არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილის განცხადებით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული აქვს ინფორმაცია, რომ უსმენდნენ, იცის შესაბამისი ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა მისი გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
როგორც არქიმანდრიტმა ბართლომემ „ფორმულას“ განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობაა უსმინოს და დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და არა უსმინოს კონკრეტულ ადამიანებს.
„მე ყოველთვის ვიცი, რომ მისმენდნენ. რასაც ვამბობ ტელეფონში, იმას ვამბობ ხმამაღლა. არ მინდა ვთქვა, თორემ ვიცი ვინ მისმენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ის დღესაც არის ამ სამსახურში. მგონი არ შეუწყვეტია ამის გაკეთება. სახელი და გვარით ვიცი, მაგრამ ეს ჩემი საიდუმლოა. ის არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ეკლესიაზე მუშაობდა. სპეცსამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობაა უსმინოს და დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და არა უსმინოს კონკრეტულ ადამიანებს. თუმცა, ალბათ შეიძლება გვისმენენ და ახლოს ვარ იმ აზრთან, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. მე ხმას ისევ „ქართულ ოცნებას“ ვაძლევ, რადგან გადმონაშთი მომსმენი ხალხი იქნებ საბოლოოდ აღმოიფხვრას სისტემიდან. გასაგებია, რომ ეს ჩანაწერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელია, ესეც „ქართული ოცნების“ დროს რომ არის, კოჰაბიტაციის შედეგია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.
ამასთან, გავრცელებულ მასალებში ასახულ ჩანაწერს, თითქოს, ის ბიძინა ივანიშვილთან პატრიარქის შემცვლელის ვინაობას განიხილავდა, არქიმანდრიტი ბართლომე სიცრუეს უწოდებს.
„იყო ასეთი რამ - როცა უწმინდესი იყო ცუდად, [ივანიშვილმა თქვა] ამ კაცმა იცოცხლოს 100 წელი, მას უჭირავს სამშობლოს იდეა და მომავალში ვინც იქნება მასაც უნდა ეჭიროს სამშობლოს იდეა. ეს საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას და არა ის, რაც გავრცელდა. რაც შეეხება მეუფე იაკობის შესახებ ჩანაწერს, მეუფე იაკობი თავიდან იყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის შუამავალი, მაგრამ სიტყვა „ფოსტალიონი“ ალბათ დამახინჯებულია“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ბართლომემ.