ავტორი:

"ქუდი ეფარა, სათვალე ეკეთა, რაღაცნაირად ჩაცმული იყო... "ლიმონკა“ ეჭირა ხელში" - რას ჰყვება თვითმხილველი "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელის შეჭრაზე

"ქუდი ეფარა, სათვალე ეკეთა, რაღაცნაირად ჩაცმული იყო... "ლიმონკა“ ეჭირა ხელში" - რას ჰყვება თვითმხილველი "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელის შეჭრაზე

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" იმ ფილიალის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელშიც ამ დროისთვის შეიარაღებული თავდამსხმელია შეჭრილი და მძევლები ჰყავს, შემტხვევის დროს ბანკში იმყოფებოდა, თუმცა, მან შენობიდან გარეთ გამოსვლა მოასწრო. ის "რუსთავი 2"-თან მომხდარის დეტალებზე საუბრობს.

"ქუდი ეფარა, სათვალე ეკეთა, რაღაცნაირად ჩაცმული იყო, ის დავინახე, რომ "ლიმონკა“ ეჭირა ხელში და თითი ჰქონდა გაყოფილი. დაახლოებით სამი საათი იქნებოდა. რომ შევედი დარბაზში (ბანკის), ეს კაცი გამოვარდა ეგრევე, მეთქი თამაშობს, ხუმრობს მეთქი, ასე მეგონა.

შემეშინდა და გიჟივით გამოვარდი, ერთი ქალიც გამოვარდა, ხნიერი ქალი იყო, პირადობა ბანკი დარჩა. ყველა თანამშრომელი შიგნით იყო, მენეჯერიც შიგნით იყო. "ლიმონკა" დავინახე მარტო, ჩასხმული პიროვნება იყო. სხვა იარაღი არ დამინახავს.

ბანკში როგორ შემოვიდა ეგ დამინახავს, რომ შევედი, დაწესებულება უნდა დამელაგებინა და ის შიგნით იყო უკვე. იძახდა - გარეთ გადით ახლა ყველანიო.

არ ვიცი რამდენი ადამიანი იქნება იქ", - ამბობს თვითმხილველი.

ცნობისთვის, ყვარელში "საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ის ცნობით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. მათი ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.