ავტორი:

"ანტივაქსერი საზოგადოება ცდილობს, ჩვენი უმძიმესი ტრაგედია დაუკავშიროს ვაქცინას და განაგრძოს სამარცხვინო პროპაგანდა" - რას წერს გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და

"ანტივაქსერი საზოგადოება ცდილობს, ჩვენი უმძიმესი ტრაგედია დაუკავშიროს ვაქცინას და განაგრძოს სამარცხვინო პროპაგანდა" - რას წერს გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და

ფიტნეს-ცენტრი "სნეპი" თანამშრომლის, ირაკლი მესტიაშვილის გარდაცვალების შესახებ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

"უმძიმესი დღე გვაქვს​… "სნეპმა" დაკარგა ოჯახის წევრი, მეგობარი! ყველაზე გვერდში მდგომი, კეთილი, ძლიერი და უსაყვარლესი მესტო აღარ გვყავს!" - წერს ფიტნეს-ცენტრის ადმინისტრაცია.

როგორც კომენტარებში წერენ, ირაკლი მესტიაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულია, თუმცა ზუსტად რამ გამოიწვია სიკვდილი, ამას ექსპერტიზა გასცემს პასუხს.

გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში ადამიანების ნაწილი წერს, რომ ირაკლი ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, რასაც ოჯახის მხრიდან განცხადების გავრცელება მოჰყვა.

ირაკლის და, მარიამ მესტიაშვილი ფეისბუქის საშუალებით ვრცელ ტექსტს ავრცელებს, სადაც იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც მისი ძმის გარდაცვალებას კოვიდვაქცინით აცრას უკავშირებენ.

მარიამ მესტიაშვილი:

"გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი, ყველაზე მზრუნველი და საყვარელი ძამიკო (მამის ფიგურა ჩემს ცხოვრებაში) - ირაკლი მესტიაშვილი.

ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის და ძალიან ვაფასებ თქვენს თითოეულ თბილ სიტყვას.

მაგრამ ამ პოსტის დაწერის მთავარი მიზეზი ქართველი ბრბო გახლავთ. სოციალური მედიის მეშვეობით, უამრავი ადამიანი ცდილობს ჩემი ძმის გარდაცვალება გამოიყენოს თავისთვის და გაავრცელოს საკუთარი სამარცხვინო აზრები. ანტივაქსერი საზოგადოება (თუ შეიძლება საერთოდ მათზე ასე საუბარი) გაუჩერებლად აწკაპუნებს კლავიატურაზე, რათა ჩვენი ცხოვრების ეს უმძიმესი ტრაგედია დაუკავშიროს ვაქცინას და განაგრძოს ეს სამარცხვინო პროპაგანდა.

აქვე არის ბრბოს კიდევ ერთი ნაწილი, ვინც ირაკლიზე წერს, რომ იყო ნაბახუსევი, ან თუნდაც არაფხიზელ მდგომარეობაში. ირაკლი ჩემზე და ნებისმიერი ოჯახის წევრზე ბევრად ჯანსაღი ცხოვრები წესით ცხოვრობდა და ნუ ცდილობთ, რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ კომენტარების არსებობა დედაჩვენის ყურებამდე მივიდა. ქალი, რომელსაც სახლში ულამაზესი შვილის ცივი სხეული უწვენია და ხელსაც კი ვერ უშვებს, ახლა იმაზეც დარდობს, რომ მის საამაყო შვილს ამ უმძიმეს დღეებში ვიღაც უცხო ადამიანები სახელს უტეხავენ!

მოგმართავთ თხოვნით, რომ პატივი სცეთ ირაკლის ოჯახსა და მეგობრებს და თუ კეთილი სიტყვის თქმა არ შეგიძლიათ, უბრალოდ არაფერი დაწეროთ.

აიცერით, მეგობრებო და რაც მთავარია, თავებს გაუფრთხილდით. რამე თუ შეგაწუხებთ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და უბრალოდ ერთ კორსიზს ან პარაცეტამოლს არ დაეყრდნოთ, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და გამოიყენეთ ამ ცხოვრების თითოეული წუთი.

ჩემი ირაკლი, ჩემი JEDI იყო გამორჩეული ადამიანი და ეს ყველამ იცოდა. სულ ვამბობდით, რომ სამ შვილში ყველაზე საყვარელი ეგ იყო და ყოველ წამს მამობას გვიწევდა. დაახლოებით 13 წლის იყო, მშენებლობაზე რომ დაიწყო მუშაობა და ჩემი და ზუტას განვითარებას მიჰყო ხელი და არასდროს გაჩერებულა. ჩემ პატარა სანდროს ისეთი მამობა გაუწია, როგორ ჩავანაცვლებთ მის ცხოვრებაში თავის ძმაკაც მამიკოს და მათ სიყვარულს ჯერ, არ ვიცით.

ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ბრწყინვალე ბიჭუნა, ირაკლი სულ ჩვენს გვერდით იქნება და არასდროს მიგვატოვებს, როგორც ყოველთვის...

პატივი ეცით ჩვენს ვარსკვლავ ბიჭს და ძალიან გთხოვთ, უფრო ნუ უმწარებთ ოჯახს ამ დღეებს. მადლობა..." - წერს მარიამი.