთეატრს, სპორტდარბაზს, სტადიონს, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან თვითმფრინავით. ვაქცინაცია სავალდებულოა მასწავლებლებისთვისაც (იტალიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 66%).
  • საბერძნეთში არავაქცინირებულ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ევალებათ, რომ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხი კვირაში ორჯერ წარადგინონ, ტესტი კი საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთონ. ეს წესი ძალაში 13 სექტემბრიდან შევიდა.
  • აშშ-ში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა ფედერალური მთავრობის თანამშრომლებს და კონტრაქტორებისთვის, ასევე ყველა ბიზნესისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ეს წესი შეეხო 100 მილიონზე მეტ ადამიანს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი გააფრთხილა მოქალაქეები, რომ თუ არ აიცრებიან, ისინი მზად უნდა იყვნენ ყოველკვირეულად კოვიდ 19-ის ტესტის ჩასატარებლად. "ეს არ ეხება თავისუფლებას, ან პირად არჩევანს, ეს არის თქვენი და გარშემომყოფების დაცვა“, - განაცხადა ბაიდენმა.
  • გერმანიაში პირველი ნოემბრიდან არავაქცინირებულ პირს არ გადაუხდიან ხელფასს, თუ ის კორონავირუსის, ან კარანტინის გამო სამსახურში მისვლას ვერ შეძლებს. ზოგიერთის შეფასებით, ეს წესი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების ტოლფასია.
  • ისრაელში ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლის დირექტორებს დაავალა, იმ პედაგოგებს, რომლებსაც ე.წ. მწვანე საშვი არ აქვთ, სასკოლო დაწესებულებებში შესვლა აუკრძალონ. ასეთ პედაგოგებს 3 ოქტომბრიდან სამსახურიდან გაათავისუფლებენ. მათ საგაკვეთილო პროცესში დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ ექნებათ.

აღნიშნულ შეზღუდვებს რიგ ქვეყნებში მრავალათასიანი დემონსტრაციები მოჰყვა. მათ შორის, იტალიასა და საფრანგეთში. ადამიანების ნაწილი მსგავს გადაწყვეტილებებს დისკრიმინაციულს უწოდებს.

ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქცია საფრანგეთში

  • ცოტაოდენი პოზიტივისთვის - ვაქცინაციის წამახალისებელი გათამაშებები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას

ჰონგ-კონგში პროცესში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ჩაერთნენ და ვაქცინირებულებს პრიზებს სთავაზობენ. პრიზები საკმაოდ შთამბეჭდავია, ზოგიერთი სპონსორი ბინასაც კი ჩუქნის. ავიაკომპანია Cathay Pacific Airways-ი ერთი გამარჯვებულისთვის პრიზად ძვირადღირებულ მოგზაურობას აწესებს. პრიზებად დაწებულია ასევე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროსა და ვერცხლის ძვირფასეულობა.

ფილიპინებში ხელისუფლება და კერძო სექტორი ერთობლივი ძალით ცდილობს ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას. San Luis Pampanga-ს მუნიციპალიტეტმა წამოიწყო კამპანია, რომელიც აცრილებს ძროხის მოგების შანსს აძლევს. კონგრესმენმა კამილა ვილარმა კი განაცხადა, რომ მის ქალაქში მცხოვრები ადამიანები თუ აიცრებიან, შანსი აქვთ მოიგონ ბინა, მოტოციკლები, ასევე სურსათი. მანილას გარეუბან სუკატში ყოველ კვირაში 20 აცრილ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მოიგოს 25კგ ბრინჯი. ინიციატივის მიზანი ღარიბი მოსახლეობის წახალისებაა. ამასთანავე, მოქალაქეები პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ გააფრთხილა, რომ ვინც არ აიცრება, ყველას დაიჭერს (ქვეყანაში მოსახლეობის 17%-ია სრულად აცრილი).

ინდონეზიაში, სიპანას პროვინციაში, ვაქცინაციის სანაცვლოდ მოხუცებს ქათმები დაურიგეს. სულ 500 ქათამი გაიცა. ინდონეზიელთა 85% მუსლიმია და მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია სარწმუნოებას ეწინააღმდეგება. "მეშინია, რომ თუ ავიცრი, მოვკვდები, კიდევ უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ ამბობენ, ეს ვაქცინა ღორის ხორცს შეიცავს“, - უთხრა "როიტერსს“ ინდონეზიელმა, 67 წლის ასეპ საეპპუდინმა (ინდონეზიაში მოსახლეობის 17,2%-ია აცრილი).

ინდოეთში ვაქცინირებულებს წასახალისებლად "მაკდონალდის" პროდუქტზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. Hindustan Times ის ცნობით, რაჯკოტში 45 წლის ზემოთ ქალებს ვაქცინაციის სანაცვლოდ, ოქროს სამკაულს დაჰპირდნენ ცხვირისთვის, ხოლო კაცებს - ხელის ბლენდერს.

აშშ-ის ზოგიერთ შტატში ჯერ კიდევ გაზაფხულიდან დაიწყეს სხვადასხვა წამახალისებელი გათამაშებები. მაგალითად, კალიფორნიაში, მაისში, ლატარიის გათამაშება დაიწყო ვაქცინირებულთათვის, რომლის საპრიზო ფონდიც 1,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. "გაიკეთე ვაქცინა და გახდი მილიონერი", - ეს არის სლოგანი, რომლითაც საზოგადოებას ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

  • საქართველო

საქართველოში ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად იკლებს და ჩვენი ეპიდემიოლოგები ყოველივეს საგანგაშოდ მიიჩნევენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები ვაქცინაციის დაცარიელებული ცენტრებიდან. ამ დროისთვის ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 25%-ია აცრილი. ვაქცინაციის ტემპის გათვალისწინებით კი, შესაძლოა, "ფაიზერის" ვაქცინების არსებული მარაგიდან ნაწილს მალე ვადა გაუვიდეს.

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ევრონიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პანდემია განვითარებულ ქვეყნებში გაზაფხულზე დასრულდება, მაგრამ აცრის ასეთი ტემპით საქართველოში ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა გვექნება, ვიდრე ახლაა. "ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცარიელია იმუნიზაციის ცენტრები, ინერციით მისული 7-12 ათასამდე მოქალაქეს თუ არ ჩავთვლით. ისინიც მეორე დოზაზე მისული ადამიანებია. ძალიან შემცირებულია პირველ დოზაზე მიმართვიანობა და ეს რისკის წინაშე გვაყენებს. ვიცით, რომ ასტრაზენეკას ვადა გასდის ოქტომბერის, ფაიზერს კი ნოემბრის ბოლოს. ჩემი ინფორმაციით, ჩინურ ვაქცინებს უფრო დიდი ვადა აქვს", - აცხადებს კულუმბეგოვი.

მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა კორონავირუსის დაუსრულებელი ტალღებიდან ვერ გამოვა.

ამასთანავე, გავიხსენოთ ისიც, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 603 763 შემთხვევა, რომელთა შორისაც, 8 749 ადამიანი გარდაიცვალა.

და ბოლოს - "ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი "ფაიზერს“ გააფუჭებს?!"