ტანმორჩილმა კაცმა ბუცზე თასმა შეიკრა, ფეხზე წამოდგა და დიდ შუბლზე ოფლი მოიწმინდა, ამასობაში გუნდელმა მაღალი გადაცემა გაუკეთა, ბურთი კოხტად დაამუშავა, მარცხენა ფლანგიდან გაიქცა, გზად ორი მცველი ჩამოიტოვა და საჯარიმომდე სწრაფად მიირბინა, მეკარეს ქორივით მზერა ესროლა და კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა... ბურთი კარს გასცდა, მერე მოედანსაც და სადღაც, ძალიან შორს დაეცა. კაცმა თანაგუნდელებსა და მოწინააღმდეგეებს თვალი გადაავლო, მათ კი ტაში დაუკრეს, დარტყმის ტექნიკა მოუწონეს, მხარზე ხელი დაარტყეს, უთხრეს, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი გარღვევა იყო, ძალიან დიდი არაზუსტი დარტყმა კი მოედნის საფარს დააბრალეს. კომპლიმენტებს არ იშურებდა თავად დიეგო მარადონაც კი, რომელიც კმაყოფილი ღიმილით აგორებდა ბურთს.
იმ საღამოს ამ კაცს გოლის გატანის კიდევ უამრავი შანსი მიეცა, 1-2 გამოიყენა, 20-30 ისევ გააცილა. მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებს დოლარებით სავსე ჩანთები მოუტანეს. ცოტა ხანში დიდი ავტობუსიც მოვიდა, საიდანაც ერთი-მეორეზე ლამაზი მოდელი გოგონები გადმოვიდნენ. მთის სუფთა ჰაერს უძვირფასესი სტეიკების სუნი შეერია, რომლებსაც ქვეყნის საუკეთესო მზარეულები წვავდნენ. საღამოს დიდი სუფრა იშლებოდა. კაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ კარში არაზუსტად ურტყამდა, ახლა ბილიარდს თამაშობდა და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ბიზნეს-პარტნიორებს ხვდებოდა. ამ ისტორიაში არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა ერთი ფაქტი: ეს ყველაფერი ციხეში ხდებოდა. დიახ, ნამდვილ ციხეში.
ჩვენი ამბის გმირი კი, არა რომელიმე ყოფილი ფეხბურთელი, არამედ მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე საშიში, გავლენიანი და უმდიდრესი ადამიანი - პაბლო ესკობარია, რომელსაც ფეხბურთი ძალიან უყვარდა.
28 წლის ასაკში მედელინელმა პაბლიტომ, რომელმაც თავი გაითქვა გამოძალვით, ყაჩაღობითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის კონტრაბანდით, ორ პარტნიორთან ერთად, მედელინის კარტელი დაარსა. 2 წელიწადში კი მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. კარტელის შემოსავალი, კოკაინის რეალიზაციით, კვირაში 220 მილიონ დოლარს უტოვებდა.
ესკობარისთვის ფეხბურთი არა მხოლოდ საყვარელი სპორტი, არამედ არალეგალური გზით გამომუშავებული ფულის გათეთრების ინსტრუმენტი აღმოჩნდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი პროგრამა "მედელინი სიღარიბის“ გარეშე. დაიწყო ქალაქის მასშტაბური აღორძინება, შენდებოდა სტადიონები, სვარჯიშო კომპლექსები, საცხოვრებელი რაიონები, კეთილმოწყობილი ბინები, რომელთა უდიდესი ნაწილი გაჭირვებულებს უფასოდ გადაეცათ. გაბედნიერებული ადგილობრივები პაბლოს წმინდანად შერაცხვასაც კი ითხოვდნენ.
ჩონტო ერერა, ალექსის გარსია, ჩიჩო სერნა, ლეონელ ალვარესი, რენე იგიტა და პაჩო მატურანა - კოლუმბიური ფეხბურთის საკულტო ფეხბურთელები იყვნენ, რომლებმაც თამაში ესკობარის აშენებულ მოედნებზე დაიწყეს.
"ფაველებში ჩემპიონატები ტარდებოდა. ფეხბურთის თამაშის დროს სიღარიბე ყველა რაიონს ავიწყდებოდა. ჩვენ ვიყავით ღარიბები, მაგრამ მოედანზე თავს მნიშვნელოვნად და ბედნიერად ვგრძნობდით“, - იხსენებს ერერა, რომელმაც ნაკრების ეგიდით 60 მატჩი გამართა.
