ავტორი:

ჯონი დეპის თქმით, ჰოლივუდი მას ბოიკოტს უცხადებს

ჯონი დეპის თქმით, ჰოლივუდი მას ბოიკოტს უცხადებს

მას შემდეგ, რაც ჯონი დეპმა ბრიტანულ გამოცემა The Sun -თან წარმოებული სასამართლო წააგო, მსახიობმა The Sunday Times-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ინტერვიუში მან თავისი ახალი ფილმის, Minamata- ს შესახებაც ილაპარაკა. დეპის თქმით, ფილმი აშშ-ში ჯერ კიდევ არ გამოსულა. მიზეზად კი მისი რეპუტაციისთვის მიყენებულ ზიანს ასახელებს.

Minamata -ში მსახიობი რეალურ ფოტოჟურნალიტს იუჯინ სმიტს ასახიერებს, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში იაპონიაში, მინამატას რეგიონში ჩავიდა, სადაც ადგილობრივები ვერცხლისწყლით დაბინძურების შედეგად დაავადდნენ.

ინტერვიუში ვარსკვლავმა მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდიც გაიხსენა და განაცხადა, რომ The Sun- ის წინააღმდეგ სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც გამოცემამ მას “ცოლის მცემელი“ უწოდა. დეპმა ყოფილ ცოლზე, ემბერ ჰერდზე ძალადობის ბრალდება კვლავაც უარყო და განაცხადა, რომ ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მსახიობმა სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ განხორციელებულ ე.წ. ბულინგზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ისიც და ფილმის რეჟისორიც ვარაუდობენ, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ფილმის გამოსვლის შეფერხება უკავშირდება დეპის პირად ცხოვრებას და რომ მას ჰოლივუდი ბოიკოტს უცხადებს.

ჰერდი და დეპი რამდენიმეწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, 2015 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს მალე დაშორდა. ყოფილი მეუღლე დეპს ძალადობაში ადანაშაულებდა, რასაც მსოფლიო პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ჯონი დეპი ჰერდის ბრალდებებს უარყოფს. ცილისწამების გამო მან ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და ცილისწამებისთვის 50 მილიონი დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელი ამჟამად განიხილება. წყარო

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა