ავტორი:

"ადამიანის წყალში გადაგდება მარტივი საქმეა ქვეყანაში, სადაც მიცვალებულს ექსპერტიზას არ უტარებენ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები კიდევ ერთი ტურისტის გარდაცვალებას?

"ადამიანის წყალში გადაგდება მარტივი საქმეა ქვეყანაში, სადაც მიცვალებულს ექსპერტიზას არ უტარებენ" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები კიდევ ერთი ტურისტის გარდაცვალებას?

ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ოჯახის წევრების თქმით, მურმანსკიდან ჩასული მამაკაცი 15 სექტემბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ. ახლობლების მტკიცებით, ის ნარკოტიკების მომხმარებელი არ ყოფილა.

ტურისტი ახალი ათონის პარკში სასეირნოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. რამდენიმე საათის წინ კი მისი ცხედარი ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქის პარკის აუზში იპოვეს.

ამის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა ria.ru იუწყება, რომლის ცნობითაც, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

ადგილობრივების თქმით, აუზს კარგა ხანია საცურაოდ არავინ იყენებს, იქ რამდენიმე კერძო პირს მხოლოდ გედები და იხვები ჰყავს გაშვებული სანახაობისთვის... საკმაოდ მყუდრო ადგილია და ღამის საათებში, უსაფრთხოების დაუცველობიდან გამომდინარე, მარტო სეირნობა რეკომენდებული არ არის.

აფხაზების ნაწილს არ სჯერა, რომ კოვალევი და სხვა ტურისტები მხოლოდ იმ მიზეზით გაუჩინარდნენ, რომ წყალში საბანაოდ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ზეგავლენის ქვეშ შევიდნენ...

"სეზონი არც კი დასრულებულა და ოცამდე ადამიანი დაიხრჩო. დღეს კიდევ ერთი ამოიყვანეს, 1985 წელს დაბადებული მურმანსკელი დიმიტრი კოვალევი... ამბობენ, რომ ნასვამი იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, ყველა შემთხვევაში ნასვამობა არ არის მათი გაუჩინარების მიზეზი. ჩვენი კრიმინალები საცურაოდ მარტო გამოსულ ტურისტებს უსაფრდებიან და აყაჩაღებენ. არის შემთხვევები, როდესაც ისინი წინააღმდეგობას უწევენ მოძალადეს. შემდეგ კი, ყველაფერი მარტივად არის, ორი ან სამი ადგილობრივი ადვილად ერევა მას...

თავში ჩარტყმა და წყალში გადაგდება ძალიან მარტივი საქმეა, ისეთ ქვეყანაში, სადაც მიცვალებულს ექსპერტიზას არ უტარებენ. აქ ხომ ყველა დაღუპული "ზღვაში მთვრალი შევიდა ან წყალში ნარკოტიკის მიღების შემდეგ შეცურა და დატვირთვის შედეგად გულისშეტევით გარდაიცვალა". რამდენიმე შემთხვევა ნახეს, როდესაც მართლა ამ ვითარებაში დაირხჩო ადამიანი და ჩვენს კრიმინალებს მეტი რა უნდათ?.." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ელისო კუცია abkhaz.auto-ს სოციალური ქსელის კომენტარებში.

სხვების თქმით, ახალი ათონის პარკში არსებული აუზი ისეთი ღრმა ნამდვილად არ არის, რომ იქ ცხედარი ვერ შეენიშნათ. არც ის არის გამორიცხული, რომ რუსი ტურისტი ჯერ მოკლეს და წყალში შემდეგ გადააგდეს.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაც შეეცადა ისეთი წარმოეჩინა ყველაფერი, თითქოს ტურისტი ნასვამი იყო, ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. არადა, ვინც ის აუზი იცის, მიხვდება, რომ ეს შეუძლებელი იყო - რადგან მისი სიღრმე მაქსიმუმ ერთი მეტრია. უამრავი რამ მიანიშნებს, იმაზე, რომ მას ვიღაც წაეხმარა. აქ სამედიცინო არ არსებობს, გვამის ექსგუმაცია არ ხდება, რითაც ბორტმოქმედებებს ხელ-ფეხს ვუხსნით, ზღვაზე წავიდა და არ დაბრუნდა, ესეი იგი, დაიხრჩო... რამდენიმე შემთხვევა შესაძლოა, მაგრამ ყველა ნასვამი და ნარკოტიკების თრობის ქვეშ ვერ იქნებოდა. გვირაბში ვართ და სინათლეც არ ჩანს..." - წერს ესმა მიქვაბია.

"რადგან სპეციალსტები და შესაბამისად, სამედიცინო სამსახური არ გვაქვს, უნდა ვისხდეთ და ვარჩიოთ, მოკლეს, ნასვამს ფეხი დაუცირდა, დაიხრჩო თუ მოკლეს და ჩააგდეს? ან სხვა ტურისტებს რა ბედი ეწიათ... საბოლოოდ მივაღწევთ იმას, რომ აფხაზეთს სიკვდილის რეგიონი დაერქმევა" - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ასიდა ჩაჩბა.