"ზოგი ამბობდა, ვისი ფულითაც იყო აშენებული და აკრიტიკებდნენ, რომ ის ნარკოტოკებით მოვაჭრე იყო. მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებდა, ჩვენ ვიყავით ბედნიერები, რომ თამაშის შესაძლებლობა უახლეს სტადიონზე გვქონდა“, - მხარს უბავს ერერას ალვარესი.
როგორც კი ესკობარმა იგრძნო ხალხის მხარდაჭერა, მან პოლიტიკაში წასვლა განიზრახა. "ერთ დღესაც პრეზიდენტი გავხდები“, - ხშირად უმეორებდა ის დედას. ახლა უკვე ვერასდროს გავიგებთ რა იქნებოდა პაბლოს პოლიტიკური პიკი, თუმცა კორუმპირებულ ქვეყანაში, სადაც ბევრი მაღალჩინოსნის მოსყიდვა ფულით შეიძლებოდა, ის რიგითი დეპუტატი ნამდვილად არ იქნებოდა.
"ელ პატრონის“ პოლიტიკური მოწინააღმდეგე იუსტიციის მინისტრი როდრიგო ლარა ბონილია გახდა, რომელიც სამართლისა და სამართლიანობის პრინციპების ერთგული იყო. როდრიგომ მთელი კამპანია წამოიწყო, რომლითაც ხალხს ფაქტებით უხსნიდა, საიდან ჰქონდა პაბლოს მილიარდები. საბოლოოდ, 1984 წელს ნარკომოვაჭრე კონგრესიდან გარიცხეს. რამდენიმე თვეში ბონილიას ლიმუზინი ორმა ბოევიკმა დაცხრილა, თავად მინისტრი კი სასიკვდილოდ დაიჭრა.
ამ მომენტის შემდეგ, პაბლო საბოლოოდ გადაერთო ფეხბურთზე. იმ პერიოდში კოლუმბიური კლუბების დაფინანსების დიდ ნაწილი ნარკოტიკებით მიღებულ შემოსავალზე იყო. სხვა მოვაჭრეებიც ყიდულობდნენ გუნდებს და უბრალოდ ამ შენაძენით ერთობოდნენ. თუმცა ამბიციურ ესკობარს ფეხბურთშიც პირველობა უნდოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი საყვარელი კლუბი “ინდეპენდენტე“ იყო, "ელ პატრონმა“ "ატლეტიკო ნასიონალი“ შეიძინა. კლუბში სერიოზული ცვლილებები დაიწყო, გარემონტდა სავარჯიშო ბაზა, სტადიონი, მაგრამ პრობლემა სხვა რამეში იყო. ცნობილი ფეხბურთელებს, მიუხედავად უზარმაზარი სახელფასო შეთავაზებისა, "ატლეტიკო ნასიონალში“ თამაში არ სურდათ. მათ იცოდნენ მფლობელის ხასიათის შესახებ და ფიქრობდნენ, რომ ერთი შეცდომაც სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ.
გადაწყდა განვითარების ვექტორის შეცვლა - ნაცვლად გამოცდილი კარგი ფეხბურთელებისა, კლუბმა ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტების მოძიება დაიწყო. სწორედ ასე აღმოჩნდნენ "ატლეტიკოში“ ნაკრების მომავალი ლეგენდარული მეკარე - რენე იგიტა, მცველი ლუის პერეა და თავდამსხმელი ლეონელ ალვარესი. მწვრთნელად კი 38 წლის ფრანსისკო მატურანი დანიშნეს. ცვლილებებმა გაამართლეს...
დიდმა ინვესტიციებმა მთლიანი ჩემპიონატის დონის ამაღლება გამოიწვია. ევროპელმა ლეგიონერებმაც კი დაიწყეს კოლუმბიაში ჩამოსვლა.
1988 წელს "ატლეტიკო ნასიონალი“ ლიბერტადორესის თასზე სათამაშოდ გავიდა. ლიბერტადორესი სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატია, დაახლოებით იგივეა, რაც "ჩემპიონთა ლიგა". მომავალ წელს კი უკვე თავად თასსაც დაეუფლნენ, თუმცა უცნობია რა იყო წარმატების მთავარი საიდუმლო: ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები და სტრატეგოსი მწვრთნელი თუ ესკობარის გავლენა.
