ავტორი:

"იმედია, არ ფიქრობთ, რომ "ვოთსაპით" თქვენს საუბრებს ვერ უსმენენ" - ვინ და რა ღირებულების აპარატურით გვისმენს და რას ამბობს უშიშროების ექსპერტი?

"იმედია, არ ფიქრობთ, რომ "ვოთსაპით" თქვენს საუბრებს ვერ უსმენენ" - ვინ და რა ღირებულების  აპარატურით გვისმენს და რას ამბობს უშიშროების ექსპერტი?

ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ჩვენში ტრადიციულად დიდი რეზონანსი მოჰყვა, მაგრამ ამჯერადაც დიდი ეჭვია, რომ ვერ მოხერხდება მომხდარის პირუთვნელი გამოძიება და უმარავ დაგროვილ კითხვაზე პასუხის გაცემა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 3000-ზე მეტმა დოკუმენტმა სუს-იდან გაჟონა.

ოპოზიცია საუბრობს მთავრობის პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ისრები გახარიას გუნდისკენ გადააქვს. ამასობაში პროკურატურამ, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით მიმართა. როგორ ხდება მიყურადება - თვალთვალი, რა აპარატურა იყენებენ ამისთვის სპეცსამსახურები? - ამ თემაზე ambebi.ge -ს უშიშროების საკითხებში ექსპერტი, ბესიკ ალადაშვილი ესაუბრება:

- ფაილების სპეციფიკიდან გამომდინარე, საუბრების 80% ალბათ მობილური ტელეფონებიდან არის მოსმენილ-ჩაწერილი. დანარჩენი (კონკრეტული მინიშნებებით) არაა გამორიცხული ოთახში დაყენებული სტაციონარი მოსასმენები იყოს. პრიორიტეტული და ხელმისაწვდომი მობილური ტელეფონების მოსმენაა. იმედია, არ ფიქრობთ, რომ "ვოთსაპით" თქვენს საუბრებს ვერ უსმენენ... დღეს, სამწუხაროდ, ყველაზე დაცული ხაზებიც ისმინება, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.

როგორია დღევანდელი პრაქტიკა. ყველა მობილურ ოპერატორს ვალდებულება აქვს (სტრუქტურული ეტაპების გავლის შემდეგ) ჩართოს მოსმენაზე... რა თქმა უნდა, პროკურორ- მოსამართლის, ინსპექტორის სანქცია უნდა იყოს. მაგრამ გამოსარკვევია, ფაილებიდან (დიდი ოდენობაა) რა მოცულობა იყო სანქცირებული და რა - არა. გამოძიებამ პირველ რიგში ეს უნდა დაადგინოს. თუ არასანქცირებული მოსმენებია, მაშინ ხდება ის, რაც ადრე იყო, როდესაც მოსმენა კავშირგაბმულობის კომპანიების გვერდის ავლით მიმდინარეობს და საკონტროლო პულტი ე.წ. ოტო-ში (ოპერატიულ-ტექნიკური სამსასახური) აქვთ. ეს იქნებოდა "ჯეოსელი", "მაგთი", ბუნებრივია, "ბილაინიც". ყველაზე საინტერესო შემთხვევა "ბილაინისაა". ფაქტობრივად, ჩვენი მტრული ქვეყნის სახელმწიფო კომპანიაა და მასაც ჩვენ საუბრებზე საკმაოდ დიდი წვდომა აქვს, თვითონაც რომ მოინდომოს, ამას უპრობლემოდ შეძლებს.

- ჩანაწერები სანქცირებულების შთაბეჭდილებას რამდენად ტოვებს?

- მკითხაობა არ მინდა. მოდით ასე ვთქვათ, სამწუხაროდ სასამართლო სისტემა ისე მკაცრად ვერ აანალიზებს (სუბიექტური და ობიექტური მიზეზებია) რამდენად მოდის დასაბუთება და არგუმენტები სამსახურებიდან. აქ ყოველთვის სუს-ზე ვსაუბრობთ ხოლმე. მაგრამ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონს რომ შევხედოთ, ათამდე სამსახურს გააჩნია ოპერატიულ-ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების უფლება. აქ მოსამართლის კომპეტენციაზე, ხანდახან პრინციპულობაზეც არის ბევრი დამოკიდებული.

აქვე მეორე მომენტია, გადაუდებელი აუცილებლობის პერიოდი, მერე ვინ აკონტროლებს, რომ ის ფაილები განადგურდა... საკმაოდ ჩაკეტილი, სპეციფიკური სფეროა, სადაც ხანდახან ყველაფერი პიროვნულ ნდობაზეა აგებული, ესეც რომ ვიცოდეთ. იგივე კანონი მოითხოვს ფაილების განადგურებას (საგამოძიებო საქმეს რომ არ ეხება), თუკი ფარული მიყურადების დროს არის პირადი ინფორმაცია და მისთ. ამ განადგურებასაც თავისი პროტოკოლი აქვს. ხაზს ვუსვამ, ყველაფერი დამოკიდებულია სისტემის გამჭვირვალობაზე, პიროვნების კეთილსინდისიერებაზე და ა.შ.

