ავტორი:

"არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ ზურაბ მახარაძესა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალდება წაუყენონ" - შს მინისტრის მოადგილე სახალხო დამცველს პასუხობს

"არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ ზურაბ მახარაძესა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალდება წაუყენონ" - შს მინისტრის მოადგილე სახალხო დამცველს პასუხობს

"არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პირებს ბრალი წაუყენონ - ზურაბ მახარაძე იქნება თუ სხვა, თუკი იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, მოხდება რეაგირება", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებზე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ დაინტერესებაზე საუბარი გაუგებარია იმ ფონზე, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში.

"5-6 ივლისის მოვლენებზე შსს აქტიურ გამოძიებას ახორციელებს 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე და 31 პირი უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პირის მიმართ რომ ბრალის წაყენების შესაძლებლობა დადგეს და მისი პასუხისგება მოხდეს, საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები. მე რამდენადაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია.

შესაბამისად, პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს პირს ბრალი, ბუნებრივია, ბრალს წაუყენებენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ არის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები, რომ ბრალი წაუყენონ. გაუგებარია პოლიტიკურ ნიშანზე საუბარი მაშინ, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფო არის მათ მიმართ შემწყნარებელი, მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, არაერთი ნივთი იქნა ამოღებული, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება. სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში წერია, რომ მას აქვს მხოლოდ დასრულებული სისხლის სამართლის საქმეებზე მასალების გაცნობის შესაძლებლობა, თუ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები და მას ექნება შესაბამისი საპროცესო უფლებები, მოხდება მისთვის მასალებიც გაცნობა. 700- მდე ადამიანია გამოკითხული, არაერთი მტკიცებულებაა დამატებული საქმეში, გაჭიანურებას რას ეძახით, არ ვიცი,"- განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე ზურაბ მახარაძისა და მღვდლის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.