ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მსახიობ გიორგი ყიფშიძის მიერ გამოთქმულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოსაზრებას, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რას ფიქრობს გიორგი ვაქცინაციაზე და როგორ ისვენებს ამ ზაფხულს, გიორგი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:
- გიორგი, როგორია შენი პანდემიური ზაფხული?
- რაღაცები შეიცვალა ჩემი ცხოვრების კალენდარში. ბავშვები პატარა ოთახებში არ მყავს გამოკეტილი. თბილისთან ახლოს სახლი ვიქირავე, ულამაზესი ეზოთი. მართალია, ევროპულად არ არის მორთული, მაგრამ ისეთი სამას წლიანი ხეები დგას, რომ შეიძლება გული გაგისკდეს, თავისი ენერგეტიკით გვიცავს. ეზოში ნათურები დავკიდეთ, ბევრი სათმაშო დავყარეთ, ჰამაკები და საქანელები გვაქვს,ძირს გაფენილია რაღაცები, გორაობენ ბავშვები, ვწუწაობთ, მუსიკები გვაქვს ჩართული და ვერთობით. ჩვენი პატარა სამყარო გვაქვს შექმნილი და კარგად გრძნობენ თავს. თან თბილისში ვარ, თან არ ვარ თბილისში. ნატალია ახლაც ჩემთანაა, ცოლი ორი წლით უფროსია ჩემ შვილზე და ძალიან მახარებს, დაქალობენ.
რა უცნაურია და კრისტი და ენი ძალიან მეგობრობენ, მე ჩართული არ ვარ, ცალკე მეგობრობა აქვთ, ესეც ძალიან ასწორებს. რა გენი აქვს ჩემ ცოლს, ორივეს ვიზუალი წამართვა, მეორე ბავშვი შავგვრემანი დაიბადა და ვიფიქრე, ეს დამემსგავსება მეთქი და ესეც დედისკენ წავიდა. ნატალია მგავს მხოლოდ, ერთი ეგ შავტუხა დამემსგავსა, მაგრამ უფროსი ბიჭი ხასიათით ძალიან მგავს და ძალიან ეჭვიანობს ჩემს ორ პატარა ბავშვზე, გამომიცხადა : - მე ხომ გყავარ და რად გინდა ეს ბავშვები, მე ვიქნებოდი მთელი ცხოვრება შენი შვილი და შენ სხვები გინდა, ხოდა მიხედე მაგათო... ჩემთან არ მოდის და ტელეფონითაც არ მელაპარაკება. თეატრში საერთოდ არაფერი ხდება, ისეთი სუნი მცემს, რომ შეიძლება ითქვას, პროფესია დავკარგეთ. სამაგიეროდ, ფილმის გადაღება მაქვს. ბოშის როლს ვთამაშობ, დათო დარჩია თამაშობს ბოშათა ბარონის როლს, ტაჯიკი და რუსი მსახიობები ჩამოდიან და ძალიან მახარებს ამ პანდემიის დროს რომ რაღაც დაიძრა. გურიაში ვიღებთ და ერთი ბავშვი მიმყავს, მეორეს დედასთან ვტოვებ. პანდემიის პერიოდი ძალიან კარგად მოვირგე, ბავშვები "ვაკეთე" და ვზრდი. კარგად დავამთხვიე, რომ არ გავგიჟებულიყავი.
- ბავშვებმა შეცვალეს შენი ცხოვრება?
