ავტორი:

"განსაკუთრებით რაიონებში ფეხმოკიდებულია "შავი სამყაროს" ინსტიტუტი, საქმეებს უცხოეთიდან ონლაინჩართვით, სკაიპით არჩევენ" - ანა დოლიძე

"განსაკუთრებით რაიონებში ფეხმოკიდებულია "შავი სამყაროს" ინსტიტუტი, საქმეებს უცხოეთიდან ონლაინჩართვით, სკაიპით არჩევენ" - ანა დოლიძე

"უკვე წვრილმანი დავების საქმეებში მესმის "შავი სამყაროს" ჩარევის თაობაზე ლაპარაკი", - განაცხადა პარტია ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ ამ ცოტა ხნის წინ, "რადიო პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე".

მისი თქმით, იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართ უნდობლობაა და ამასთან, გადაწყვეტილების მიღება დროში ჭიანურდება, არა მხოლოდ მსხვილ, არამედ წვრილმან დავებშიც კი, ისმის ე.წ შავი სამყაროს ჩარევის საკითხი.

"არა მარტო დიდ დავებში, არამედ ეს ეხება წვრილმან დავებსაც, უკვე ამ დონის საქმეებში მესმის "შავი სამყაროს" ჩარევის საკითხი. არა მარტო ის, რომ აქ არის კორუფციის რისკები და სასამართლო ვერ ასრულებს საკუთარ საქმეს. 4 წელი რომ არ გადაგიწყვეტენ საქმეს, არ ჩაგინიშნავენ სხდომას, უკვე იმაზე აღარ არის, იქიდან რა გამოვა, ელემენტარული გადაწყვეტილება გინდა, რომ ან აქეთ გააგრძელო საქმე, ან იქით", - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამ თემაზე ambebi.ge ანა დოლიძეს ესაუბრა.

- უდიდესი პრობლემა (ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას რომ ეხება) არამარტო ისაა, რომ სასამართლო შეიძლება მიკერძოებული იყოს, არამედ ის, რომ დავებს დროზე არ განიხილავენ. ვიდრე მოსამართლის კომპეტენტურობამდე და სამართლიანობამდე მივალთ, წლები სჭირდება ძალიან მარტივი დავების ჩანიშვნას, განხილვას და გადაწყვეტას. პრობლემა ყველა დონეზეა და შემიძლია უამრავი მაგალითი გითხრათ.

ავიღოთ ელემენტარული მიწის დავა, ვის ეკუთვნის კონკრეტული მონაკვეთი - ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოში სამი-ოთხი წელია სხდომა ჩანიშნულიც არ არის. ასევეა კონკრეტული, საშუალო ტიპის ბიზნესწილებთან დაკავშირებული დავა, სადაც ბიზნესმენმა ხელი აიღო, რომ უახლოეს მომავალში ფულს ამოიღებს ან ეცოდინება, რომ ეს ფული დაიკარგა. უზენაეს სასამართლოში არაერთი შრომითი დავაა (აქაც ბევრი მაგალითები მაქვს), სადაც ადამიანებმა წლების განმავლობაში არ იციან, აქვთ ეს ძველი სამსახური თუ არა, კომპენსაცია ეკუთვნით თუ არა. პირდაპირი გზაა, რითაც სასამართლო გაუმართაობა და მოშლილი სისტემა ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს...

კონკრეტულად ჩემ მაგალითს გეტყვით. როდესაც გოდერძი ჩანქსელიანმა (პარლამენტის არაერთგზის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", ასევე ფქვილის იმპორტიორი) და მისმა ძმამ მიჩივლეს, საჩივარი ექვსი თვის განმავლობაში არ ჩამბარდა. წარმოიდგინეთ, ექვსი თვე სასამართლომ ვერ მოახერხა, რომ დოკუმენტი ერთი მხარიდან მეორესთან მისულიყო. აქ ლაპარაკი არაა განხილვაზე, მოსამართლე რომ ჩაეძიოს დოკუმენტაციას, ტექნიკურ საკითხზეა ლაპარაკი, რომ დოკუმენტი მეორე მხარემ მიიღოს.

- მიზეზი რა არის?

- ოფიციალურ პასუხს არავინ გცემს. მიზეზი სისტემის სრული გაუმართაობაა. კიდევ რაც იყო დარჩენილი სისტემიდან, პანდემიის დროს ყველაფერი მოირღვა, მათ შორის დოკუმენტის ჩაბარების პროცედურა. ამის მაგივრად, იქ ყუთში ჩააგდებ დოკუმენტს და როდის დაცლიან მოქალაქეს, არავითარი კონტროლი არ აქვს. ადრე ის მაინც იყო, ჩააბარებდი დოკუმენტს და იქვე უნდა აგეღო რეგისტრაციის ნომერი. რაც იყო სასამართლო სისტემის ჩანასახები, ისიც ბოლომდე მოშლილია.

ასეთ სიტუაციაში, ეკონომიკურ ბრუნვაში უამრავი ბიზნესი შეჩერებულია, უამრავი საკუთრება, მიწაც უპატრონოდაა. მსოფლიო გამოცდილება გვასწავლის, რომ ეს პირველი საშუალებაა, რომ ეკონომიკურ ბრუნვას დაარტყა. უბრალოდ, ადამიანს საშუალება არ მისცე, რომ განკარგოს ის, რაც აქვს.

ეს იმიტომ კეთდება, რომ არავითარი ანგარიშვალდებულება, მათ შორის სასამართლო სისტემაში არ არსებობს. ამ ხალხს, კლანს პასუხს არავინ არ სთხოვს და მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ანგარიშვალდებულებას არავინ მოსთხოვს, რადგან არიან გარიგებულები და გარკვეული სამსახურის შესაბამისად. მინდა, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რომ მათ გაღარიბებაში სასამართლოს აქტიური წვლილი აქვს.

- ასეთი ტიპის საქმეებში "შავი სამყაროს" წარმომადგენლების ჩარევა სად ჩანს?

- ჯერ ვთქვათ, როგორ შეიქმნა ეს "შავი სამყარო". გვქონდა სიტუაცია, როდესაც სასამართლოს არავინ ენდობოდა. საძრახისადაც კი ითვლებოდა სასამართლოში საქმის წაღება. მეფის რუსეთიდან მოყოლებული გვყავდა დანიშნული მოსამართლეები, რომლებმაც ქართულიც კი არ იცოდნენ. მანკიერება საბჭოთა პერიოდშიც გრძელდებოდა. მაღალმთიან რაიონებში და ზოგ ტრადიციულ ერთობებში უხუცესებმა და ტრადიციულმა ავტორიტეტებმა შეითავსეს, გააგრძელეს სასამართლოს როლი დავის გადაწყვეტებში. თავის დროზე, ამავე როლში მიზანმიმართულად ჩაჯდნენ "შავი სამყაროს" წარმომადგენლები, რომლებიც გეუბნებოდნენ, სასამართლოში ვერ მიხვალ, უხუცესები აღარ გვყავს (საზოგადოების მოდერნიზება მოხდა) და მე დავას გადაგიწყვეტ უფრო სწრაფად და ეფექტიანად, შესაბამისად, ამაზე რაღაც მოსაკრებელი უნდა გადამიხადოო. ამის აქტიური ტენდენციაა განსაკუთრებით რაიონებში. სამწუხაროდ, ადვოკატები ასეთი საქმეების მოყოლას ერიდებიან, მათ შორის იმ საქმეების, სადაც პირდაპირ ქრთამი, საქმის ჩაწყობა მოსთხოვეს. მაგრამ ეს უკვე ფართოდ მოდებული განწყობაა. ბევრი პროფესიონალი ადვოკატი ამბობს, რომ უკვე წინასწარ კითხულობს საქმეზე, - მხარეს ვეკითხები, თუ უნდა ჩამიწყონ, მაშინ ვანებებ თავს, ამ საქმეს ხელსაც არ ვკიდებ, მაინც ტყუილად უნდა იწვალო, მეორე მხარე მივა და ჩააწყობსო... წარმოგიდგენიათ, რა დონის კორუფციაა სასამართლოში.

