"ჩეჩნეთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი, სახალხო გმირები კი ცდილობდნენ, ის ისეთი გამხდარიყო, როგორიც ახლაა", - ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ეს პოსტი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა, რასაც ადგილობრივების აღშფოთება მოჰყვა.
"რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ისტორიასთან დაკავშირებით თავისი ხედვა რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზეც წარმოადგინა, სადაც განაცხადა, რომ მათ არასდროს ჰქონიათ დამოუკიდებლობა და მით უფრო, სახელმწიფო", - წერს kavkaz-uzel.eu.
"სინამდვილეში, ჩეჩნეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა და არავითარი სახელმწიფო არ გვქონია. შეიხ მანსურს დამოუკიდებლობა რომ სდომოდა, გელენჯიკამდე კი არ ჩავიდოდა, რესპუბლიკაში იბრძოლებდა და აქ დააარსებდა სახელმწიფოს თავისი დროშითა და გერბით. მან კი მთელი კავკასია ბრძოლით გაიარა და ანაპამდე მიაღწია", - ციტირებს გამოცემა კადიროვის სიტყვებს.
მისივე თქმით, ჩეჩნეთის სახალხო გმირები - შეიხ მანსური, ბეისანგურ ბენოევსკი, ტაიმინ ბიბოლატი და ადინს სურხო იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეექმნათ ისეთი ჩეჩნეთი, როგორიც ის დღეს არის.
"რისთვის ვიბრძოდით შეიხ მანსურის დროიდან? - იმისთვის ვიბრძოდით, რომ ალაჰი, მისი შესაძლებლობები შეგვეცნო და ჩეჩნური კოდექსი შეგვენარჩუნებინა.. თუ გადავხედავთ ჩვენს ეროვნულ გმირებს და განსვჯით მათ მიერ განვლილ გზას, თუ რა გააკეთეს, რას მიაღწიეს, ნათელია, რომ ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს“, - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.
კადიროვის მოსაზრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე "კადიროვცები" ნადირობენ, რის შემდეგაც, ისინი ან ქრებიან, ან ვიდეომიმართვას ავრცელებენ, სადაც ბოდიშებს იხდიან, უმეტესობამ აზრი სოციალურ ქსელში ფსევდონიმით გამოხატა.
"რომელ დამოუკიდებლობაზე საუბრობს?! ჩეჩნეთი დამოუკიდებელი იყო შამილის იმამატის დროს“, - წერს დაღესტნელი ინტერნეტმომხმარებელი.
"რას ბოდავს ეს, თურმე კავკასიელი გმირები იმისთვის იბრძოდნენ, რომ შემდეგ მონობაში ეცხოვრათ?!“ - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი "ვორკიტინსკი".
"კადიროვი არის ნათელი მაგალითი, თუ რას უშვება პუტინის მონობა ადამიანს, სრული ძალაუფლების სანაცვლოდ. არც მიკვირს, რადგან რამდენიმე დღის წინ ბოდიშების კიდევ ერთი კასკადი ვიხილეთ, რუსმა ჩემპიონმა, მებრძოლმა არტურ კულიცკიმ მოუხადა ბოდიში კრიტიკული პოსტის გამო.
გავრცელებულ ვიდეოში, ყველაფერი ალკოჰოლს დააბრალა. არადა, რამდენიმე დღის წინანდელ ვიდეომიმართვაში ის უკრაინასა და ბელარუსში რუსეთის ხელისუფლებისა და "კადიროვცების" ამაზრზენ და უკონტროლო ქმედებებზე საუბრობდა. თუმცა, მალევე ყველაფერი უარყო და რუსეთის ხელისუფლებასაც და კადიროვსაც ბოდიში მოუხდა. ალბათ, ყველაფერი გასაგებია. პუტინის ხელქვეითი კადიროვი ყველა ზღვარს სცდება, მისი "აღმზრდელივით," - წერს ინტერნეტმომხმარებელი, არტემ ადამოვი.
"თქვენ გგონიათ, მან თავისი ქვეყნის ისტორია თუნდაც სასკოლო დონეზე მაინც იცის? - არ დაიჯეროთ. კრემლში მოაზროვნეები რაში სჭირდებათ?! რაც უფრო სუსტი გონებისაა, მით უკეთესი სამართავია, რასაც ჩააგონებ, იმას იტყვის. ჰოდა, ახლა ჰგონია, რომ უსასტიკესი "კადიროვცების" დახმარებით ისტორიასაც შეცვლის", - მიაჩნია ალიას კურდინოვს.
2019 წელს მან იმამ შამილი ჩეჩნების განადგურებაში დაადანაშაულა. კადიროვის თქმით, 1840 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაღესტნელი იმამი შამილი თავის 400-კაციანი რაზმით დაღესტნიდან ჩეჩნეთში მოვიდა და თავი ჩეჩნეთისა და დაღესტნის იმამად გამოაცხადა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ჩეჩნეთის მოსახლეობის რაოდენობა ორჯერ და მეტჯერ შემცირდა.
მაშინ კადიროვის სიტყვებს დაღესტნის რესპუბლიკის ცენტრალური მუფტიატი გამოეხმაურა და ჩეჩნეთის დღევანდელ ლიდერს კორექტულად შეახსენა, რომ იმამ შამილის მსგავსად, რუსეთის წინააღმდეგ თავდაპირველად კადიროვის მამა, ახმად კადიროვიც ებრძოდა.
დაღესტნის რესპუბლიკის მუფტიატი მიიჩნევს, რომ სასულიერო ლიდერებისა და ერის წინამძღოლების მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები მთელი ხალხისათვის სილის გაწვნას უდრის.
"ასეთ შემთხვევაში ჩვენ, მორწმუნეები, საუკეთესო გამოსავლად უზენაესისადმი სასოებას მივიჩნევთ. იმამი შამილი კი თავად გასცემს პასუხს იმამ შამილის შეურაცხყოფისათვის“, - წერია დაღესტნის მუფტიატის განცხადებაში.