საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან.
ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.
ქართველოლოგიის პროგრამაში ყურადღება გამახვილდება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აკადემიური და სამეცნიერო კვლევების და სასწავლო გაცვლის შესაძლებლობებზე, ასევე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელებაზე. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი მეცნიერები და მკვლევარები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
"კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში" - დევისის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს, პირველ ლექციას 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტი ისტორიულია და ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება.
„დღეს ჩვენ ჭეშმარიტად ისტორიულ მოვლენას დავესწარით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ფაქტის ისტორიულობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ეს ამერიკის ისტორიაშიც პირველად ხდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, რომ სიღრმისეულად გაეცნონ საქართველოს ისტორიას, კულტურას, ლიტერატურას, პოლიტიკას. მინდა ასევე ხაზი გავუსვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც ამ პროგრამის ეგიდით წარიმართება. პროგრამა ფუნქციონირებას 2022 წლის თებერვალში დაიწყებს და პირველი ლექციით გაიხსნება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ეს იქნება ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული ქართველოლოგიის პირველი ცენტრი. ეს, დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, მე თუ მკითხავთ, - ამის შესახებ დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიების შემდეგ განაცხადა.
“კავკასიისა და საქართველოს მნიშვნელობა, ამ ცივილიზაციათა გაცნობა, ამერიკელებისთვის აუცილებელია, რათა კარგად გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველო არა მარტო კულტურის სფეროში, არამედ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში”, - აღნიშნა დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ჩვენ მოვაწყობთ ძალიან ბევრს სემინარს, კონფერენციას, დავპატიჟებთ ქართველ მეცნიერებს, აქ, ჰარვარდის კამპუსში, - განაცხადა ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტივენ ჯონსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი ქართული სწავლების პროგრამა ამერიკაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„გავაგზავნით ჩვენს სტუდენტებს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევქმნათ კადრები ამერიკელი მეცნიერების, რომლებიც სწავლობენ ქართულ ისტორიას, პოლიტიკას, კულტურას და ა.შ.
ამიტომ, ეს იქნება საერთო პროგრამა, არა მხოლოდ ამერიკის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდანაც. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ასეთი ინიციატივა და მოგვცა საშუალება, რომ შევქმნათ ეს პროგრამა. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, ვოცნებობთ, ვმუშაობთ, მაგრამ სანამ არ მივიღებდით ასეთ მხარდაჭერას, არაფერი არ გამოვიდოდა. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა სტივენ ჯონსმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მარკ ელიოტმა, დევისის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა ვარკრუმ და ქართველოლოგიური სწავლებების პროგრამის დირექტორმა, ისტორიის პროფესორმა სტეფან ჯონსმა.
„თავმდაბლურად ვამაყობ ქართველი ხალხის სახელით აქ ყოფნით და ამ ისტორიული აკადემიური პარტნიორობის დაწყებით. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველად, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამას ვნერგავთ. მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული მოვლენის ხორცშესხმაში მონაწილეობდნენ.
ეს პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, მეცნიერებაში შეტანილი წვლილის, ასევე მისი თანამედროვე პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება მომდევნო წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანელებს. ბატონი სტივენი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ის 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის დარგში. ამდენად, ის იდეალური კანდიდატია ამ რანგში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველოლოგიის ახალი პროგრამის ხელმძღვანელებს საჩუქრად გადასცა უნიკალური ინგლისურენოვანი გამოცემის სამტომეული - „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“, რომლის ავტორიც ქართული მუსიკისა და ფოლკლორის გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელება 2022 წლის თებერვლიდან დაიწყება. პროგრამას ამერიკელი მეცნიერი და ქართველოლოგი პროფესორი სტივენ ჯონსი უხელმძღვანალებს, რომელიც 40 წელზე მეტია მოღვაწეობს ქართველოლოგიის მიმართულებით და საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გულითადი მხარდამჭერია. ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ლექციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წაიკითხავს.
ქართველოლოგიის პროგრამის საინაუგურაციო ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი და საქართველოდან და ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოწვეული საპატიო სტუმრები დაესწრნენ.