თამარი 8 თვის ორსულია, რომელიც შვილთან შეგებებას უკვე სახლში ელის, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციის ურთულესი 20 დღე გაიარა. დაუდასტურდა კოვიდ 19–ის დელტა შტამი, რომელსაც მდგომარეობის მოულოდნელი გართულება და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარამდე მისვლა ახასიათებს. თამარმა შეძლო, ბრძოლის უნარი შეენარჩუნებინა და ვირუსზე საბოლოოდ გაიმარჯვა.
„გეგმიური შემოწმების დროს კოვიდ-დადებითი აღმოვჩნდი. მცირეწლოვანი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების უსაფრთხოების მიზნით სასტუმროში გადავედი. ანალიზების შედეგები ყოველდღიურად უარესდებოდა, ამიტომ ჩემი კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა. რამდენიმე დღე სამეანო განყოფილებაში დამაყოვნეს, მოგვიანებით კი რეანიმაციაში გადაყვანა გახდა საჭირო. ფილტვი საკმაოდ დაზიანებული მქონდა, მას დიდი ნაყოფი აწვებოდა, რაც ფილტვების გაშლას უშლიდა ხელს. ექიმები მაქსიმალურად ცდილობდნენ, სასუნთქ აპარატზე არ გადავეყვანეთ. სუნთქვით ვარჯიშებს ვაკეთებდი და არ ვდუნდებოდი. ამან გადამარჩინა. ძალიან დამეხმარნენ ექთნები, რომლებიც ყოველ ღამე ჩემთან ერთად ებრძოდნენ ვირუსს,“ – იხსენებს თამარი.
თამარი ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამეანო გინეკოლოგიური განყოფლების ექიმმა, ქეთევან მებონიამ მიიღო. ამბობს, რომ განყოფილება თვეში, დაახლოებით, 200 ორსულს მართავს და მათი მდგომარეობა, უმეტესად, საკმაოდ რთულია. აღსანიშნავია ისიც, რომ ორსულთა სრული უმრავლესობა აუცრელია.
„თამარი ჩვენი ერთ–ერთი გამორჩეული პაციენტი იყო, რომელმაც ძალიან მოინდომა და დაგვეხმარა, ვირუსთან ბრძოლაში წარმატებისთვის მიგვეღწია. კლინიკაში შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა ძალიან რთული იყო, მკვეთრად გამოხატული სუნთქვის უკმარისობა ფიქსირდებოდა. მკურნალობის პროცესში თავიდანვე ჩავრთეთ რეანიმატოლოგები, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ ვჩქარობდით. ორსულობის გამო CT კვლევას ვერ ვატარებდით და დაზიანების ხარისხის ზუსტი დადგენაც ვერ ხდებოდა. ნაყოფი თავს კარგად გრძნობდა, თამარს კი სუნთქვა უჭირდა. ჟანგბადის მუდმივი მიწოდების მიუხედავად, სატურაცია სასურველ მაჩვენებელზე მაინც ვერ ადიოდა, ამიტომ საბოლოოდ, რეანიმაციაში გადავიყვანეთ, სადაც თითქმის 2 კვირა გაატარა“. – ამბობს ქეთევან მებონია.
ანესთეზიისა და რეანიმაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რთველიაშვილი კი თავის მხრივ იხსენებს, რომ თამარი ემოციებს ძალიან კარგად აკონტროლებდა, სწორედ ამან გადაარჩინა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანას. ბევრი ბრძოლა დასჭირდა, მაგრამ გაიმარჯვა საკუთარ თავზეც და ვირუსზეც.
„არ მოვდუნდი და ექიმებს მაქსიმალურად ვუჯერებდი. მკურნალობის არსი ვიცოდი და ესეც მამშვიდებდა. ზოგადად, განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ უიმედობა შეგეპარება და მოდუნდები, უკან წახვალ. განწყობის შენარჩუნებაში კი ექიმები ძალიან მეხმარებოდნენ, “ -აღნიშნავს თამარი.
თამარი უკვე რამდენიმე დღეა, სახლშია და პატარას დაბადებას მშვიდად ელოდება. მის მდგომარეობას პულმონოლოგი სისტემატურად ადევნებს თვალს.