ავტორი:

"ტრიოს ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას" - მთავარი მესიჯები შმიგალისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციიდან

"ტრიოს ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას" - მთავარი მესიჯები შმიგალისა და ღარიბაშვილის პრესკონფერენციიდან

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს: უკრაინა - საქართველო - მოლდოვას საქმიანობის ფორმატის დაფუძნება, ევროინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების დიალოგში ჩართვას. ევროინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის დამატებითი მექანიზმი გახდა ასოცირებული ტრიოს: უკრაინა-საქართველო-მოლდოვას საქმიანობის ფორმატის დაფუძნება. ეს მოხდა სახელმწიფო მეთაურების დონეზე და ასევე, მნიშვნელოვანია შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერა, რაც 19 ივლისს, ქალაქ ბათუმში მოხდა", - განაცხადა დენის შმიგალმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მან გამოთქვა დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით.

„საქართველო და უკრაინა აგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების განვითარებას. მუშაობის პირველი შედეგები იმედი მაქვს, იქნება განხილული უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს საინაუგურაციო სხდომის დროს, 2021 წლის ბოლოს.

ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახდენთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა თბილისში, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლების, არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ასევე უნდა გამოვიყენო ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი ორ ქვეყანას შორის და უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით", - განაცხადა დენის შმიგლმა.

დენის შმიგალმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.

დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხოების, საგარეო, პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართვლოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით აქტიური პოზიციისთვის.

რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი - ყირიმის პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის" სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და სამხრეთ ოსეთის - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს", - აღნიშნა დენის შმიგალმა.

თავის მხრივ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგასთან, ორი ქვეყნის მისწრაფება, ევროკავშირში წევრობის საკითხი განიხილა.

“შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტოტიაზე - ცხინვალში და აფხაზეთში მიმდინარეობს ბორდერიზაცია გრძელდება და რა თქმა უნდა, ეს საერთო შეშფოთებას იწვევს. ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ამ ფორმატში მინდა ავღნიშნო “ტრიოს” ფორმატის დაფუძნება, ამის თაობაზე მემორანდუმი მაისში გაფორმდა და უკვე პრეზიდენტების დონეზე პირველი პრეცენდენტი შეიქმნა ბათუმში “ტრიოს ფორმატის” მონაწილეობის.

მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატება ვაჩვენოთ ჩვენს თანამეგობრობას და სწორედ ამ “ტრიოს” ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოები ვიყოთ და მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.

ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს, ჩემთან ერთად თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნებში, რაც ძალიან სასიხარულოა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას, როგორც მისწრაფებები აქვთ საერთო, ასვე ანალოგიური-იდენტური პრობლემები და გამოწვევები აქვს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოფიციალურად ვიმყოფებოდი ჩემს და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ, მეგობრულ სახელმწიფო უკრაინაში. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან თბილი მასპინძლობისთვის.

პრემიერმა შმიგალმა გუშინ თავის მშობლიურ ქალაქში ლვოვში გვიმასპინძლა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო და მადლიერი ვარ ასეთი მასპინძლობისთვის.

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი, ის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც არის და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები.

ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი საკითხი განვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს აკავშირებს, ფაქრთო სპექტრის საკითხებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების, ვაჭრობას და ეკონომიკას და ზოგადად ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ასევე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნა და მეორეს მხრივ გვაქვს ანალოგიურ - იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ - მინისტრსა და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო, მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ხვალ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაზე მივიღებ მონაწილეობას, რომელიც ყირიმის პლატფორმის შექმნას უკავშირდება, ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ ყირიმის დროებით ოკუპაციას”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან განიხილა, „მძიმე მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში”.

„ასევე მიმოვიხილეთ საკითხები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, მოგეხსენებათ უკვე 13 წელი გავიდა ომიდან და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კოვიდ 19-ის სერთიფიკატების გაცვლა კიდევ უფრო გაამარტივებს ქვეყნებს შორის ვიზიტებს.

„მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორს არსებული ურთიერთობების საკითხები. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც, ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა.

რაც შეეხება ეკონომიკასა და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი. ასევე, მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის სერთიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის, ძალიან მიხარია, რომ კიევში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს ქვეყანაში . მჯერა, რომ კიდევ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.