ავტორი:

ქაბულიდან საევაკუაციო რეისები განახლდა - გაერო-ს გენმდივანი მსოფლიოს ქვეყნებს ავღანელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

ქაბულიდან საევაკუაციო რეისები განახლდა - გაერო-ს გენმდივანი მსოფლიოს ქვეყნებს ავღანელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან დიპლომატებისა და სამოქალაქო პირების ევაკუაციის მიზნით დღეს დილიდან ფრენები განახლდა.

Reuters-ის ინფორმაციით, აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი გაწმენდილია.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში მსოფლიოს ქვეყნებს ავღანელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ვინაიდან მსოფლიო გულდამძიმებული ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს, მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, გამოხატოს მზადყოფნა ავღანელი ლტოლვილების მისაღებად და თავი შეიკავოს დეპორტაციისგან. ავღანელები ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებენ. ახლა სოლიდარობის დროა“, - წერს გუტერეში „ტვიტერში“.

ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ დროა საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდეს და ერთად იმოქმედოს.

„ჩვენ არ შეგვიძლია და არ უნდა მივატოვოთ ავღანელი ხალხი. დროა, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად იდგეს, იმუშაოს და იმოქმედოს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ერთი ხმით, რათა დავიცვათ ადამიანის უფლებები. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ავღანეთი აღარასოდეს იქნება გამოყენებული ტერორისტების უსაფრთხო თავშესაფრად,“ - აცხადებს გუტერეში.

შეგახსენებთ, გუშინ ქაბულის აეროპორტს ქვეყნის დატოვების მსურველი ათასობით მოქალაქე მიაწყდა. შექმნილი ქაოსის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე, რომელიც თვითმფრინავს გარედან იყო ჩაჭიდებული, აფრენილი თვითმფრინავიდან გადმოვარდა.