ავტორი:

"ევროკავშირიდან ფინანსური დახმარება თუ შეწყდა, პირდაპირი ინვესტიციების სახით შეიძლება დავკარგოთ უკვე მილიარდები" - "კლასიკური ვირეშმაკობა" თუ რუსეთისკენ სვლის მაგალითი?

"ევროკავშირიდან ფინანსური დახმარება თუ შეწყდა, პირდაპირი ინვესტიციების სახით შეიძლება დავკარგოთ უკვე მილიარდები" - "კლასიკური ვირეშმაკობა" თუ რუსეთისკენ სვლის მაგალითი?

"ნებისმიერი ინსინუაციის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლება საგარეო ვალის შემცირებას ცდილობს“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რითაც, ფაქტობრივად უპასუხა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. შეგახსენებთ, გასულ კვირას, ღარიბაშვილი კიევში ოფიციალური ვიზიტისას, შარლ მიშელს შეხვდა, ეს უკანსკნელი კი ამ შეხვედრას "ტვიტერში“ გამოეხმაურა და დაწერა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საურისას ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროსო... "მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ მიშელის პოსტში. ღარიბაშვილმდე ამ საკითხზე ილაპარაკა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. „ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა“, - განაცხადა მან

"მე მგონი, შარლ მიშელს ებრძვიან და გარიგებულები არიან მაგის ოპოზიციონერ მოწინააღმდეგესთან იქ, თავის ადგილას და ასე უთხრიან ძირს, რომ მის შეთანხმებას არ სცემენ პატივს და ამის შესახებ მთელ მსოფლიოს აცნობებენ’, - ასე აფასებს ხელისუფლების პოზიციას " გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.

  • მაინც როგორ შეიძლება შეფასდეს ხელისუფლების ეს განცხადებები?

ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარის, თენგიზ ფხალაძის შეფასებით, როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, არავითარ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ვიწრო ფინანსურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ.

"როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, არავითარ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ვიწრო ფინანსურ ჭრილში არ უნდა იქნას განხილული და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ამის პოლიტიკური კონტექტსი. აი, ამ მიდგომით უნდა შევხედოთ ნებისმიერ საკითხს, ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დახმარება არ გვჭირდება, მით უმეტეს, დახმარება მიბმულია კონკრეტული ვალდებულებების შესრულებასთან, აქედან გამომდინარე, ამ ქმედების მთელი პოლიტიკური კონტექსტი და შედეგები უნდა წარმოვიდგინოთ. ეს არ არის მხოლოდ ფინანსური თემა, ძალიან კარგად უნდა იყოს განსაზღვრული კონტექსტი, არაერთხელ გაცხადებული იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, თუ რა კონტექსტში მოიაზრება ეს დახმარება. ზოგადად, ეს ცალკეული საკითხი ხომ არ არის და განყენებულად ხომ არ ვლაპარაკობთ? აქ არის მთლიანი კომპლექსი, რაც დაკავშირებულია შარლ მიშელის დოკუმენტთან. კარგად უნდა გვესმოდეს ამ ყველაფრის პოლიტიკური წონა და პოლიტიკური შედეგი, მით უმეტეს, იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს იმის ამბიცია, რომ 2024 წელს განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში.

ჯერჯერობით შეცდომების კასკადს ვხედავ, რომელიც აუცილებლათ დაგვიბრუნდება უკან. ძალიან სამწუხაროა, რომ შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ" , - განაცხადა ფხალაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს კი მიაჩნია, რომ ეს "ვირეშმაკული გზავნილი“, რა თქმა უნდა, ამომრჩეველზეა გათვლილი, შიდა პოლიტიკურ ამოცანებს ისახავს მიზნად, თორემ რეალურად, ვინც გაცნობიერებულია, იმას კარგად ესმის, რას ნიშნავს მაკროსაფინანსო დახმარების შეწყვეტა. ამით ჩვენ პირდაპირი ინვესტიციების სახით შეიძლება დავკარგოთ უკვე მილიარდები, ანუ ფინანსური და ეკონომიკური ზარალიც ბევრად უფრო მასშტაბური იქნება.

"ეს არის კლასიკური ვირეშმაკობა. ესენი პოლიტიკური პროცესის ისეთ განვითარებას აპირებენ, იციან, რომ აუცილებლად მოხდება დახმარების შეწყვეტა და ამით სახის შენარჩუნებას "ჩალიჩობენ“ - აი, ისინი კი არ გვიწყვეტენ, დახმარებაზე ჩვენ თვითონ ვამბობთ უარსო. მათი ეს ვირეშმაკული გზავნილი, რა თქმა უნდა, ამომრჩეველზეა გათვლილი, შიდა პოლიტიკურ ამოცანებს ისახავს მიზნად, თორემ რეალურად, ვინც გაცნობიერებულია, იმას კარგად ესმის, რას ნიშნავს ამ დახმარების შეწყვეტა. აქ არ არის მხოლოდ თანხებზე ლაპარაკი. პოლიტიკური კონტექსტი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ერთია, მაგრამ ეკონომიკურადაც არ ამბობენ სწორს - შენ თუ მაკროფინანსური დახმარება გიწყდება ევროკავშირიდან, ეს არის ინდიკატორი ძალიან ბევრი პოტენციური ინვესტორისთვის. ეს დახმარება თუ შეწყდა, ჩვენ პირდაპირი ინვესტიციების სახით შეიძლება დავკარგოთ უკვე მილიარდები. ანუ ფინანსური და ეკონომიკური ზარალიც ბევრად უფრო მასშტაბური იქნება. ეკონომიკაში ყველაფერი დომინოს პრინციპით ვითარდება, თუ ასეთი რაღაც გიწყდება, გადადიხარ მაღალი რისკის ზონაში, სადაც ფულს აღარავინ დებს, არაპირდაპირი დანაკარგები ბევრად უფრო მეტია, ამაშია პრობლემა. ესენი მთლად ისეთი იდიოტებიც არ არიან, ეს არ ესმოდეთ, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, არაფერი აინტერესებთ და კიდევ შეეცდებიან თავისი ვირეშმაკობით ვიღაც გააცურონ და გააცუცურაკონ. შედეგები იქნება ძალიან მძიმე, დეგრადაციის პროცესში ვართ და ეს პროცესი სადამდე გაგრძელდება, ან როდის შეჩერდება, არავინ იცის. ამათ ასე თუ გააგრძელეს, ყველა მათი ნაბიჯი იქნება დასავლეთისგან იზოლაციის და რუსეთისკენ სვლის მაგალითი", - ამბობს გია ხუხაშვილი.