ავტორი:

"ორივე კოვიდდადებითი დაიბადა, კოვიდური პნევმონია აქვთ, ვითარებას დღენაკლულობა ამძიმებს" - რას ყვება ექიმი ტყუპის შესახებ, რომელთა დედაც კოვიდით გარდაიცვალა

"ორივე კოვიდდადებითი დაიბადა, კოვიდური პნევმონია აქვთ, ვითარებას დღენაკლულობა ამძიმებს" - რას ყვება ექიმი ტყუპის შესახებ, რომელთა დედაც კოვიდით გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაცვლილი 47 წლის ნატო ფხაკაძის ახალშობილების მდგომარება მძიმეა. ტყუპები 28 კვირის ორსულობაზე, საკეისრო კვეთით, ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" დაიბადნენ. ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ბარათაშვილის თქმით, 15 დღის ახალშობილები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან და მათი მდგომარეობა კრიტიკულია, მდგომარეობას ახალშობილთა დღენაკლულობაც ართულებს.

ექიმის თქმით, საკეისრო კვეთის ჩატარება დედის ინფიცირების და მძიმე მდგომარეობის გამო გახდა აუცილებელი.

"28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ. შვიდთვიანებიც არ არიან. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ, დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია აქვთ. 15 დღის არიან, აპარატზე რჩებიან. განსაკუთრებულ, კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, პარამეტრების შემცირებასაც ვერ ვახერხებთ, ვითარებას დღენაკლულობა ამძიმებს. მთელი ფილტვი მოცულია კოვიდური პნემვონიით.

ყველაფერს ვაკეთებთ ამ ბავშვების გადასარჩენად. ვიბრძვით მთელი განყოფილება და იმედი გვაქვს, რომ მოერევიან პატარები. დედიდან დაინფიცირდნენ. ახლანდელი შტამი მძიმეა და გადადის დედიდან მუცლადმყოფ შვილებზე. ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშები არიან. რადგან დედის მდგომარეობა მძიმე იყო, საკეისრო ჩარევა ამიტომ დაჭირდა", - განაცხადა მარინა ბარათაშვილმა.

ბავშვები 19 აგვისტოს გაჩნდნენ. ახალშობილების დედა მდგომარეობის დამძიმების გამო, ოჯახმა თბილისში გადაიყვანა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ის კორონავირუსით გარდაიცვალა.