ავტორი:

კოვიდით ინფიცირებული 26 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა - "ბოლო წამამდე იბრძოდა... ახალგაჩენილი შვილის ხელში აყვანაც ვერ მოასწრო"

კოვიდით ინფიცირებული 26 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა - "ბოლო წამამდე იბრძოდა... ახალგაჩენილი შვილის ხელში აყვანაც ვერ მოასწრო"

26 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი თეა ბარამიძეა. მათივე ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ქალი წუხელ გარდაიცვალა.

თეა ბარამიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

ნაზი ჯანეზაშვილი:

"ვაიმე რა საშინელებაა. რატომ ვითმენთ ხელისუფლების უუნარობას და ადამიანის სიცოცხლის არაფრის ჩაგდებას?!ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?!"

ანი ცენტერაძე:

"ასეთი მოტივირებული იყო, რომ ფეხზე დამდგარიყო და გამოსულიყო... მე ვიცი, როგორ იბრძოდა ბოლო წამამდე, რომ თავისი ქმრისა და შვილის გამო ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ თვითონაც მიხვდა ბოლოს - მომერია კორონამო.

ეს არის იმ გოგოს ბოლო სიტყვები, რომელმაც ახალგაჩენილი შვილის ხელში აყვანაც კი ვერ მოასწრო... ყველა ნაწილი მტკივა.. გამისკდეს უნდა გული, არ მჯერა რომ აღარ მყავხარ..."

მანანა ვარდიაშვილი:

"წარმოუდგენელი უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, წარმოუდგენელი... დაიღუპა ახალგაზრდა გოგო და კიდევ ერთი ბავშვი დარჩა უდედოდ.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რანაირად გძინავთ? კარდაკარ უნდა დადიოდეთ და ყველა ფეხმძიმე ქალს პირისპირ უნდა ესაუბრებოდეთ და აცრის აუცილებლობაში არწმუნებდეთ! კიდევ სადმე კვდება ამდენი ფეხმძიმე და ახლადნამშობიარები ქალი?"