ავტორი:

გენპროკურორის მეუღლის უძრავი ქონება და არცერთი ბინა შოთაძის სახელზე - რა ქონებას ფლობს ორგზის გენპროკურორი და რა ოდენობის ქველმოქმედება გასწია

გენპროკურორის მეუღლის უძრავი ქონება და არცერთი ბინა შოთაძის სახელზე - რა ქონებას ფლობს ორგზის გენპროკურორი და რა ოდენობის ქველმოქმედება გასწია

მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2005 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, თავის სფეროში აქტიურად მუშაობს. მან კარიერა საქართველოს პროკურატურაში 2006 წლის მარტში დაიწყო, თავიდან მუშაობდა საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში სპეციალისტად, შემდეგ იყო სტაჟიორ-პროკურორი, სტაჟირების დასრულების შემდეგ კი, პროკურორის პოზიცია ეკავა უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფში. ასევე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც. (იხილეთ ბიოგრაფია სრულად)

2015-2018 წლებში ის ერთხელ უკვე იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას ქვეყანაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიების გამო დატოვა, თუმცა 2020 წლის 18 თებერვალს ის ხელახლა აირჩიეს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

ირაკლი შოთაძეს ჰყავს მეუღლე ნინო გოტიაშვილი და ორი შვილი - ნიკოლოზი და ანა.

საინტერესოა რა ქონებას ფლობს ოჯახი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც შოთაძემ 2021 წლის 30 აპრილს შეავსო.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ირაკლი შოთაძის ოჯახმა 2012 წლის 12 ივლისს, 17 000 აშშ დოლარად შეიძინა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც გენპროკურორმა ოჯახისგან საჩუქრად 2019 წელს მიიღო.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, შოთაძე “თი -ბი -სი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 2243,13 ლარს ფლობს. ამავე ბანკში გახსნილი აქვს საკრედიტო ანგარიში - 10 000 ლარის ოდენობის.

“საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშზე მას 30 715, 7 ლარი აქვს, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე, დეკლარაციის შევსების მომენტში, 11 000 ლარი ერიცხებოდა, დანაზოგის სახით კი, გენპროკურორი 45 000 ლარს ფლობდა..

შოთაძე 2020 წლის 1 იანვრიდან 17 თებერვლამდე “სილქნეტის“ იურიდიულ კონსულტანტად მუშაობდა, რაშიც გასამრჯელოს სახით 20 000 ლარი აიღო.

2020 წლის იანვრიდან, 2020 წლის 31 დეკემბრამდე “სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების“ ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე 3443 ლარი გამოიმუშავა.

2020 წლის 17 თებერვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს გამომუშავებული აქვს 20 600 ლარი.

2017 წლიდან 2020 წლამდე იპოთეკური სესხის სახით მისმა გასავალმა 21 033 ლარი შეადგინა.

აქვს ბანკში გახსნილი ორი საკრედიტო ბარათი, ერთი 10 000 ლარის ოდენობით, მეორე კი 11 000 ლარის ოდენობით.

2020 წლის 30 ნოემბერს სოფ. წავკისში მიწის შესაძენად აღებული აქვს იპოთეკური სესხი - 340 000 ლარი.

გასავალის სახით, შოთაძეს საქველმოქმედო დახმარებად მითითებული აქვს 5500 ლარი, მისი შვილის - ნიკოლოზ შოთაძის სწავლის საფასური - 5115 ლარი და სესხის დაფარვა 21 033,7 ლარი.

  • რა ქონებას ფლობს გენპროკურორის მეუღლე?

ირაკლი შოთაძის მეუღლეს ნინო გოტიაშვილს 2021 წელს წავკისში შეძენილი აქვს 123 100 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, რომლის 100%-იანი მფლობელია.

2019 წელს თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე შეიძინა 15 კვ.მ ფართობის სამი ავტოფარეხი, თითოეულის ღირებულება 5000 ლარია.

2016 წელს 100 000 დოლარად შეიძინა 150, 5 კვ.მ ბინა.

2011 წელს კი უყიდია 1092 კვ.მ მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ალგეთში. ასევე 87 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომლის ღირებულება იმ დროისთვის 10 000 ლარი იყო.

ნინო გოტიაშვილს გახსნილი აქვს ორი ანგარიში. “ვი- თი- ბი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე ის დეკლარციის შევსებისას 0 ლარს ფლობდა, ხოლო “თი- ბი- სი“ ბანკის აგარიშზე 624 ლარი ერიცხებოდა.

რაც შეეხება სამსახურს, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე სს “სილქნეტში“ იურისტის თანამდებობაზე გამომუშავებული აქვს 20 600 ლარი.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა