კორონავირუსისგან განკურნებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და როგორც ამბობს, მისი გამოჯანმრთელება ყველასთვის მოულოდნელი იყო.
სამშობლოში დაბრუნებულმა მაისაშვილმა მძიმე პერიოდზე "იმედის" ეთერში ისაუბრა.
"დამიჯერეთ, ამ ყველაფერში ჩემი წვლილი ყველაზე მცირეა. მე ვისარგებლებ შესაძლებლობით და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, ვინც ჩემზე ნერვიულობდა. განსაკუთრებით, რთულ მდგომარეობაში ჩავაგდე ჩემი ოჯახი. ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანა საპატრიარქომ, ბევრმა სასულიერო პირმა, რომლებმაც ლოცვა არ შეაჩერეს.
რაგბის კავშირის ოპერატიული ქმედების შედეგად მსოფლიოში საუკეთესო კლინიკაში მოვხვდი. ცალკე აღსანიშნია, იქაური ექიმების და ქართველი ექიმის, ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობის ამბავი. მოკლედ, უამრავმა ადამიანმა მიიღო ამ ბრძოლაში მონაწილეობა.
ძალიან რთული პროცესი იყო. 6 ივლისს მომათავსეს ჰოსპიტალში, 8 რიცხვიდან უკვე აღარაფერი მახსოვს. 28 დღის განმავლობაში გათიშული ვიყავი, აპარატი ფილტვებს ბერავდა 100 პროცენტით და სატურაცია 80 პროცენტზე ვერ აჰყავდათ. ბევრჯერ დადგა საკითხი და ბევრჯერ უთხრეს, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას იქაურმა ექიმებმა, რომ ამ ღამეს ვერ გაატანსო. ერთადერთი ვახტანგ რეხვიაშვილი იყო, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა, რომ გამოვძვრებოდი", - ამბობს მაისაშვილი.
მისი თქმით, ამჟამად რეაბილიტაციას გადის, რათა ფილტვების ფუნქციის სრულად აღდგენა მოხდეს.
"არავინ არ ელოდა, უცბად გავახილე თვალი. მთელი მედპერსონალი შოკში იყო. ამის შემდეგ პროგნოზი იყო, რომ 3-დან 6 თვემდე დამჭირდებოდა რეაბილიტაცია. რეალურად 10 დღეში უკვე გამოვკეთდი. საბოლოო ჯამში ერთი თვე დამჭირდა, რომ აქეთ წამოვსულიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი რეაბილიტაცია აქ უკეთ წავიდოდა. ჩამოსვლის დღიდან სატურაცია დალაგებული მაქვს, ჟანგბადი აღარ მჭირდება. წნევებიც დამირეგულირდა. ამჟამად ფილტვებს უნდა სერიოზული რეაბილიტაცია" - აღნიშნა მაისაშვილმა.
გადაცემაში მძიმე პერიოდი გაიხსენა ლევან მაისაშვილის მეუღლემაც. როგორც სალომე ისიანი ამბობს, მის მეუღლეს იმდენად ძლიერი იმუნიტეტი ჰქონდა, რომ ვირუსის ასეთ რთულ განვითარებას არ ელოდა.
"სიზმარივით აღვიქვამ ამ პერიოდს, ჯერ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. როცა გავიგე, რომ კოვიდი დაუდასტურდა, არ დამიშვია, რომ ლევანს რაიმე გაურთულდებოდა. რაც ლევანს ვიცნობ, არ მახსოვს, წამალი დაელიოს, არც ერთი ავადმყოფობის დროს არ ჩაწოლილა. თუმცა ისე მიეწყო, რომ არალოგიკური რაღაცები ხდებოდა, ისე მძიმდებოდა. ძლიერმა იმუნიტეტმა უფრო არ დაიცვა მე მგონი, ვიდრე დაიცვა. უჩვეულო რაღაც მოხდა" - იხსენებს სალომე ისიანი.
ცნობისთვის, მაისაშვილი ივლისში კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ტესტ-მატჩი ჩაატარა, ფილტვები დაუზიანდა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და ექიმების დახმარებით დაავადება დაამარცხა.