- მობილური ქსელების გარდა ოთახებში მონტაჟი ახსენეთ, უფრო გასაგებ ენაზე, როგორ მუშაობს აღნიშნული მოსმენის სისტემა?

- როდესაც ეკლესიის მსახურთა სპეციფიკურ ჩანაწერებზეა ლაპარაკი (ნარკოტიკების მოხმარება, ერთი ფაილი მრუშობა და ა.შ.) შთაბეჭდილება რჩება, რომ ფარული მიყურადების გარდა გამოყენებული იქნებოდა ფარული თვალთვალისა და ვიდეოგადაღების აპარატებიც. თუ ვინმეს ამ ფაილების კომპრომატად გამოყენება სურს, გასაგებია, რომ ფარული ვიდეოგადაღება უფრო წონადი კომპრომატია, ვიდრე მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერი.

რაც შეეხება ე.წ. ჟუჩოკებს (ქართულად ხოჭო), ესეც ფარული მიყურადების აპარატურაა. დღეს უთოდან დაწყებული, ტელევიზორით და კომპიუტერით დამთავრებული ყველაფერი შეიძლება იყოს გამოყენებული ფარული მიყურადებისთვის, ისეა ტექნოლოგიები განვითარებული. ამისთვის შეიძლება თქვენი მობილურიც იქნეს გამოყენებული და ჩემიც, თუნდაც არ ვსაუბრობდეთ. არსებობს სპეციალური პროგრამები, ჩვენგან დამოუკიდებლად შემოდიან ტელეფონში, ხსნიან და აპარატი უკვე მოსმენის რეჟიმში გადადის. ფაქტობრივად, თვითონ ტელეფონი მიკროფონად იქცევა.

ოპერატიულ-ტექნიკური სამსახური ცალკე მიმართულებაა, ტექნოლოგიური გამოგონებების მხრივ ყოველთვის პიონერი იყო, არამარტო საბჭოთა კავშირში, ამერიკაშიც, დაწყებული ფეხსაცმელში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურიდან, ციყვების და მტრედების გამოყენებით დამთავრებული. ცნობილი ფაქტია, ამერიკელები და კანადელები ცივი ომის პერიოდში იყენებდნენ; საბჭოთა საელჩოს შენობაზე მტრედები ისე გაწვრთნილი ჰყავდათ, ღია ფანჯრებზე მტრედებს მიკროფონები ჰქონდათ დამონტაჟებული და ზაფხულში როცა ფანჯარა ღიაა, აქედანაც შეიძლება ფრაგმენტული ინფორმაცია მიიღო. გარდაუვალი ბოროტების მაგალითია, რასაც ფარული მიყურადება ჰქვია. როდესაც სწორად გამოიყენება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის. თუკი არაკეთილსინდისიერი ხალხის ან საერთოდ მტრის ხელშია, ნელი მოქმედების ნაღმად იქცევა.

- დღევანდელი ტექნოლოგია როდის შეიძინეს და რა რესურსი იხარჯება?

- ბუნებრივია არ ვიცი, შემიძლია პარალელები გავავლო. შევარდნაძის პერიოდში უშიშროების სამინისტროში მუშაობისას (შეძენებზე, ხარჯებზე საქმის კურსში ვიყავი), უწყების ბიუჯეტი 8 მილიონი ლარი იყო. მაშინაც დაახლოებით 4 ათასი ადამიანი მუშაობდა. დღეს სუსი-ს ბიუჯეტი 135 მილიონი ლარია და 3800 ადამიანი საქმიანობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დაახლოებით 87 მილიონი სახელფასო ფონდის სახით იხარჯება, სადღაც 50 მილიონი რჩება, საიდანაც უხეშად 20-25 მილიონი ლარი შეიძლება ოპერატიული ტექნიკის შესაძენად იყოს გამოყენებული.

ხელისუფლებაში "ნაციონალების" ყოფნის დროს, განსაკუთრებით 2005 წლიდან. მასობრივად შეიძინეს ძირითადად ჩინური და ებრაული აპარატურა. გააქტიურდა ფარული მოსმენები, ვიდეოთვალთვალი და გადაღებები. "ნაციონალებმა", ფაქტობრივად, პოლიტიკური პოლიცია შექმნეს, სადაც აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური (ფარული მოსმენები, ვიდეოთვალთვალი) მუშაობა მწვერვალის დონეზე იყო აყვანილი. პროფესიონალიზმით კი არა, აგენტურის გადაბირება ხდებოდა, ძირითადად პრობაციონერებში ძალდატანებით, კომპრომატების წაყენებით და ა.შ.

ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისიდან ფიჭურ პროვაიდერებს კანონმდებლობით თანამშრომლობის ვალდებულება ჰქონდათ როგორც უშიშროების სამინისტროსთან; ასევე ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელსაც კანონით აქვს უფლება აწარმოოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. იგივე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია, იუსტიციის ციხეების სისტემა, დაზვერვის დეპარტამენტი, პროკურატურა, შსს, თავდაცვა-სამხედრო პოლიციას ჰყავდა ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფი. ყველა ყველაზე იღებდა და იწერდა მაშინ.

ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას შსს-ს ბიუჯეტი 800 მილიონი იყო. აქედან ალბათ 200 მილიონი სუსი-ს დანაყოფებზე მოდიოდა. ეს ციფრები უკვე მეტყველებს, რომ ტექნიკა-ტექნოლოგიები არის. წლები გავიდა და ახლაც იმავეს ვხედავთ.

იმასაც გეტყვით, რომ იყიდება კიდეც ასეთი ტექნოლოგიები, რომელიც მცირე მოსმენებს, 10-15-50 აბონენტზე ახორციელებს. მობილური ოპერატორის გარეშე შეგვიძლია მოვუსმინოთ კონკურენტებს თუ ა.შ. ამასაც აქვს თავისი ტექნოლოგიური ხაზი და ხელმისაწვდომია. თუმცა ახლანდელი მასშტაბი, ათასობით ფაილი ბუნებრივია სპეცსამსახურში გაკეთებულია.

- ახლანდელ გამოქვეყნებას რა ტიპის სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგები უნდა მოჰყვეს?

- იმით დავიწყოთ, ხელს ვის აძლევდა. ბუნებრივია, ყველაზე ნაკლებად ხელისუფლებას აწყობდა. ჩემი აზრით, იყო ჩანაფიქრი ციხის ცნობილი კადრების პარალელში გასულიყო. არ გამოვიდა, ციხის კადრებს სულ სხვა მორალური დატვირთვა ჰქონდა. ის უფრო უმძიმესი რამ იყო, რასაც საქართველოს მოსახლეობის სრული აღშფოთება მოყვა. ახლა რაც მოხდა, იმის ლუსტრაციაა, რაც უკვე ვიცოდით. ლუსტრაცია გარკვეული სტრუქტურების, ორგანიზაციების, რადგან ეჭვი და ინფორმაცია ყოველთვის გამოდიოდა იქიდან.

გამოძიებას რაც შეეხება, აქ ორი მომენტია. დავიწყებ მეორეთი - ეს არის საიდუმლო დოკუმენტების უნებართვოდ, არასანქცირებულად გასაჯაროება. კანონდარღვევაა, უნდა დადგინდეს როგორ გამოვიდა ეს ინფორმაცია, ვინ გაავრცელა. აქედან გამომდინარე, უკვე მთავარი მნიშვნელობის - რამდენად იყო სანქცირებული და კანონიერი.

რადგან სპეციფიკური ფაილები იყო და შეეხებოდა მღვდელმთავრებს, კანონმდებლობა, კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კრძალავს სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურულ მუშაობას პარტიულ ორგანიზაციებში, საზოგადოებრივში, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებშიც. მაგრამ ერთი დათქმაა - თუ ამ ორგანიზაციების საქმიანობა არის მიმართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ - ეროვნული, რელიგიური შუღლი და ა.შ. გამოძიებამ ზუსტად უნდა აჩვენოს, თითოეული მოსმენის, ოპერაციის უკან რა საფუძველი ჰქონდათ, რომელიმე მამაოს ან ეპისკოპოსს როცა უსმენდნენ. ეს უნდა ყოფილიყო ოპერატიული ინფორმაცია, ზემდგომის მიერ დადასტურებული ნებართვა, სულ მცირე სუსი-ს უფროსის მოადგილის რეზოლუციით უნდა ყოფილიყო. მარტივი და ხელწამოსაკრავი თემა არაა. მართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება, ძალიან მგრძნობიარე თემას ქვეყანაში. შიდა დაძაბულობის, ბრძოლის ფონზე, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ეკლესიაში ვხედავთ. რეალური, ობიექტური გამოძიებაა საჭირო და არა თავის მოტყუება. ხელისუფლებისთვის კარგი იქნებოდა თუ მოიწვევდა უცხოელ სპეციალისტებს ან ჩვენს პარტნიორებსაც ჩართავდა საგამოძიებო საქმეში, თუ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ ეტაპი გადავლახოთ. აღარ იყოს პოლიტიკური პოლიცია და უშიშროების სისტემა ნამდვილად ეროვნულ სპეცსამსახურ ჩამოყალიბდეს.

ავტორი: მერაბ ბერიძე