ბათუმში კორონავირუსს დედა-შვილი - 54 წლის ნონა ემირიძე და 31 წლის კობა ჯაშოიანი ემსხვერპლა. "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა კლინიკა "ბაუში" მოხდა.
ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს. ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დედა გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი ვაჟის სიცოცხლეც.
დედა-შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ახლობლები ეხმაურებიან:
მარი ვაშაკიძე:
"ორი დღის მანძილზე ორი ადამიანი დავკარგეთ - დედა-შვილი, ჩვენი კარგი თანამშრომლები და მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ ყოფნა, ერთად გარდაიცვალნენ. რა საშინელია ცხოვრება, ძალიან დაგვწყვიტეთ გული".
მარი თიკანაძე:
"ერთმა ზარმა გამაქვავა, ზარი, ნონა აღარ გვყავსო. დღე გაუფერულდა და მოგონება დამრჩა. მე დღეს თუ წარმატებებს მივაღწიე, ეგ თქვენი დამსახურება იყო. ჯერ კიდე მჭირდებოდა თქვენი გვერდში დგომა. როგორ თბილად მეტყოდით, ცხოვრებაში თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, უნდა იბძოლოო, მე სულ თქვენს გვერდით ვარო, მაგრამ დაგვტოვე. გული მტკივა შენ ჩემთვის ყველაზე მისაბაძი და საამაყო ქალბატონი იყავი, ჩემი წარმატება თქვენი დამსახურებაა. ეხლა ვინ დამიგდება მხარში, ეხლა ვინ მეტყვის თქვენს თბილ სიტყვებს. უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი ანგელოზი სული, როგორ მეწვის სული, ამას რო ვწერ. მუდამ მეყვარები".
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 74 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3053 ადამიანი. დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობაა - 45100.