- მე ხომ ყველა ასაკში მამა ვხდები, მეოთხეჯერ გავხდი და ეს ჩემთვის არც პირველია და არც უკანასკნელია. ამ ბოლო ორი ბავშვის გაჩენამ ჩემი გარდასახვა მოახდინა, რასაც "დიდი გიორგის რეკონსტრუქცია“ დავარქვი. ჯანმრთელობის ფასი ვისწავლე, ყველაფერი შეიცვალა ჩემში, ისე რომ წინა გიორგის ნატამალი არ დარჩა. ეს ყველაფერი ჩემმა მეუღლემ განაპირობა, ჩემი ცხოვრების მწყობრში მომყვანი ეს გოგოა. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ასაკის ამხელა სხვაობისა, შესაძლებელია, რომ ადამიანმა ასე კარგად გაგიგოს, ასე გამოიწვიოს რაღაცები, ძალიან კარგად მოვერგეთ ერთმანეთს, ერთმანეთს სწორი კუთხეებით ვავსებთ და სწორ მუხტებს ვაძლევთ მომავლისთვის.
- როგორი იყო ძველი გიორგი?
- ის ძველი გიორგი საერთოდ არ მომწონს, რაზე ფიქრობდა არ ვიცი, სულ დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამდა და ბევრს ერთობოდა, არაფერი არ მომწონს, ნერვები მეშლება ჩემს თავზე, არაფერში ვეთანხმები, ღმერთო ჩემო, რატომ არავინ მეუბნებოდა - რა გჭირს? მანამდე ყოველთვის რაღაცნაირი დაუგეგმავი ზაფხულები მქონდა - დაუგეგმავი და თავზეხელარებული, წავიდოდი და როგორ მთავრდებოდა, კაცმა არ იცის.
- როგორც თქვი, ჯანმრთელობის ფასი ისწავლე, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ გინდა, რატომ?
- ვაქცინას არ ვიკეთებ, მეშინია ასეთი რაღაცებს, სხვა სუნი მცემს, არ მომწონს სიტუაცია და არაფერში ვერევი, მირჩევნია გავერიდო და ერთმანეთს ისე მივხედოთ, სხვანაირად. გადამარწმუნონ და გავიკეთებ ვაქცინას. ფილმის სცენარივით მიდის, "ზომბი აპოკალიფსს" ჰგავს ყველაფერი, რასაც ფილმებში ვხედავ, ყველაფერი მართლდება. ამდენი არ უსაუბრიათ არასდროს, ამდენი აგიტაცია - პროპაგანდა არ ყოფილა არცერთ ვაქცინაზე. საჭირო არ არის ყველამ გაიკეთოს, მოხუცები არ ვართ და ბავშვებს რატომ უკეთებენ, არ ვიცი. მე ვერ ვხედავ აუცილებლობას ავიცრა, არ შველის და რად მინდა, ვერ გავიგე. ვერ არიან ესენი, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, "ბალნოი ბაზარია" და არ მომწონს, მირჩევნია თავი შევიკავოთ, ჩემით მივხედავ ჩემს ბავშვებს, არ სჭირდება ამას პანიკა და ისტერიკა. "ხელები დავიბანოთ სახლში რომ მივალთ" - რად მინდა ამის სწავლება. მეშინია ვაქცინის, მაგრამ ბევრი ლაპარაკიც არ მინდა, "ზემოთ" მყოფი ტიპების უფრო მეშინია, არ მინდა, ამ მექანიზმზე ბევრი ვისაუბრო, უცებ აგური არ დამეცეს, არ გამანადგურონ...
- კოვიდის არ გეშინია?
- ჩემი და დისშვილი დაინფიცირდნენ, მაგრამ კარგად გადაიტანეს, სახლშიც არავის გადაგვედო. ძალიან საშიში არ არის, მე აცრილზე უფრო ცუდი გავიგე, ისეთი რაღაცები ემართებათ, ზოგი ბავშვს ვერ გააჩენს... გრიპია რა, ჩვეულებრივი... უფრო ისტერიას ჰგავს. რომ არ ავიცრები, მემგონი ჩაკეტვა მომიწევს, ბევრი კარტოფილი და პროდუქტი უნდა ვიყიდო, რომ გავძლო ოჯახთან ერთად, მაღალი კედელი ავაშენოთ და ვიყოთ. მაპატიეთ შვილებო, გიჟების ქვეყანაში რომ გაგაჩინეთ...
ავტორი: ხათუნა კორთხონჯია