ავტორი:

"სანამ ის ნერგები ჩემამდე მოვიდოდა, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს შვილს ველოდებოდი..." - ეგზოტიკური ხეების მოყვარული, რომელიც უცხოეთიდან ჩამოტანილ მცენარეებს ახარებს

"სანამ ის ნერგები ჩემამდე მოვიდოდა, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს შვილს ველოდებოდი..." - ეგზოტიკური ხეების მოყვარული, რომელიც უცხოეთიდან ჩამოტანილ მცენარეებს ახარებს

ფსტა, იგივე ბუსტუღი, არაერთხელ ყოფილა ჩვენი სასაუბრო თემა. მკითხველს, ალბათ, გიორგი ალავერდაშვილის ამბავიც ახსოვს, ირანიდან ჩამოტანილი ფსტა ვარკეთილში, სახლის წინ პატარა ნაკვეთში რომ გაახარა, შემდგომ კი მისი ნაყოფით წნორში ბაღი გააშენა. მას, როგორც ეგზოტიკური ხეების მოყვარულს, ახალი გატაცება აქვს - მარწყვის ხე, რომელზეც ამჯერად უნდა გიამბოთ, მანამდე კი ფსტის ბაღის მდგომარეობაც მოვიკითხეთ.

- ის სამი ძირი, რაც ვარკეთილში, ჩემს ეზოშია დარგული, ნაყოფს მაძლევს. იმ მოსავლიდან არც ერთი მარცვალი არ შემიჭამია. მეგობრებს ვჩუქნი ან ისევ ვალბობ, ვთესავ და შემდგომ წნორში ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში ვრგავ. ძალიან ჭირვეული მცენარეა, ნამდვილი უდაბნოს პრინცესა, და მოვლის განსაკუთრებული პირობები სჭირდება. თუ რაიმე არ მოეწონა, მოიწყენს, მაგალითად, ჩრდილიც კი მოქმედებს და იღუპება. ამიტომ ყოველწლიურად ვაახლებ. ამჟამად წნორში 66 ძირი მაქვს.

- ახლა მარწყვის ხით, ანუ მადრონიოთი დაინტერესებულხართ...

- ჩემი ვაჟი ირაკლი 12 წელია მადრიდში ერთ ბანკში პროგრამისტად მუშაობს. მე, ჩემი მეუღლე და ქალიშვილი ხშირად ჩავდივართ მასთან. მადრიდის ცენტრალურ მოედანს პუერტა დელ სოლს (მზის კარიბჭე) სხვადასხვა მხრიდან რამდენიმე ქუჩა უერთდება. მას ზემოდან რომ დახედოთ, სხივებიანი მზის ფორმა აქვს. ერთხელ მოედნის შუაგულში ქანდაკება შევნიშნე, დათვი მარწყვის ხესთან დგას. ვიკითხე, რა არის ამ ქანდაკებაში განსაკუთრებული-მეთქი. აქ, სადაც ახლა მადრიდია გაშენებული, ადრე მარწყვის ხეების ტყე იყოო, მიპასუხეს. სხვათა შორის, მარწყვის ხეზე ატოტებული დათვი მადრიდის გერბზეა გამოსახული. მოკლედ, ასე გავიგე ამ ხის არსებობის შესახებ. საქართველოში რომ დავბრუნდი, სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრის როლანდ ხოჯანაშვილის გვერდზე სტატუსი წავიკითხე - პირველი ნაყოფი მარწყვის ხისაგან და იქვე იყო ფოტო - ორი უცნაური ფორმის ნაყოფი და იმწუთას გონებაში ის ქანდაკება წამოტივტივდა. დავუკავშირდი როლანდს და როგორც მითხრა, ყვარელში, სოფელ ახალსოფელში ქალბატონ ცირა გაგნიძეს ეს ხე ჰქონია გაშენებული. მოკლედ, ქალბატონმა ცირამ 10 ძირი მარწყვის ხის ნერგი მაჩუქა. სანამ ის ნერგები ჩემამდე მოვიდოდა, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ჩემს შვილს ველოდებოდი, რადგანაც ეს ხე ჩვენს მადრიდულ მოგზაურობებსა და შვილს მაგონებს.

