ავტორი:

მიწასთან გასწორებული 13 694 სახლი, დანგრეული საავადმყოფოები და 1200-ზე მეტი გარდაცვლილი - რა ხდება ჰაიტიზე, სადაც 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა (ფოტოები)

მიწასთან გასწორებული 13 694 სახლი, დანგრეული საავადმყოფოები და 1200-ზე მეტი გარდაცვლილი - რა ხდება ჰაიტიზე, სადაც 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა (ფოტოები)

ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ჰაიტის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც შაბათს ქვეყანაში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 1 297 ადამიანი და დაშავდა 5,700 -ზე მეტი. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველ წამს იზრდება, დაკარგულებს ნანგრევებში ეძებენ.

მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი. დანგრეულია 13 694 -ზე მეტი სახლი, წინასწარი ინფორმაციით, დამატებით 13 785 მოსახლეს საცხოვრებელი ისე დაუზიანდა, რომ შენობა საცხოვრებლად უსარგებლოა. მწყობრიდან არის გამოსული სასმელი წყლის მიწოდების სისტემა, აღსადგენია ელექტროენერგიის მიწოდება და ა.შ. მიწისძვრამ ასევე გაანადგურა საავადმყოფოები და გადაკეტა გზები, რის გამოც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეფერხებით მიმდინარეობს.

მიწისძვრა ჰაიტზე 14 აგვისტოს დილის 8:30 საათზე, 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ეპიცენტრი იყო სენ- ლუი- დი-სუდის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაახლოებით 12 კილომეტრში (ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში). ძალიან ახლოს იმ ადგილთან, სადაც 2010 წელს მომხდარმა 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, შაბათის მიწისძვრა გაცილებით ძლიერი და დამანგრეველი აღმოჩნდა.

Le Qué- ის საავადმყოფოს ადმინისტრატორმა, არსელიმ CNN- ს განუცხადა, რომ ის მსხვერპლთა მასობრივ ტალღას ელოდება.

”ჩვენ ვიწყებთ დახმარების მიღებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობისგან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძალიან გვჭირდება რენტგენის აპარატები და სხვა აღჭურვილობა”,- თქვა არსელიმ. სახელდახელოდ მოწყობილ საავადმყოფოში ამჟამად მიწისძვრის 500-მდე მსხვერპლი იმყოფება.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს. პოლიტიკური კრიზისი, მიწისძვრისგან გამოწვეული მდგომარეობა, კორონავირუსის შეტევა და ჰუმანიტარული კრიზისი - ქვეყანა უკიდურეს მდგომარეობაშია.

გარდა ამისა, ჰაიტიმ ძლიერ ქარს და ტროპიკული ქარიშხლისგან გამწვეულ წვიმებსაც უნდა გაუძლოს. როგორც მეტეოროლოგმა ჰეილი ბრინკმა CNN - თან განაცხადა, ამ წვიმამ შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობა და მეწყერი, რაც კიდევ უფრო ართულებს აღდგენით სამუშაოებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანახმად, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებითი, 5.2 მაგნიტუდის შემდგომი შოკი შაბათს, დილით, ეპიცენტრიდან 20 კილომეტრში მოხდა.

აშშ და სხვა ქვეყნები ჰაიტის ეხმარებიან. მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან ადგილზე ჩასვლას ცდილობენ, რათა მაშველებს შრომა შეუმსუბუქონ. USCG - ის საინფორმაციო ანგარიშის თანახმად, სამუშაოებში ჩართულია აშშ - ის სანაპირო დაცვა.

ჰაიტის ეხმარება აშშ-ის წითელი ჯვარი, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანა: ჩილე, პანამა, კოლუმბია, არგენტინა, პერუ, ეკვადორი და ვენესუელა.

მოამზადა თეონა რამაზაშვილმა