პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე ხვალინდელ კოვიდსაბჭოზე იმსჯელებენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე გაიმართება.
"წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. ხვალ, 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ხვალ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები არ იგეგმება.
“შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე ხვალ რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არი პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა... ძალიან გთხოვთ ხვალამდე მოგვეცით დრო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი შეფასებით, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ამ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორი მართავს.
"ამჟამად სიტუაციას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება და მართავს. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება. სიტუაცია კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს და შევამსუბუქოთ ჯანდაცვის სექტორისთვის მუშაობა, გვინდა, რომ გარკვეული რეგულაციები და რეკომენდაციები ხვალისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.