საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ყველა სახის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე უსაფუძვლოა.
სამინისტროში მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხზე უარის თქმის საფუძველს განმარტავენ და აცხადებენ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც იძლევა საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი. თუმცა უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
„საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორებთან ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად. საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორების მიერ გამოყოფილი მხარდაჭერის შედეგად, ქვეყანაში არაერთი სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა.
საქართველოს ჰქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. შედეგად, ქვეყანამ ჯამში მოიზიდა 2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება, რამაც შესაძლებელი გახადა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხს - მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი.
როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად, უკვე შევამცირეთ შიდა ვალის აღება და წელს ვფარავთ 150 მლნ ლარის ოდენობის შიდა ვალს. დამატებითი შემოსავლები გვაძლევს საშუალებას, 2021 წელს ნაწილობრივ შევამციროთ საგარეო ვალის აღებაც, თუმცა მომდევნო წლებში კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ფინანსური რესურსების მოზიდვა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
შესაბამისად, ყველა სახის განცხადება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე - არის უსაფუძვლო“, - ნათქვამია განცხადებაში.