ავტორი:

"ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა... არავინ ველოდით, გულის ინფარქტით გარდაიცვალა" - რას იხსენებს ნათესავი გოჩა ლომიასთან ბოლო შეხვედრაზე, მის ოჯახსა და კინოკარიერაზე

"ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა... არავინ ველოდით, გულის ინფარქტით გარდაიცვალა" - რას იხსენებს ნათესავი გოჩა ლომიასთან ბოლო შეხვედრაზე, მის ოჯახსა და კინოკარიერაზე

რეზო ჩხეიძის ფილმ „ღიმილის ბიჭების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის „ბოლოკას“ როლის შემსრულებელი გოჩა ლომია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უმეტესად ამ როლით გაიცნეს და შეიყვარეს კიდეც.

„ცხოვრებაში მთავარია, სწორი არჩევანი გააკეთო და სწორი გზით იარო. ღირსება არაფერზე არ გაცვალო. სავარძლითა და ბანკის ანგარიშით კაციშვილი არ დაუმარხავთ, სახელს თუ წაიღებენ იმქვეყნად. ისე უნდა იცხოვრო, რომ ერთი-ორი ალალი ცრემლი დაგეცეს, შენმა თაობამ მაინც დაგიმახსოვროს... წარსულს რომ გადავხედავ, აშკარაა, ჩემი ცხოვრების მთავარი მომენტი „ღიმილის ბიჭები“ ყოფილა და თუ დამიმახსოვრებენ, ეს „ბოლოკას“ დამსახურება იქნება“ - ყვებოდა გოჩა ლომია „გზასთან“ ინტერვიუში.

მერვე კლასში იყო, რომ ფილმში შემთხვევით გადაიღეს... რეჟისორის თანაშემწემ, თავისვე ქალაქში, სენაკში აღმოაჩინა ნიჭიერი ბიჭი და არ შემცდარან, სრულიად პატარამ რეჟისორის ამოცანა საუკეთესოდ შეასრულა და ასე ეზიარა კიდეც დიდ კინოს... როლმა საყოველთაო სიყვარული მოუტანა და დაუტოვა მეტსახელად ფილმის პერსონაჟის სახელი „ბოლოკა“, რომლითაც ახალგაზრდობაში თუ მიმართავდნენ, ძალიან ბრაზდებოდა... მედიცინის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თენგიზ ვერულავამ, რომელიც გოჩა ლომიას ნათესავია, სევდიანი პოსტი მიუძღვნა. AMBEBI.GE-ს კი ბატონი გოჩას, ყველასთვის საყვარელი და ღიმილიანი კაცის ცხოვრების შესახებ უამბო.

„ჩემი ბებია და გოჩას ბაბუა ალალი და-ძმანი იყვნენ... ძალიან ვწუხვარ მის გარდაცვალებას. გულის ინფარქტით გარდაიცვალა. ძალიან ფართო ინფარქტი იყო. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტენვენციული მედიცინის ცენტრში იყო გადაყვანილი, სადაც ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ვერ ვუშველეთ. იქ გადაყვანიდან მხოლოდ რამდენიმე საათი იცოცხლა. მეც ჩართული ვიყავი, ჩემი მეგობარი კლინიკის დირექტორი კახა ნურალიძე... მთელი სამედიცინო პერსონალი მის ამბავს განიცდიდა... ყველაფერი უცებ მოხდა, გულის მხრივ პრობლემა არასდროს ჰქონია“ - გვეუბნება ბატონი თენგიზი. „ორი კვირის წინ გოგო გაუთხოვდა. ახლოს ვართ ოჯახები და ყველას გვიხაროდა ეს ამბავი. თბილისიდან რომ ჩავედით, რაღაცნაირად თბილად შემხვდა, ჩამეხუტა... მთელი ჩემი ბავშვობა მათ ოჯახთანაა დაკავშირებული. ეს დავწერე კიდეც ჩემს გვერდზე - თუ ჩემი ცრემლიანი ბავშვობიდან რამე მაინც გამახსენდება თბილი, ეს გოჩას ღიმილიანი ოჯახიდან... ეს ღიმილი შემდგომ ყველგან მამხნევებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ძალიან გამიჭირდება ამ ღიმილის გარეშე... მამა დაპატიმრებული მყავდა და მათი ოჯახი ზრუნავდა ჩემზე. სკოლაში რომ მივდიოდი, გოჩას ბებია ჩანთას გამომართმევდა, ჭიშკრამდე მიმატანინებდა და ჭიშკართან მისული კი სკოლისკენ მიმავალს ხელს დამიქნევდა. მათთან ბევრი რამ ვისწავლე. იმავე ბებიასგან მახსოვს, რომ წიგნი ფურცლები დაუბანელი ხელით არ უნდა გადამეფურცლა, დაწოლილ მდგომარეობაში არ უნდა მეკითხა“...

