ავტორი:

"ექიმებში ანტივაქსერები მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს!...  გთხოვთ, მედიას, მთავარი სლოგანი იყოს - წადი და აიცერი!" - ამირან გამყრელიძე

"ექიმებში ანტივაქსერები მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს!...  გთხოვთ, მედიას, მთავარი სლოგანი იყოს - წადი და აიცერი!" - ამირან გამყრელიძე

ანტივაქსერები საზოგადოებაში ცოტა მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ სამედიცინო საზოგადოებაში, განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, ექიმებზე კარგად არავინ იცის ის სიკეთე და სარგებელი, რაც აცრას ადამიანებისთვის მოაქვს.

„ექიმები სხვებზე მეტად არიან აცრილები. ექიმების 64 % ერთჯერადად აცრილია. სამედიცინო პერსონალი - ექთნები, სანიტრები, ადმინისტრაციული პერსონალი 46%-ია აცრილი, სხვა ჯგუფებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექიმები და ექთნები ამ პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სამწუხაროდ, 33%-ს კოვიდი დაემართა და დაახლოებით 80-მდე სამედიცინო პერსონალი გვყავს დაღუპული. ჩვენდა სამწუხაროდ, ექიმებშიც არის ანტივაქსერების ჯგუფი. ჩვენც საზოგადოების წევრები ვართ და გლობალური საზოგადოების დაახლოებით 30% ანტივაქსერული მიმართულებით მომუშავეა. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ანტივაქსერები საზოგადოებაში ცოტა მეტი შეიძლება იყოს, მაგრამ სამედიცინო საზოგადოებაში, განსაკუთრებით ექიმებში, მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს. თუ ექიმმა არა, მაშინ ვინ იცის ის სიკეთე, რასაც აცრა ადამიანს უკეთებს. თუ ექიმმა არა, ვინ იცის, რომ დღეს რომ არ ყოფილიყო აცრა, მილიონობით ადამიანი ისევ „ყვავილით“ მოკვდებოდა ან პოლიომელიტით გარდაიცვლებოდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება ექიმმა ადამიანს მოუწოდოს არ აიცრას.

„აცრა მედიცინის ყველაზე დიდი მიღწევების სამეულში შედის. ანტივაქსერებმა ეს უნდა დაიჯერონ, გასაკუთრებით ჩემმა კოლეგებმა, ექიმებმა. არ შეიძლება ექიმმა ადამიანს მოუწოდოს არ აიცრას, თუ მას აცრის წინააღმდეგ აბსოლუტური ჩვენება არ აქვს, მითუმეტეს, ახლა, როცა კოვიდის პანდემიაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს და აცხადებს, რომ მთავარი სლოგანი უნდა იყოს - „წადი და აიცერი“.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 907 665 აცრაა ჩატარებული და არსებობს მოლოდინი, რომ აგვისტოში 600 ათასი აცრა ჩატარდება.

„აგვისტოში საშუალოდ აცრის ყოველდღიური მაჩვენებელი გვაქვს 21 655, ბოლო ერთი კვირაა 23 761-ია. სამჯერ მატებაა ივლისთან შედარებით, მაგრამ საკმარისი არაა. სასურველია, ავიდეთ დაახლოებით მუდმივად 25-30 ათასის ფარგლებში. თუ მეტს გავაკეთებთ, კიდევ უკეთესი იქნება. ორ მთავარ ღერძზე გადის პანდემიის შეჩერება - რეკომენდაციების დაცვა და იმუნიზაცია.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 907 665 აცრაა ჩატარებული. აქედან სულ მცირე ერთი აცრით 640 703 ადამიანია აცრილი. ორჯერადი აცრა ჩატარებული აქვს 266 962 პირს. აგვისტოში ველოდებით, რომ აცრების რაოდენობა გვექნება 600 ათასის ფარგლებში, რაც ცუდი არ არის, მაგრამ არ არის ძალიან კარგი. გვინდა, რომ იყოს 800-900 ათასი და სექტემბერში ამ მაჩვენებელზე უნდა ავიდეთ, კიდევ უკეთესი იქნება, თუ მილიონ აცრაზე ავალთ და მაშინ ვიტყვით, რომ სერიოზულად გავტეხეთ ეპიდემია ხერხემალში.

18 წლის ზემოთ ერთჯერადი აცრით მოცვა 22.4%-ია, ორჯერადი აცრით გვაქვს 9.3%. ამიტომ ამ მხრივაც არის წინ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ გთხოვთ, მედიას, მთავარი სლოგანი იყოს - წადი და აიცერი! აიცერი, აიცერი, აიცერი! აცრა გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. 1000 ჩატარებული აცრა სულ მცირე 1 გადარჩენილი სიცოცხლეა. აცრის გარეშე პანდემია ვერ გაჩერდება. ამას ბუნებრივი განვითარება აქვს და შეიძლება შემცირდეს მაჩვენებლები, მაგრამ იმ მაჩვენებლამდე არ ჩამოვა, რომელიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.