ავტორი:

საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის - რა განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის მოეწყობა და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საველე ჰოსპიტალი ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში იყოს გამოყენებული და პაციენტების მართვა ჰოსპიტალურ სექტორში დარჩეს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალის შექმნის რესურსი თბილისის გარდა სხვა რეგიონებშიც გამოინახება.

"საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. გამართულია ყველა ინვენტარი, მოწყობილობა და გაყვანილობა, რომელიც ესაჭიროება ამ საწოლებს, რომ მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5 ტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით. ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამხედრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმ ექიმებს, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება, გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებსაც აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია და პაციენტებს გაუწევენ შესაბამის მომსახურებას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ.

ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რომ საველე ჰოსპიტალი იყოს ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებული, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც პაციენტების ასევე ექიმებიდან გამომდინარე კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალების გამოყენება. ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის. 48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ცნობილია, დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში საველე ჰოსპიტლის მოწყობა მიმდინარეობს.