- განათლებული და კულტურული ოჯახი ყოფილა...

- კი. გოჩას ბაბუა ლეფთერი ლომია 1921 წელს გასაბჭოების დროს კინაღამ დააპატიმრეს, უნივერსიტეტში სწავლობდა, ივანე ჯავახიშვილის მოსწავლე იყო. როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, იმ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა და მაშინდელი ეროვნულ მთავრობის მომხრე კინაღამ დახვრიტეს. დასახვრეტად იყო გამზადებული, რომ დედამისი დახვედრია იმ ვაგონს, სადაც იყო მოთავსებული და საშა გეგჭკორისთვის უთხოვია, გადაერჩინა... ლეფთერი ბაბუა კოლმეურნეობის ცნობილი თავმჯდომარე გახდა, საკავშირო პრემიაც ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის იმით ტრაბახობდა, რომ ერთადერთი თავმჯდომარე იყო, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრი არ ყოფილა. გოჩას ბებიაც, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, ასევე კარგი ქალბატონი გახლდათ, პედაგოგი, მოკლედ, მეც გამიმართლა, რომ ამ განთქმულ ოჯახში ვიზრდებოდი. გოჩას მამა გურამ ლომია ინჟინერი იყო, სენაკში ცნობილი სანატორიუმი მისი აშენებულია, შემდეგ ხალიჩების ფაბრიკას ხელმძღვანელობდა... გოჩას დედა ბაბულია ჯანიკაშვილიც პედაგოგი გახლდათ, სენაკის აგროტექნიკუმში ასწავლიდა. ეს თბილი ქალბატონი სამეგრელომ ძალიან შეიყვარა.

- ბატონი გოჩა პროფესიით ვინ იყო?

- იურისტი... სანამ ფილმში გადაიღებდნენ, მერვე კლასამდე სკოლაში წარჩინებული, ფრიადოსანი მოსწავლე იყო. ყველგან წიგნით დადიოდა, კითხვა ძალიან უყვარდა. ამიტომ ყველას ეგონა, რომ გოჩა კარიერას აკადემიური კუთხით განაგრძობდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მუშაობდა იურისტად, მაგრამ საჭოთა სამართლებრივი სისტემა არ მოსწონდა. მერე ადვოკატურის კუთხით გააგრძელა მუშაობა. ოჯახი, რომელიც მისგან მეტს ელოდა, მიაჩნდათ, რომ კინომ მას ბევრი რამ წაართვა. თუმცა ხალხის საყოველთაო სიყვარული შესძინა. „ღიმილის ბიჭებში“ გადაღებას კიდევ მისი ორი როლი მოჰყვა - ერთი ისევ რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ და მეორე - თემურ ფალავანდიშვილის „მოხეტიალე რაინდებში“. მე მაინც ვფიქრობ, რომ გულნაკლული იყო იმით, რომ მისი კინოკარიერა არ გაგრძელდა და უფრო დიდი კინოროლები ვერ ითამაშა. რეზო ჩხეიძე კი პირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მასობრივად მხოლოდ ერთი როლით დაგვამახსოვრდა, თუმცა ის ერთი როლი იყო საოცარი... ადვოკატობა იმიტომ მოსწონდა, რომ ადამიანებს ეხმარებოდა და ამაში მისი კინოდამსახურებაც ეხმარებოდა...

