"რუსეთის ხელისუფლება იზიარებს შეშფოთებას საქართველოსთან ორმხრივად არსებულ მდგომარეობაზე და მათი გაუმჯობესების მოწოდებას ეთანხმება", - ამის შესახებ სააგენტო "ტასს“ კრემლის პრესსამსახურში განუცხადეს, სადაც კომენტარი გააკეთეს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წერილზე, რომელიც პარტიამ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მისწერა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში დახმარების თხოვნით.
"ვიზიარებთ წერილში გამოთქმულ შეშფოთებას არსებულ ორმხრივ კავშირთან დაკავშირებით და ამ კავშირების გაუმჯობესების შესახებ მოწოდებას. რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების მხარდაჭერისთვის. როგორც ცნობილია, ჩვენ არ ვყოფილვართ მათი გაწყვეტის ინიციატორები“ - განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.
კრემლში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართვას პრეზიდენტისადმი აშკარა დადასტურება უწოდეს იმისა, რომ "რუსოფობებისა და რადიკალების ყველა მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არსებობენ ჯანსაღად მოაზროვნე ძალები, რომლებსაც სურთ ორ სახელმწიფოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა“.
როგორც კრემლის პრესსამსახურში აღნიშნეს, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი გრძელდება, მათ შორის, ჟენევის დისკუსიის ფორმატში და ორმხრივ დონეზე, კარასინი-აბაშიძის არაფორმალური დიალოგის გამოყენებით.
"ამის დამსახურებით მიღწეულია ზოგიერთი შედეგი სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - განაცხადეს კრემლში.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.
წერილში ირმა ინაშვილი რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის განწყობა, თუმცა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან მიმართებაში მხოლოდ ილუზიას ქმნის.