ამას გარდა, განსაკუთრებით რაიონებში, ფეხმოკიდებულია "შავი სამყაროს" ინსტიტუტი. მათ შორის, დავების მოგვარება ჩართვებით ხდება. უცხოეთში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები საქმეებს ონლაინჩართვით, სკაიპით არჩევენ. თან პრობლემა იმაშია, რომ მერე გავლენები აქვთ პოლიტიკაში, არჩევნებზე და ა.შ. რეგიონებში კანდიდატებს ვეძებდი და ბევრმა მათგანმა თქვა, რომ პირდაპირ ხელისუფლების პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც ამ თემას ადგილზე "შავები" ალაგებენ. ანუ სახელმწიფო გამოიშიგნა ამასობაში, რაც აქ მთავარი პრობლემაა.

- ამას ხელისუფლება რატომ არ უპირისპირდება, რაც, წესით, მისი პირდაპირი მოვალეობაა?

- მიზანმიმართულად არ უპირისპირდება, რადგან სახელმწიფოს განვითარების, ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების არავითარი ინტერესი არ აქვთ. მთავარი ინტერესია ხელისუფლება და ფული. შესაბამისად, ყველასთან გარიგებაში შედიან, ვინც ამას უზრუნველყოფს. უზრუნველყოფს ამას "შავი სამყარო" იმით, რომ დაალაგებს ქუჩას და დააშინებს მაცხოვრებლებს, მაშინ ამას გამოიყენებენ ბოლომდე...

შარშან მსგავსი შემთხვევა მქონდა, რაც ამ ქვეყანაში მართლა დიდი ხანია არ მინახავს. ჩვენთან ე.წ. ავტორიტეტი მოვიდა და შეხვედრაზე მოსული მაცხოვრებლები ადგნენ და წავიდნენ. ხვდებით რეალობას? იმიტომაც არიან ესენი ხელისუფლებიდან ძალიან მალე გასაშვებები, რომ რაც აქამდე სახელმწიფოს ჩონჩხი შევქმენით, ესეც ბოლომდე გამოშიგნეს.

ეს იყო დაშინების კლასიკური მაგალითი - წერეთლის 105 ნომერში ვხვდებოდი ხალხს. მოვიდა სამი "ძველი ბიჭი", პირდაპირ მაცხოვრებლებთან მივიდნენ, - ახლა თქვენ აქ როგორ ხართ, ადექით და წადითო.

- უკაცრავად ქალბატონო ანაო, - მითხრეს იქ შეკრებილმა მამისტოლა ადამიანებმა, ადგნენ და წავიდნენ შეხვედრაზე მოსულები. ეს იყო პირდაპირი დაშინება "შავი სამყაროს" წარმომადგენლების ხელით. შევიტანე პროკურატურაში განცხადება, მე და ჩემმა თანამშრომლებმაც ჩვენება მივეცით, რა თქმა უნდა, არ გამოიძიეს.

- ვინ იყვნენ "ძველებიდან", შეგიძლიათ დაასახელოთ?

- ვერ გავიგეთ მათი სახელები და გვარები. მივმართეთ შსს-საც გამოსაძიებლად, ამაოდ.

- ახლანდელი საარჩევნო შეხვედრებისას თუ აწყდებით მსგავს პრობლემებს?

- ერთხელ წავაწყდი ერთ-ერთ რაიონში, სადაც ცუდი სიტუაციაა, ვიდრე თბილისში. ნორიოში წინასწარ შეთანხმებული 40-50 ადამიანიდან (თავად დამიძახეს წყალთან დაკავშირებულ პრობლემაზე) არავინ მოსულა. ოღონდ ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ იმუშავა; გამგეობამ, რომელსაც სპორტსმენები ჰყავს მობილიზებული.

ახლა გურიაშიც ხომ ვიყავი, იქ ადვილია ადამიანების გამოჭერა სოციალურებით. ანუ, ბევრ ადამიანს აქვს სოციალური დახმარება სოფელში და პირდაპირ გეუბნებიან, სოციალურს მომიხსნიან, აქ რომ დამინახონო.

ავტორი: მერაბ ბერიძე