ნერგები ჩემს მამულში, ქიზიყში ჩავიტანე. ორი ცალი ცოტა სუსტი იყო. ამიტომ 8 ძირი დავრგე, ის ორი კი მიწაზე დავაწყვე. 2 კვირის შემდეგ რომ ჩავედი, გაკვირტული დამხვდა. რა თქმა უნდა, ისინიც დავრგე. მას მერე საკარმიდამო ნაკვეთს წნორში პატარა მადრიდი დავარქვი, სულ მადრონიოებია დარგული.

- რა მანძილზე უნდა დაირგას მადრონიოს ბაღში ხეები?

- სამი-ოთხი მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული. მე ჯერ თითო მეტრზე დავრგე, გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გადავანაწილებ, რომ მეტად გაშლის საშუალება ჰქონდეთ.

- მის ნაყოფზე რას იტყვით?

- ზოგმა მითხრა, ჟოლოს გემო აქვს, ზოგმა თუთისო, ზოგმა, გემო საერთოდ არა აქვსო. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, ამ მცენარის გაშენებით პატარა მადრიდი მაქვს წნორში. მარწყვის ხის მოვლა ადვილია, ოღონდ წყალი არ უნდა მოაკლდეს. შეწამვლა და გასხვლაც უნდა, მით უმეტეს, როცა ახალ ტოტებს გამოიტანს, ხეს მიმართულება ხომ უნდა მისცე. სხვა მხრივ პრობლემა არა აქვს, იმდენად სიცოცხლისუნარიანია.

- ჯერ ირანი, ახლა ესპანეთი - ამ ქვეყნების მცენარეებმა თქვენს ბაღში ნელ-ნელა ბინა დაიდო. კიდევ რის დარგვას აპირებთ?

- ირაკლიმ ისტორიულ ქალაქ ტოლედოშიც წამიყვანა, კოშკებითა და გალავნებითაა შემორტყმული. იქ ერთგან ასეთი წარწერა ამოვიკითხეთ: "საცხობი-მაღაზია-მუზეუმი", სადაც მასაპანი, ნუშის ფქვილისგან დამზადებული პური იყიდებოდა. ერთ წელს პურის მარცვლის საშინელი მოუსავლიანობა ყოფილა და დიდი შიმშილობაც. იმ დროს ერთ გლეხს, რომელსაც ნუშის ბაღები ჰქონია, აზრად მოსვლია, დაეფქვა ნუში და მისგან გამოეცხო პური, რამაც გაამართლა - ნუშის პური მალე პოპულარული გამხდარა. ასე რომ, ტოლედოში ახლა თან საცხობია, თან ყიდიან და თან საინტერესო მუზეუმია, ნუშის ფქვილისგან გამომცხვარი ნაკეთობების ხილვა გაოცებს. მოკლედ, მეგობარს რამდენიმე ჰექტარზე ნუში აქვს გაშენებული. უნდა შევთავაზო, მოსავალს რომ აიღებს, დავფქვათ და პური ნუშის ფქვილისგან ჩვენც გამოვაცხოთ. საინტერესოა, რა გამოგვივა.

ისე, წნორში ჩემი ხელით გაშენებული ბოსტანი მაქვს, სადაც 40 ძირი პამიდორია დარგული, არის ბადრიჯანი, წიწაკა, მწვანილი... შენს მოყვანილს არაფერი სჯობს. სამწუხაროდ, გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებს. ბევრგან მიწა დასამუშავებელია. გაზარმაცდა ადამიანი, მუშაობა არავის უნდა, არადა, იმდენი მაინც ხომ უნდა მოიყვანო, რომ შენი და შენი ოჯახის გამოკვება შეძლო.