- თავიდან თურმე „ბოლოკას“ რომ ეძახდნენ, რომელიც კინოს მერე შეერქვა, ბრაზდებოდა.

- კი, ეს მეც მახსოვს, რომ მასთან „ბოლოკას“ ვერ იტყოდი. თუ მეზობლებს, ან ვინმეს წამოსცდებოდა, გვიბრაზდებოდა. არ ვიცი, ეს რატომ ხდებოდა, ალბათ ესეც იმას უკავშირდებოდა, რომ კინოსგან მეტს ელოდა...

- ორი კვირის წინ გინახავთ და გარკვეული სითბო გამოგიხატათ. რამეზე ხომ არ წუხდა?

- არა. როგორც გითხარით, დიდი ემოციით შემხვდა, ჩამეხუტა. გავიხსენეთ უამრავი ამბავი, გვიანობამდე ვსაუბრობდით... დედა 3 წლის წინ გარდაეცვალა, ამას განიცდიდა, უყვარდა დედა, ბაბულია ბიცოლა ფანტასტიკური ქალბატონი იყო, ხომ გითხარით, სამეგრელოში ძალიან უყვარდათ, ყველას მომკითხავი იყო. გოჩა ღიმილიანი ადამიანი იყო, რომელსაც უყურებდი და სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა...

- „ღიმილის ბიჭებში“ ალბათ ამ ნიშნითაც შეარჩია რეჟისორმა.

- კი, ასეა. ერთი ეპიზოდი მახსოვს - ფილმი 1967 წელს გადაიღეს. მთელი სენაკი ელოდებდა ამ სურათის გამოსვლას და ეკრანებზე რომ გამოვიდა, სენაკში მთელი ოჯახი წავედით სანახავად. მერე ანეკდოტად დადიოდა, რომ ლეფთერი ბაბუამ ფილმი რომ ნახა, რეზო ჩხეიძეს მადლობა გადაუხადა, რომ მისი შვილიშვილი ცოცხალი დატოვა... გადაღებებზე ბებია დაყვებოდა. ფილმს მხოლოდ საქართველოში არ იღებდნენ. გადაღებები უკრაინაშიც იყო, საბრძოლო პოლიგინები ჰქონდათ მოწყობილი და გალინა ბებიამ, პედაგოგმა ქალმა, გადაღებისას ომის სცენები, ტყვიების ზუზუნი რომ დაინახა, განიცადა, მართლა ომი ეგონა და გული წაუვიდა. გოჩას ჰყავს და, რომელიც ექიმია, მისი მეუღლე ამირან რევიშვილი მოსკოვში ვიშნევსკის სახელობის კლინიკის დირექტორია, არითმოლოგი, რუსეთი აკადემიის აკადემიკოსი, არაერთი პრემიის ლაურიატი.

- ბატონი გოჩას პირად ოჯახზეც გვიამბეთ...

- მეუღე დოდო ცეკვავა ეკონომისტია, ძალიან კარგი ქალბატონი. ჰყავს სამი შვილი - ერთი გოგო ექიმია, თბილისში ერთ-ერთ საავადმყოფოში ლაბორატორიის გამგეა, რომელიც ახლა გათხოვდა და ამ ამბით ძალიან გახარებული იყო, ერთი ვაჟი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი. გოჩა ორი შვილიშვილის ბაბუა იყო. ოჯახის კულტურული ტრადიციები, ლეფთერ ბაბუის დაწყებული გზა შვილთაშვილმა გააგრძელა. ის ფოთში საქმიანობს, მესამე შვილი სასულიერო გზას გაუყვა, მარტვილის მონასტერში მსახურობს. ყველას ძალიან გვატკინა გული გოჩას ასეთმა უეცარმა გარდაცვალებამ. ღიმილისკაცი აღარ გვყავს.