ავტორი:

დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში? - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში? - რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

სკოლები და უმაღლესი დაწესებულებები 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იფუნქციონირებენ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

მისი თქმით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.

“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით კი, ყველა უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში იწყებს, ერთადერთი გამონაკლისია მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები.

"ყველა უნივერსიტეტს სწავლის დაწყების თავისი თარიღი გააჩნია და თავისი აკადემიური გრაფიკით აწარმოებს სასწავლო პროცესს - ყველა იწყებს, როდესაც მათ აქვთ ეს გაცხადებული, ოღონდ 4 ოქტომბრამდე იწყებენ დისტანციურ ფორმატში და 4 ოქტომბერს ვნახავთ სიტუაციას. ჩვენ დეტალურად გამოვიკვლევთ იმ დროისთვის, რა არის ინფიცირების მაჩვენებელი კონკრეტულ ქალაქსა და სოფელში და ამაზე იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება.

უნივერსიტეტებში ერთადერთი გამონაკლისი ეს გახლავთ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური მეცადინეობები. მინდა აღვნიშნო, რომ თეორიული მედიცინისთვისაც სწავლა მთლიანად იქნება დისტანციურად 4 ოქტომბრამდე. რაც შეეხება მანამდე, უფლებამოსილება ეძლევათ უნივერსიტეტებს, რომ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკური,

ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები აწარმოონ დასწრებული ფორმატით, ოღონდ აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დათქმა, რომ ამ აქტივობების დროს, როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც უძღვებიან ამ პროცესს, უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილები, ესეც მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ყველა ეს დეტალი გამოქვეყნდება, როგორც ჩვენს ვებ-გვერდზე, ისე „ფეისბუქზე“ და შესაბამისი, კონკრეტული მითითებები უკვე დაურიგდებათ სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებს და უნივერსიტეტებს“, - აცხადებს ჩხენკელი.