ავტორი:

ჩინეთში მოზარდებს ონლაინთამაში მხოლოდ დასვენების დღეებში, ერთი საათით შეეძლებათ - რატომ დაწესდა შეზღუდვა და რატომ უწოდეს "სულიერი ოპიუმი" ვიდეო თამაშებს

ჩინეთში მოზარდებს ონლაინთამაში მხოლოდ დასვენების დღეებში, ერთი საათით შეეძლებათ - რატომ დაწესდა შეზღუდვა და რატომ უწოდეს "სულიერი ოპიუმი" ვიდეო თამაშებს

ჩინეთში, ონლაინთამაშების 18 წლამდე მოყვარულებს, მხოლოდ პარასკევს, შაბათ-კვირას და არდადეგებზე, დღეში ერთი საათის განმავლობაში შეეძლებათ თამაში. სხვა დღეებში კი ეს აეკრძალებათ. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ჩინეთის ვიდეო თამაშების მარეგულირებელმა მიიღო.

თამაში დაშვებული იქნება საღამოს 8:00 საათიდან საღამოს 9:00 საათამდე. მარეგულირებელმა დაავალა ე.წ. გეიმინგ კომპანიებს, რომ გააკონტროლონ და არ დაუშვან, რომ ბავშვებს დროის სხვა მონაკვეთშიც ჰქონდეთ თამაშის შესაძლებლობა.

ჩინეთში მსგავსი შეზღუდვა აქამდეც მოქმედებდა, თუმცა მაშინ მოზარდებს ყოველ დღე 90 წუთის განმავლობაში შეეძლოთ თამაში, ხოლო დასვენების დღეებში - სამი საათის განმავლობაში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე გამოცემა Economic Information Daily-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი შეეხებოდა იმას, რომ მოზარდების დიდი ნაწილი დამოკიდებული გახდა ონლაინ თამაშებზე და რომ ეს მათზე უარყოფითად აისახებოდა. ამასთან, სწორედ იმის გამო, რომ ჩინელ ექსპერტთა შეფასებით ონლაინ თამაში დამოკიდებულებას იწვევს, გასულ თვეში ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ონლაინ თამაშებს "სულიერი ოპიუმი" უწოდა.

ჩინელი მშობლების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და ყოველივეს "არაგონივრულსა“ და "თვითნებურს“ უწოდებს, თუმცა მშობლების დიდ ნაწილს მოსწონს ახალი რეგულაცია.

ჩინეთის მთავრობა კი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება მომავალ თაობაში "პოზიტიურ ენერგიას“ შექმნის და მოზარდები ისწავლიან იმას, რაც პეკინში "სწორ ღირებულებებად“ მიაჩნიათ.

წყარო: BBC.com