ავტორი:

"მატულობს კონკურენცია წყლის რესურსების სფეროში" - რა წერია გაეროს ექსპერტების მომზადებულ მოხსენებაში: მტკნარი წყლის რეზერვების რამდენ პროცენტს იყენებს საქართველო?

"მატულობს კონკურენცია წყლის რესურსების სფეროში" - რა წერია გაეროს ექსპერტების მომზადებულ მოხსენებაში: მტკნარი წყლის რეზერვების რამდენ პროცენტს იყენებს საქართველო?

გაეროს საინფორმაციო ცენტრის (United Nations Information Centres) რუსულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მოხსენების მოკლე შინაარსი, სათაურით: "წყლით სარგებლობის მდგომარეობა მსოფლიოს ქვეყნებში“, რომელშიც ნათქვამია:

"გლობალური დათბობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების წყლით უზრუნველყოფაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მსოფლიოს ბევრ რეგიონში შეიცვალა ნალექების რაოდენობა და მათი რეგულარობა, სულ უფრო ხშირად ხდება მოულოდნელი გვალვები, ამის გამო მწვავედ იგრძნობა სასმელი და სარწყავი წყლის ნაკლებობა, მატულობს კონკურენცია წყლის რესურსების სფეროში.

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადებულ მოხსენებაშია აღნიშნული, "წყალი სიცოცხლის წყაროა, რომელიც იმავდროულად აგროსასურსათო სისტემების ბირთვსაც წარმოადგენს“. სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსოფლიოში არსებული მტკნარი წყლის 72% სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იხარჯება, 16% - ინდუსტრიულ წარმოებაში, 12% კი - საყოფაცხოვრებო სფეროში.

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ერთი-მესამედი - 2,3 მილიარდი ადამიანი - ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, რომლებიც წყლის უკმარისობას განიცდიან, ხოლო 10%, ანუ 733 მილიონი ადამიანი - წყლის კრიტიკული დეფიციტის მქონე სახელმწიფოებში ცხოვრობს. ასეთ ქვეყნებში წყალი არ კმარა არათუ სოფლის მეურნეობისათვის, არამედ სასმელადაც.

როგორც FAO იტყობინება, უახლოეს ათწლეულში წყლის დეფიციტს სულ უფრო მეტი ქვეყანა იგრძნობს. რიგი მსხვილი ქალაქები, როგორიცაა პეკინი, ლონდონი, მუმბაი, ტოკიო, სავარაუდოდ, 2050 წლისათვის წყალმომარაგების მხრივ მწვავე კრიზისში აღმოჩნდებიან.

იმისთვის, რომ წყლის უკმარისობის დონე განისაზღვროს, FAO-ს ექსპერტები იყენებენ ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა "წყლის სტრესი“, ანუ წყლის რესურსებზე დატვირთვის დონე. ამის მიხედვით ისინი ითვლიან წყლის მოხმარებისა და მისი რეზერვების პროცენტულ შეფარდებას.

2018 წლისათვის მსოფლიოში გამოყენებული იყო მტკნარის წყლის მარაგის 18,4%, თუმცა პლანეტის ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ცენტრალურ აზიაში, წყლის მოხმარება ბევრად აღემატება მსოფლიოს საერთო მაჩვენებელს.

  • უზბეკეთი და თურქმენეთი: კრიტიკული დატვირთვა წყლის რესურსებზე

უზბეკეთსა და თურქმენეთში წყლის რესურსებზე დატვირთვის დონეს სპეციალისტები კრიტიკულად აფასებენ, რაც, ფაქტობრივად, 100%-ზე მეტია. იმ წყლის მოცულობა, რომელსაც ეს ქვეყნები მოიხმარნენ, შესაბამისად, 169% და 144%-ია, მათი რესურსების გათვალისწინებით.

ტაჯიკეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში "წყლის სტრესი“ საშუალოდ არის შეფასებული, რომელიც შესაბამისად, 62%-ს, 56%-ს და 54%-ს შეადგენს. ყირგიზეთში და ყაზახეთში მტკნარი წყლის გამოყენების მაჩვენებლი ასევე მსოფლიო მაჩვენებელზე მეტია და შესაბამისად, 50%-ს და 33%-ს უდრის.

რუსეთი და საქართველო მტკნარი წყლის თავისი რეზერვების მხოლოდ 4%-ს იყენებენ, მოლდოვა - 12%-ს, უკრაინა - 14%-ს. ყველაზე მეტად წყლის მოხმარება ხდება კუვეიტში (თავის რესურსებთან შედარებით). ამ მხრივ ყველაზე კარგი სიტუაციაა კონგოში (აფრიკა), სადაც ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,03%-ს შეადგენს.

  • ეფექტიანი სარგებლობა წყლის რესურსებით

FAO-ში აღნიშნავენ, რომ 2015-2018 წლებში მსოფლიოში წყლის სარგებლობის ეფექტიანობა 9%-ით გაიზარდა. ეს პოზიტიური ცვლილებები ძირითადად ინდუსტრიული წარმოების სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯზე მოხდა.

მსოფლიოს 86 ქვეყანაში 2006-2018 წლებში ასევე მოიმატა წყლის რესურსების ხარჯვის ეფექტიანობამ სოფლის მეურნეობაში.

"მტკნარი წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, აუცილებელია სასურსათო სისტემების რეორგანიზაცია, მათი უფრო მდგრად და მტკიცე სისტემებად გარდაქმნა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედამიწის მოსახლეობა მშობლიური პლანეტის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხის წინაშე დგას“, - ამბობს FAOის გენდირექტორის მოადგილე მარია ელენა სამედო.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