ამაზონი მსოფლიოს უდიდესი მდინარეა, მის წილზე დედამიწის წყლის რესურსის 18% მოდის. მდინარე აუხსნელი მოვლენებით არის აღსავსე.
რატომ არ არის 6400 კმ სიგრძის მდინარეზე არცერთი ხიდი?
რატომ მიედინება პერიოდულად მდინარე საპირისპირო მხარეს?
რითი აოცებს ამაზონი მკვლევარებს?
გიგანტური მდინარე - სამხრეთ ამერიკის დედოფალი მკვლევარებს აბსოლუტურად ყველაფრით აოცებს. მისი ღარი იმდენად დიდია, რომ ოკეანეში შედინებისას მას ათასობით კილომეტრით ამტკნარებს. ამაზონს არ აქვს ზუსტი დინება, ხან უამრავ ნაკადად იშლება, ხანაც ეს ნაკადები ერთმანეთს ერწყმის. მას მრავალი სხვა მდინარე უერთდება.
ყველაზე ფართო ადგილას მშრალ სეზონზე მისი სიგანე 11 კილომეტრს აღწევს, მაგრამ წვიმების დროს ნაპირებს შორის მანძილი 50-დან 80 კილომეტრს შეადგენს. ამაზონის ნაპირებზე ფლორისა და ფაუნის ისეთი წარმომადგენლები ხარობს და ბინადრობს, რომლებსაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად შეხვდები.
მეცნიერებმა ახლახან შეიტყვეს, რომ მდინარის ფსკერზე… კიდევ ერთი მდინარე მიედინება. მას რიო ჰამზა უწოდეს.
ეს გახლავთ 400 - კილომეტრიანი წყალსადინარი, რომლის დინების ტრაექტორია და მიმართულება ამაზონს ემთხვევა, მაგრამ რატომღაც წყალქვეშა დინება ამაზონისგან განსხვავებით მლაშეა. რიო ჰამზას ბუნების ახსნა მეცნიერებისთვის ჯერჯერობით შეუძლებელია.
წელიწადში ორჯერ ოკეანიდან ამაზონში გიგანტური ტალღა ვარდება, რომელიც 800 კმ მანძილზე ზემოდან ეფარება. მისი ღმუილი ნახევარი საათით ადრე ისმის, სანამ მხედველობის ზონაში გამოჩნდება. ამ მოვლენას პოროროკას (მძვინვარე წყალი - პორტ. - დ.ზ.) უწოდებენ. ამ დროს მდინარე უკუღმა იწყებს დინებას 4-6 მეტრის სიმაღლის აზვირთებული ტალღებით, საათში 20-27 კმ სიჩქარით. ამ დროს ამაზონზე ყველაზე თავზეხელაღებული სერფერები იკრიბებიან. მათ არც პოროროკის სიჩქარე აჩერებთ, არც რისკი, რომ რომელიმე წყლის ბინადარის ლუკმა გახდებიან ან ძვლებს მიიმტვრევენ სადმე დალეწილ ხეზე.
ზოოლოგები მიიჩნევენ, რომ პოროროკის გამო ამაზონზე ზღვის ცხოველები ბინადრობენ. მაგალითად, ადგილიბრივი ვარდისფერი დელფინები, როგორც ჩანს, ერთ დროს ოკეანიდან ძალიან შორს გადმოსროლილების შთამომავლები არიან და მდინარის პირობებზე მორგება მოუწიათ.
ყველა ამ მიზეზის გამო ამაზონზე ხიდის გადებას აზრი არ აქვს. როგორ უნდა გააგო სტაციონარული კონსტრუქცია მდინარეზე, რომელმაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს მიმართულება, სიღრმე, ტალღის სიმაღლე, სიმლაშე…
ასეთი შეცდომა კონტინენტის მეზობლებმა უკვე დაუშვეს - ჰონდურასში ძალიან ძვირად ღირებული ხიდი ააშენეს, რომლის ქვეშაც მდინარემ სხვა მიმართულებით გადინება მოისურვა.
და ყველაზე მთავარი - ეკონომიკური თვალსაზრისით აბსურდია უზარმაზარი თანხების ხარჯვა 11- 80 კმ სიგანის მქონე მდინარეზე ხიდის ასაშენებლად. ადგილობრივები ტრანსპორტის ყველა სახეობას ნავებს ამჯობინებენ. აქ ხომ, ფაქტობრივად ,გზებიც კი არ არის. ტურისტები კი სწორედ მდინარის სანახავად ჩამოდიან და ასევე ნავებს ან კატერებს ირჩევენ, გზები და ხიდები ნაკლებად საინტერესოა.
ავტორი: დუდანა ზაქარაია