ლიბერტადორესის ნახევარ ფინალში "ატლეტიკო ნასიონალი“ ურუგვაის "დანუბიოს“ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 0-0 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი მედელინში ტარდებოდა, მსაჯად არგენტინელი კარლოს ესპოზიტო დანიშნეს, რომელსაც ეს მივლინება სამუდამოდ დაამახსოვრდა.
მატჩის წინა დღეს, არბიტრმა, თავის დამხარეებთან - აბელ ნიეკოსთან და ხუან ბავოსთან ერთად, ივახშმა და დასაძინებლად წავიდა. ძილის წინ მან წყალი შეუკვეთა - მსაჯები გააფრთხილეს, რომ ონკანიდან წყლის დალევა სასურველი არ იყო. თუმცა მიმტანი გოგონას ნაცვლად, კარი 4-მა შეიარაღებულმა პირმა შემოანგრია. მსაჯებს მაგიდაზე ჩანთა დაუდეს, სადაც ჯამში 250 000 დოლარი იყო და უთხრეს, რომ ეს მათი საჩუქარია თუ "ატლეტიკო ნასიონალი“ გაიმარჯვებდა. ერთ - ერთმა პირმა კი იარაღის ლულა ნიეკოს თავზე მიაბჯინა.
"ძალიან გვეშინოდა, მაგრამ უარი ვუთხარით, გვინდოდამ ჩვენი საქმე სამართლიანად გაგვეკეთებინა. მათ გვიპასუხეს: "კარგით, მაგრამ ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ კი "ატლეტიკო“ მოიგებს. გახსოვდეთ, თქვენი სიცოხლე აქ არავის ადარდებს". შემდეგ ოთახი გადააბრუნეს, ტელეფონიც კი დაგვიმტვირეს. იმ ღამეს არავის გვძინებია. ამ შემთხვევამდე წელიწადნახევრით ადრე სიგარეტის მოწევას თავი დავანებე, მაგრამ იმ ღამეს ისევ მოვწიე.
სტადიონი გადაჭედილი იყო, ესკობარიც იქ იყო, ტრიბუნაზე იჯდა. უბრალო მედელიენელივით ეცვა, ჩვენ მას ვერ ვხედავდით, თუმცა პოლიციის უფროსმა დაგვიდასტურა, რომ პაბლო იქ იმყოფებოდა. ეს პოლიციელი ათ დღეში მოკლეს. სიმართლე თუ გაინტერესებთ, ძალიან გაგვიმართლა, "ატლეტიკომ“ მაშინ დიდი ანგარიშით მოიგო, არც მკითხოთ როგორ მოახერხეს. მაგრამ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია არ იყო. პოლიციის უფროსმა სტადიონის დატოვების უფლება არ მოგვცა, რადგან დიდი ზეიმი ეწყობოდა. იმ ღამეს ზეიმის დროს 11 ადამიანი დაიღპა. ქუჩებში ადამიანის მაგვარი არსებები დადიოდნენ, რომლებიც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მედელინი - საშინელი ქალაქია", - ყვებოდა ესპოზიტო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ.
შეხვედრა მასპინძლების სასარგებლოდ 6:0 დასრულდა. მოწმეების თქმით, მსაჯების მუშაობა არანაირ ეჭვს არ იწვევდა, რადგან "დანუბიოს“ ფეხბურთელებს ზედმეტად ბურთზე შეხებისაც კი ეშინოდათ.
ფინალში "ნასიონალი“ პარაგვაის "ოლიმპიას“ შეხვდა. კოლუმბიელებს ესკობარის ხალხის მიერ არბიტრების შეშინებამაც ვერ უშველა და 2:0 წააგეს. საპასუხო მატჩი ბოგოტაში უნდა ჩატარებულიყო. "ატლეტიკომ“ 2 გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრა პენალტებამდე მივიდა, რომელიც 18 დარტყმამდე გაიწელა. მატჩის გმირი მეკარე რენე იგიტა გახდა, რომელმაც მოწინააღმდეგეს 1 გოლი გაუტანა და ოთხი 11 - მეტრიანი აუღო. გადამწყვეტი პენალტი ლეონელ ალვარესმა შეასრულა და კოლუმბიურმა კლუბმა ისტორიაში პირელად მოიგო ლიბერტადორესის თასი.
"პაბლო ყველა გატანილ გოლზე ყვიროდა და ხტუნაობდა. არასდროს მინახავს ასეთი ბედნიერი, ჩვეულებრივ ის ყინულის მთა იყო“, - იხსენებს პოპაი, ესკობარის დაცვის უახლოესი წევრი. ფინალური მატჩის შემდეგ ფეხბურთელები "ელ პატრონის“ რანჩოზე მივიდნენ, სადაც უზარმაზარი ბონუსებით დასაჩუქრდნენ.
ადგილობრივ ჩემპიონატში ერთხელ, "ინდიპენდენტე“ "ამერიკას“ ხვდებოდა. ეს უკანასკნელი კალის გუნდი იყო, შესაბამისად, მათი ერთ-ერთი დამფინანსებელი პაბლოს მთავარი კონკურენტი კალის კარტელის ხალხი იყო. როგორც ზემოთ გითხარით, "ინდიპენდენტე“ პაბლიტოს საყვარელი გუნდი იყო. შეხვედრას "ამერიკა“ იგებდა. ერთ - ერთ ეპიზოდში "ატლეტიკომ“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გვერდითმა, არბიტრმა ალვარო ორტეგამ გოლი გააუქმა. ესკობარმა ეს მის შეურაცხყოფად ჩათვალა და იმავე საღამოს ორტეგა დახვრიტეს.
1991 წელს პირველად 10 წლის განმავლობაში "ატლეტიკო“ ქვეყნის ჩემპიონი ხდება, თუმცა ესკობარს ახლა სულ სხვა პრობლემები აქვს. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი სესარ გავირია მას სერიოზულად დევნის. საბოლოოდ მხარეები გარიგდნენ - პაბლო რამდენიმე წვრილ დანაშაულს იღებდა საკუთარ თავზე, ჯდებოდა ციხეში და დანარჩენ კრიმინალურ საქმიანობას პატიობდნენ. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ციხე, რომელსაც "ლა კათედრალი“ ერქვა, თავად ნარკობარონმა ააშენა და ქვეყანაში თითქმის ყველა სასტუმროზე კეთილმოწყობილი იყო. ციხეში იყო აუზი, ჯაკუზი, საუნა და რაც მთავარია ფეხბურთის მოედანი, სადაც "ელ პატრონმა“ დიეგო მარადონასთან ერთად ითამაშა. არგენტინელ ვარსკვლავთან შუამავალი გავიდა კავშირზე და ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა სთხოვა, მან აუხსნა, რომ შეხვედრის ორგანიზატორი "კოლუმბიაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი“ იყო.
"ციხესიმაგრეში მიმიყვანეს, სადაც 1000 შეიარაღებული მცველი იყო. მე ვთქვი: რა ჯანდაბა ხდება აქ, დაპატიმრებული ვარ?! მერე მითხრეს, დიეგო, ეს ელ პატრონია. არც გაზეთებს ვკითხულობდი, არც ტელევიზორს ვუყურებდი, წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო ელ პატრონი. მას კაბინეტში შევხდი, ფეშენებელურ სასტუმროს უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე ციხეს. მითხრა, რომ მოსწონს ჩემი ფეხბურთი და საკუთარ თავსა და ჩემს შორის დიდ მსგავსებას ხედავს, - ჩვენ ორივემ დავამარცხეთ სიღარიბეო.
ფეხბურთი ვითამაშეთ, ყველა კმაყოფილი იყო. გვიან იმავე საღამოს წვეულება გაიმართა, ისეთი ლამაზი გოგონები მოიყვანეს, რომ გულახდილად გეუბნებით, ცხოვრებაში ასეთი ლამაზი გოგონები არსად მინახავს. ეს ყველაფერი კი ციხეში ხდებოდა! არ მჯეროდა. მეორე დილით ფული გადამიხადა და დამემშვიდობა“, - ყვება მარადონა.
"ლა კათედრალში“ კოლუმბიის ნაკრების თითქმის ყველა წევრი ერთხელ მაინც იყო ნამყოფი. მათ შორის რენე იგიტა, რომელიც პაბლოს დღემდე მეგობარს უწოდებს.
კოლუმბიის ფეხბურთის პიკს - 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას - პაბლო უკვე ვეღარ მოესწრო. 1993 წლის 2 დეკემბერს ის სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
ავტორი: ანრი კურტანიძე